გიორგი გახარია

„გავცდით რეგიონის საზღვრებს" პრემიერი აზერბაიჯანთან თანამშრომლობის შესახებ

113
(განახლებულია 17:28 10.10.2019)
ნოემბრის პირველ ნახევარში, ბოლო ათი წლის მანძილზე პირველად, ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართება.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანთან ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რამაც რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისა და სტაბილურობის კუთხით საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა.

გახარია ოთხშაბათს აზერბაიჯანს ეწვია, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა შეხვედრა.

„არ იყო შემთხვევითი, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველი ვიზიტი ჩაგვეტარებინა სწორედ აზერბაიჯანში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გასცდა არა მხოლოდ ორმხრივ განზომილებას, არამედ რეგიონულსაც და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს ეფექტური, შედეგიანი და გამომდინარეობდეს ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან“, – განაცხადა გახარიამ.

მისი განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ენერგომატარებლების, ტრანსპორტის, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს.

გახარიამ აღნიშნა, რომ მხარეებმა დაგეგმეს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ. ნოემბრის პირველ ნახევარში, ბოლო ათი წლის მანძილზე პირველად, ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართება.

ეს, საქართველოს პრემიერის სიტყვებით, უნდა გახდეს „ფუნდამენტი და ეფექტური ინსტრუმენტი ჩვენი ურთიერთობების დახვეწის და ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის".

საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთის გაზის დერეფანი და ა.შ.

113
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (237)
ბელარუსის საელჩო საქართველოში

პირველად ისტორიაში: ბელარუსელები პრეზიდენტს საქართველოში ირჩევენ

385
(განახლებულია 14:37 09.08.2020)
საქართველოში მყოფ ბელარუსის მოქალაქეებს პირველად აქვს შესაძლებლობა, აქედან მიიღონ მონაწილეობა თავისი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში

 

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ბელარუსის მოქალაქეებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, საქართველოს ტერიტორიაზე მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ ჩვენს ქვეყანაში ბელარუსის საელჩოს წარმომადგენელმა. 

საარჩევნო უბანი განთავსებულია საელჩოს შენობაში მისამართზე: კრწანისის ქუჩა №18. ხმის მიცემა დილის რვა საათზე დაიწყო და საღამოს 20:00 საათამდე გასტანს.

„ჩვენი საელჩო საქართველოში 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ასე რომ არჩევნებს აქ პირველად ვატარებთ“, — განმარტეს საელჩოში.

ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველმა კირილ გრიგორიევმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა სიები კიდევ ერთხელ დაზუსტდა, ვინაიდან საქართველოში მყოფმა ბელარუსის მოქალაქეებმა თავად მიმართეს საელჩოს თხოვნით, შეეყვანათ სიაში, რათა ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონოდათ.

საარჩევნო ბიულეტენში პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატია შეყვანილი: ალექსანდრ ლუკაშენკო (მოქმედი პრეზიდენტი), სვეტლანა ტიხანოვსკაია, ანდრეი დმიტრიევი, სერგეი ჩერეჩნი და ანა კანოპაცკაია. გარდა ამისა, ბიულეტენში არის გრაფა „ყველას წინააღმდეგ“.

როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი 5 წლის ვადით ირჩევა. შესაბამისად, მომდევნო არჩევნები უკვე 2025 წელს უნდა გაიმართოს.

385
თემები:
მსოფლიო დღეს
არჩევნები ბელარუსში

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

304
საქართველოში ბელარუსის მოქალაქეები საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ქვეყნის საელჩოს შენობაში შეძლებენ.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, იუწყება „Sputnik ბელარუსი“.

9 აგვისტოს ძირითადი კენჭისყრა მიმდინარეობს. ამასთან, 4 აგვისტოდან მოქალაქეებს შეეძლოთ ხმა ვადაზე ადრე მიეცათ. ცესკოს ბოლო მონაცემებით (07.08.2020), ამომრჩევლის აქტივობამ 32,24% შეადგინა.

9 აგვისტოს საარჩევნო უბნები 08:00 საათიდან გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ხმების დათვლის პროცესი დაიწყება. 

საარჩევნო კამპანიის პერიოდში 5767 საარჩევნო უბანი შეიქმნა, მათგან 44 უცხოეთში, რომლებიც 36 ქვეყანაში ბელარუსის საელჩოებსა და გენერალურ საკონსულოებში მუშაობენ.

არჩევნების სავარაუდო შედეგები 10 აგვისტოს დილით გახდება ცნობილი.

არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს: ალექსანდრ ლუკაშენკო – მოქმედი პრეზიდენტი, კენჭს იყრის მეექვსედ, ასევე ანა კანოპაცკაია, ანდრეი დმიტრიევი, სერგეი ჩერეჩენი, სვეტლანა ტიხანოვსკაია.

საქართველოში ბელარუსის მოქალაქეები საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ქვეყნის საელჩოს შენობაში შეძლებენ.

304
ლაბორატორია

კორონავირუსი საქართველოში: დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების ნახტომისებრი ზრდა

0
(განახლებულია 10:01 10.08.2020)
გამოჯანმრთელდა 1010 ადამიანი, გარდაიცვალა – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 242 პაციენტია.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 25–ით გაიზარდა და 1250-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1010 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 242 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში