დავით ზალკალიანი და ზოჰრაბ მნაცაკიანი

რაზე შეთანხმდნენ საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები

90
(განახლებულია 19:26 16.10.2019)
საქართველოსა და სომხეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება სურთ.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ერევანში თავის სომეხ კოლეგას ზოჰრაბ მნაცაკანიანს შეხვდა, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

მთავარმა დიპლომატებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებს, თანამშრომლობის განვითარებას ტურიზმის სფეროში. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისთვის აქტიური მუშაობის მზადყოფნა გამოთქვეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანში მთავრობის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

90
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (206)
არჩევნები

გახარია: საქართველო მზად არის მიიღოს დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა არჩევნებზე

49
(განახლებულია 20:06 27.05.2020)
პრემიერის თქმით, არჩევნების ჩატარებას ხელს ვერაფერი შეუშლის, გარდა კორონავირუსის გლობალური აფეთქებისა

თბილისი,28 მაისი - Sputnik. საქართველო მზად არის უზრუნველყოს დამკვირვებლების დიდი რაოდენობა შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, კორონავირუსის გავრცელების რისკების მიუხედავად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„მერწმუნეთ, რომ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე იქნება ყველაზე მეტი დამკვირვებელი. უბრალოდ, დარწმუნებული ვარ ამაში და ამისთვის ჩვენც გავაკეთებთ მაქსიმუმს“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ყველაფერს, რაც პანდემიის პირობებში იქნება საჭირო - ეპიდემიოლოგიური ტესტები, სოციალური დისტანციის დაცვა, ტრანსპორტირება და სხვა - ხელისუფლება უზრუნველყოფს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყანაში ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია იწყება აგვისტოს ბოლოს - არჩევნებამდე 60 დღით ადრე. 150 დეპუტატს ირჩევენ პარლამენტი შერეული სისტემის მიხედვით: ნაწილს პარტიული სიებით, ნაწილს -მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვების შედეგად.

ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში, საქართველოში, სავარაუდოდ, მიიღებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებმაც ზუსტად უნდა განსაზღვრონ დეპუტატთა რაოდენობა ერთმანდატიან ოლქებში - 73 თუ 30.

49
თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
გიორგი გახარია

გახარიამ პარლამენტს ანგარიში წარუდგინა

53
(განახლებულია 19:50 27.05.2020)
ორი თვე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, მოსახლეობის დახმარება და მომავლის პერსპექტივები - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტს ანგარიში წარუდგინა

საქართველო წლის დასაწყისიდან კორონავირუსის პანდემიის პირობებში ცხოვრობს. COVID-19-ის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს გამოვლინდა. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 735-ს მიაღწია, რომელთაგან 557 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. დაავადების პიკი აპრილის ბოლოს დაფიქსირდა.

გახარია: საქართველო ინფექციის გავრცელების ახალი ტალღისთვის მზად უნდა იყოს >>

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი საქართველოში 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება.

რატომ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა?

საქართველოს ხელისუფლება იძულებული იყო მკაცრი შეზღუდვები დაეწესებინა, რათა არ დაეშვა მოქალაქეთა მასობრივი დაინფიცირება, აღნიშნა პრემიერმა.

„დღეს საქართველოში 297 სტაციონარია 17 514 საწოლით, თუ არ ჩავთვლით სპეციალური დანიშნულების სტაციონარებს, რჩება დაახლოებით 10 ათასი საწოლი, ამასთან აქედან 2 290 საწოლი არის ინტენსიური თერაპიის, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატით - 1 749 საწოლი. გარდა ამისა, ჩვენ ქვეყანაში გვყავს 448 რეანიმატოლოგი, რომელთაც ერთდროულად შეუძლიათ მოემსახურონ მხოლოდ 1 200 პაციენტს, ინფექციონისტი საქართველოში 256-ია, რომელთაც დღეში 853 პაციენტის მომსახურება შეუძლიათ“, - აღნიშნა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ოთხ თვეში ჯანდაცვის სისტემა სერიოზულად გაიზარდა.

„თუ შევადარებთ, რა მდგომარეობაში იყო ჯანდაცვის სისტემა იანვარში, როდესაც ეპიდემიის პირველი რისკები გამოჩნდა, და რა მდგომარეობაშია დღეს - ეს ცა და დედამიწაა. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემას შეუძლია რამდენიმე ასეული ინფიცირებულის მართვა“, - განაცხადა გახარიამ.

საგანგებო მდგომარეობის შედეგები და მოსახლეობის დახმარება

პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, კორონავირუსმა ქვეყანას სერიოზული ზიანი მიაყენა.

„ეს არ არის კრიზისი საქართველოში, ეს არ არის კრიზისი რეგიონში, ესაა გლობალური კრიზისი და ის არ დასრულებულა... არავინ იცის, როდის დასრულდება“, - განაცხადა გახარიამ.

ამავდროულად პრემიერმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის დახმარება პირდაპირაა დამოკიდებული ეკონომიკაზე და ქვეყნის ბიუჯეტზე.

