„მხოლოდ მივესალმებით" – თურნავა რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენაზე

გამოწერა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა „როსავიაციის" გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ქართული მხარე მხოლოდ მიესალმება, თუ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას გადაწყვეტს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პრესკონფერენციაზე.

რუსეთიდან პირდაპირი რეისები კვლავ აკრძალულია – S7-სთვის ფრენის დაშვება არაფერს ნიშნავს>>

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიაფრენები 8 ივლისიდან შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამგვარი გადაწყვეტილება თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.

„თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, თუ რუსეთის ოფიციალური წრეები გადახედავენ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღდგება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის", – განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრმა ასევე გააკეთა კომენტარი ავიაკომპანია „სიბირისთვის" (S7) მოსკოვსა და ქუთაისს შორის პირდაპირი რეისების შესრულების უფლების მინიჭებაზე. ბრძანება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

აეროპორტი - Sputnik საქართველო
„როსავიაციის" უეცარი გადაწყვეტილება: S7-მა საქართველოში ყოველდღიურ ფრენებზე ნებართვა მიიღო

„ეს ჯერჯერობით არ ნიშნავს ფრენების აღდგენას. ამისთვის არსებობს მთელი რიგი ფორმალური პროცედურები და ჩვენს საჰაერო ადმინისტრაციას არ მიუღია რაიმე სახის შეტყობინება, რომ ფრენები აღდგენილია. აქედან გამომდინარე, ვერ დავადასტურებ, რომ ეს არის ფრენების აღდგენა, მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენ მივესალმებით, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული", – აღნიშნა თურნავამ.

თავისი ბრძანება გუშინ „როსავიაციამ" განმარტა: S7-სთვის კვირაში შვიდი რეისის შესრულების ნებართვა ნიშნავს მხოლოდ ავიაკომპანიის უფლებას, განახორციელოს ფრენები საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში.

ყველა ახალი ამბავი
0