ლონდონი

თბილისი და ლონდონი ურთიერთობების შესახებ შეთანხმებას Brexit-ის შემდგომ გააფორმებენ

52
(განახლებულია 17:21 20.10.2019)
დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრას ქართულ დიასპორასთან გამართავს

თბილისი, 20 ოქტომბერი -  Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2021 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთს ეწვევა, იუწყება პირველი არხი.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“, რომელიც ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდგომ ამოქმედდება.

ტელეარხის ინფორმაციით, Brexit-ის შემდეგ დოკუმენტი ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი ურთიერთობებში. დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან გაფორმებული ეს შეთანხმება გახლავთ რეგიონში პირველი შეთანხმება, რომელსაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ აამოქმედებს“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება ზალკალიანის შეხვედრები გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან კრისტოფერ პინჩერთან.

ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანი ასევე ეწვევა ლონდონში საქართველოს საელჩოს და დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალ შენობას დაათვალიერებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ საკუთრებაში შეისყიდა. მინისტრი ასევე დიდ ბრიტანეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

52
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (144)