„საქართველო ვერ გამოყოფს დამატებით სახსრებს დახმარებისთვის, თუ ის არ იქნება დაბალანსებული და ეს დაბალანსებული ბიუჯეტი არ იქნება შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორებთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. შემიძლია ვთქვა, რომ ყოველ ოჯახს უნდა გამოვუყოთ 10-10 ათასი ლარი, მაგრამ დახმარებას უნდა ჰქონდეს არგუმენტაცია. შესაბამისად, ჩვენ გამოვაცხადეთ დახმარების შესახებ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დავთვალეთ, გავიაზრეთ და ვიცოდით, საით მივდიოდით“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ დახმარება მინიმალურია, მაგრამ ხელისუფლება ორიენტირებული უნდა იყოს მომავალზე.

„ეს არის ჩვენი სოციალური დახმარება მოქალაქეებისთვის და სავსებით გააზრებულად არის განაწილებული ექვს თვეზე. მესმის, რომ ეს არასაკმარისია, მაგრამ ესაა მინიმუმი, რათა მათ ჰქონდეთ დახმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - განაცხადა გახარიამ.

ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღესდღეობით კორონავირუსი ქვეყანაში მთლიანად კონტროლდება.

„დღეს ოფიციალურად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ახალი ქეისები (დაავადების შემთხვევები, - რედ.) ფიქსირდება საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ზონებში - ესაა საკარანტინო ზონები, ცნობილი კლასტერები, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის გავრცელება და მისი სისწრაფე მთლიანად კონტროლდება“, - აღნიშნა გახარიამ.

პრემიერმა აქვე დასძინა, რომ საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპაში ყველაზე დაბალია - 0,3% 100 ათას ადამიანზე.

„ქვეყანაში ინფექციის განვითარების მიხედვით 143-ე ადგილზე ვართ. ეს სიამაყის საფუძველი არ არის და არც მხოლოდ მთავრობის დამსახურებაა, არამედ ბიზნესისა და საზოგადოებისა, პირველ რიგში. მაგრამ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვაკონტროლოთ პანდემია და თანდათანობით გავხსნათ ეკონომიკა“, - აღნიშნა გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კრიზისი - ეს არის შანსი თითოეულისთვის საქართველოში.

„დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო, მოქალაქეები, ბიზნესი, კომპანიები შეძლებენ ამ კრიზისის, როგორც შესაძლებლობის გამოყენებას. სინამდვილეში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მენეჯმენტის სწრაფი და პროაქტიური ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით“, - აღნიშნა გახარიამ. 

მისი თქმით, საქართველომ ზაფხულში უნდა გააძლიეროს მედიცინის სფერო, გააფართოოს ლაბორატორიების ქსელი, გააძლიეროს სამშენებლო და ფინანსური სექტორი.

53
თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე:  ჯარიმების მთლიანად ჩამოწერა ალბათ მიუღებელი იქნება

0
(განახლებულია 11:26 28.05.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს გამოწერილი ჯარიმების საერთო მოცულობამ 25 მილიონ ლარს გადააჭარბა.

თბილისი, 28 მაისი - Sputnik. ჯარიმების მთლიანად ჩამოწერა მიუღებელია, რადგან  ეს არ არის პირველი და უკანასკნელი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ  საგანგებო მდგომარეობის დროს მოსახლეობის ჯარიმების ჩამოწერის საკითხთან დაკავშირებით. 

საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც საქართველოში 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა, 7 777 ჯარიმა გამოიწერა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის შეადგენდა 3 ათას ლარს, იურიდიული პირებისთვის – 15 ათას ლარს.
გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს გამოწერილი ჯარიმების საერთო მოცულობამ 25 მილიონ ლარს გადააჭარბა.

კობახიძის განმარტებით, ჯარიმების ჩამოწერის საკითხზე აუცილებელია მსჯელობა, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც მოსახლეობის ინტერესები, ასევე ისიც, რომ მომავალში საგანგებო მდგომარეობა იყოს სწორად მართული.

„შეზღუდვების რეალიზების აუცილებელი პირობა ჯარიმებია, ამიტომაც თუ საზოგადოებას ეცოდინება, რომ  სანქციები არაფერს ნიშნავს და მათი ჩამოწერა შეიძლება ერთი ხელის მოსმით მოხდეს, პრევენციული თვალსაზრისით ეს, რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ ასევე გვესმის, რომ ეს ჯარიმები ჩვენი მოქალაქეებისთვის მძიმე ტვირთია, ამიტომაც საკითხი სიღრმისეულ მსჯელობას საჭიროებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე. 

ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“   პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეებისთვის 3000-ლარიანი ჯარიმების ჩამოწერას ითვალისწინებს.

მმართველ გუნდში კი აღნიშნავენ, რომ ჯარიმების პრობლემა ყველაზე არაპოპულარულია, თუმცა,  პრობლემის განხილვა საინტერესო იქნება.

„ოპოზიცია ითხოვს ზუსტად არჩევნების წინ ამ დავალიანებების ჩამოწერას. თუმცა, ჩვენ ვიმსჯელებთ არა იქიდან გამომდინარე, თუ როდის ტარდება არჩევნები, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ რა არის საჭირო მომავალში საგანგებო მდგომარეობის  სწორად მართვისთვის“, – აღნიშნა  კობახიძემ.

საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს სხვადასხვა ადმინისტრაციული დარღვევისთვის დაჯარიმდნენ, 23 მაისიდან ყველა ჯარიმა და საურავი უნდა გადაიხადონ.

საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც საქართველოში 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა, ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გადაიდო.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში