დავით-გარეჯი

გახარიამ აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა: დავით-გარეჯთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა

131
(განახლებულია 16:46 10.10.2019)
პრემიერის განცხადებით, პატრიოტიზმი არ გულისხმობს ფსევდოპატრიოტულ გამოხდომებს, გამოთქმებსა და დაუფიქრებელ ნაბიჯებს.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომა აზერბაიჯანში ვიზიტის შეფასებით დაიწყო, რომლის ფარგლებში დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული საკითხიც განიხილეს.

გახარიამ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში განახორციელა. ბაქოში მან შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართა.

„ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და, როგორც შედეგი, შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და, შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი", – განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, საქართველომ და აზერბაიჯანმა ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაჭრან საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების საკითხი. ერთ-ერთ მონაკვეთზე მდებარეობს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ქედის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, კომპლექსის ნაწილი, კერძოდ, უდაბნოს და ჩიჩხიტურის ქართული მონასტრები მდებარეობს.

მრავალი წლები ამ ტერიტორიაზე სტატუს-კვო იყო შენარჩუნებული – სამღვდელოება, მომლოცველები და ტურისტები თავისუფლად მოილოცებდნენ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებში, თუმცა, აპრილის ბოლოს ვითარება დაიძაბა. აზერბაიჯანული მხარე პერიოდულად კრძალავდა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე წვდომას, ქართველმა აქტივისტებმა კი, თავის მხრივ, არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს პრობლემა ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ეკლესიისა და ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს", – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებს მოქმედებისას და განცხადებების გაკეთებისას დიდი პასუხისმგებლობისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ გულისხმობს ფსევდოპატრიოტულ გამოხდომებს, გამოთქმებსა და დაუფიქრებელ ნაბიჯებს", – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

131
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (42)
ნინო ბურჯანაძე

დამოუკიდებლად - ცესკომ ბურჯანაძის პარტია ცალკე სუბიექტად დაარეგისტრირა

61
ნინო ბურჯანაძემ განმარტა, რატომ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია, როგორც ცალკეული სუბიექტი

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა საქართველომ“ ცესკოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეიტანა დამოუკიდებელი სუბიექტის სახით - „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო“ - ის არ გეგმავს რომელიმე ბლოკში გაერთიანებას, განუცხადა Sputnik-საქართველოს პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 31 ოქტომბერს ჩატარდება. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, არჩევნები ახალი სისტემით - 120/30 - გაიმართება.

მაჟორიტარული ოლქები 2020 წელს შენარჩუნდება, მაგრამ 73-ის ნაცვლად 30 ოლქი იქნება. ეს მთლად ის არ არის, რისთვისაც გაერთიანდა 30 ოპოზიციური პარტია, რომელიც მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვდა. მაგრამ საბოლოო ჯამში აღნიშნულმა სიახლემ ყველა მხარე დააკმაყოფილა.

 „ჩვენ რომ დამოუკიდებლად ვიყრით კენჭს, ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. თავიდანვე ვამბობდით, რომ დამოუკიდებელი კამპანიის წარმოებას ვგეგმავდით. ეს გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ ცოტა თუ იზიარებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში იმ პრინციპებსა და ხედვებს, რომლებიც ჩვენს პარტიას გააჩნია. მეორეც - უფრო მკაფიოდ იქნება წარმოდგენილი ჩვენი პოზიცია, თუ დამოუკიდებელი სუბიექტის სახით გამოვალთ“, - განუცხადა ნინო ბურჯანაძემ Sputnik-საქართველოს.

რატომ არა საერთო პარტიული სიით

იდეა, რომ საქართველოს გაერთიანებულ ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ბლოკით საერთო პარტიული სიით მიეღო მონაწილეობა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. ბურჯანაძეს ამ ინიციატივაზე უკიდურესად მძაფრი რეაქცია ჰქონდა და მან განაცხადა, რომ იდეა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას ემსახურებოდა, რასაც იგი არ დაუშვებდა.

„ერთიანი სიის იდეა ეკუთვნოდა სააკაშვილს, რომელიც ვერაფრით ვერ დამშვიდდა და ვერ დაკავდა თავისი საქმით უკრაინაში. ასე რომ, ბუნებრივია, ჩვენთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მე და ჩემი პარტია არასოდეს ვიქნებით ერთიან სიაში, რომელსაც წარმოადგენს სააკაშვილი. თქვენთვის ცნობილია ჩვენი ურთიერთობის ისტორია და ჩემი შეხედულება  საქართველოსთვის ზიანის მომტან მის პოლიტიკურ ფიგურაზე“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია - კოალიცია არ არის

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები გაერთიანდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების გასატარებლად და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, ამბობს ბურჯანაძე და აღნიშნავს, რომ ეს არის თავისებური თემატური ერთობა და არა ერთიანი ბლოკი ან სუბიექტი.

„ოპოზიციური მაგიდის ყველა სუბიექტი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან არა მხოლოდ ფასეულობებით და პრინციპებით. პოლიტიკურ ლიდერებსა და პარტიებს შორის საკმაოდ რთული ურთიერთობებია. მაგრამ აქ მთავარი, რასაკვირველია, არის განსხვავებული პრინციპები, შეხედულებები და ფასეულობები“, - ხაზი გაუსვა ბურჯანაძემ.

პოლიტიკოსის მტკიცებით, ოპოზიციის ლიდერები გააგრძელებენ თანამშრომლობას მნიშვნელოვანი მიზნისთვის - არ დაუშვან არჩევნების გაყალბება. ამისათვის ოპოზიცია გეგმავს ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ხმებს დაიცავს.

რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, ბურჯანაძის პარტიას გადაწყვეტილი აქვს, არ წამოაყენოს კანდიდატები თბილისში და ძალები რეგიონებში მოსინჯოს.

61
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ოპერატორები და ტელეკამერები

სიცარიელეების შევსება - მედია და ოპოზიცია ახალ კანონპროექტს „წარმოუდგენელს“ უწოდებენ

44
(განახლებულია 22:56 08.07.2020)
საქართველოს პარლამენტში ინიცირებულმა კანონპროექტმა როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის მკვეთრად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი მომდევნო კვირას რიგგარეშე სესიაზე განიხილავს ცვლილებებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში.

როგორც საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, ინიციატორების - მთავრობის ადმინისტრაციისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის - თხოვნით, პროექტების განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება.

ოპოზიციამ და მასმედიამ კანონპროექტი საკომიტეტო მოსმენების სტადიაზევე გააკრიტიკეს და ხელისუფლების ახალი ინიციატივა შეაფასეს, როგორც მედიაზე ზეწოლის, ცენზურის დაწესებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა მიმართულია მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრისაკენ ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების მართვის სფეროში და არ ეხება უშუალოდ მედიას.

საკანონმდებლო ინიციატივა

შემოთავაზებული შესწორებების თანახმად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონს დაემატება ახალი მუხლი - „კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალური ღონისძიებები“.

კერძოდ, აღნიშნული მუხლი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ანიჭებს უფლებამოსილებას, კომპანიაში, რომელიც მომხმარებლებს ელექტრონული კომუნიკაციების სერვისს სთავაზობს, არაუმეტეს ორი წლის ვადით დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესაბამისად, ჯერ კიდევ შესაძლებელია კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება, თუმცა სასამართლოს მიერ სარჩელის მიღება უკვე აღარ იქნება ამ აქტების მოქმედების შეჩერების წინაპირობა. ცვლილებები შედის მოქმედი კანონის მერვე მუხლის მეშვიდე პუნქტში.

საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობენ?

ოპოზიციისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მასმედიის წარმომადგენლები მთავრობის ინიციატივას აფასებენ, როგორც ცენზურის დაწესებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას და მას საქართველოს კონსტიტუციასთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამოს უწოდებენ.

კოალიცია  „მედიის ადვოკატირებისთვის“, რომელიც აერთიანებს ათზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას, თავის განცხადებაში უთითებს, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით „კომისიას ენიჭება განუსაზღვრელი ძალაუფლება მიღებული გადაწყვეტილებების ამოქმედებით და რეგულირების სფეროს დაქვემდებარებული სუბიექტების მართვის (სპეციალური მმართველის დანიშვნა)  და წილის გასხვისების უფლების მეშვეობით“.

„კომუნიკაციების კომისია შეძლებს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ბერკეტების გამოყენებით მიიღოს ყველა გადაწყვეტილება მედიის გავრცელების, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის, სარეკლამო მომსახურების და შრომითი უფლებების გადაწყვეტის საკითხებზეც კი“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია პარლამენტს მოუწოდებს, არ დაამტკიცოს კანონპროექტი, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს კი - დაეხმარონ არასამთავრობო სექტორს მასმედიის თავისუფლების დაცვაში.

„ორი ნაბიჯი დიქტატურისკენ“

მაუწყებლებმა მთავრობის საკანონმდებლო ცვლილებებს უწოდეს „ორი ნაბიჯი დიქტატურისკენ“ და „ქართული ოცნების“ სურვილი, მათ გარეშე ჩაატარონ მოახლოებული არჩევნები.

„ამ კანონპროექტის ინიცირება და, რაც მთავარია, დაჩქარებულად განხილვის მოთხოვნა, სხვა არაფერია, თუ არა მიზანი, გააკონტროლონ არჩევნების წინ მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია, რაც შეიძლება მეტად შეზღუდონ კრიტიკული აზრი მედიაში და საერთოდ, გათავისუფლდნენ სიტყვის თავისუფლებისგან“, - განაცხადა მედიაექსპერტმა ნინო დანელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებს „დიქტატურის დაკანონება“ უწოდა.

„ეს არის წარმოუდგენელი კანონი. ფაქტობრივად, როგორც მაუწყებლებს, ასევე კომუნიკაციის სხვა საშუალებებს, უნიშნავენ ისეთ ზედამხედველს, რომელიც გამოყენებული იქნება პირდაპირ რეპრესიული მიზნებისთვის. შეუძლია, ნებისმიერი კომერციული სტრუქტურა, რომელიც კომუნიკაციის სფეროში არის დასაქმებული, გააჩეროს, დაუნიშნოს საკუთარი მმართველი ორი წლის განმავლობაში. განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, ჩაერიოს ფინანსურ საქმიანობაში, აქციებიც კი გაუყიდოს. ბუნებრივია, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაც შეუძლია. კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიას შეუძლია, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე აღასრულოს ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება მაუწყებელთან დაკავშირებით“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.

პასუხი კრიტიკაზე

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები არ უკავშირდება მედიას და მაუწყებლობებს და საკანონმდებლო ინიციატივა მიმართულია „საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორებისკენ ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების მართვაში“.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს და, შესაბამისად, კავშირი არ აქვს მედიასთან და ტელევიზიებთან. აღსრულების ეფექტური მექანიზმის შესახებ ცვლილებები, კანონპროექტის მიხედვით, ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან“, - აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საოპერაციო ტექნიკური რესურსები, მთლიანად ელექტრონული კომუნიკაციებისთვის საჭირო რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებულ ინტერნეტ- და მობილურ მომსახურებებს.

„რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანმდევ დაზუსტებას“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

44
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
სავსე მთვარე

როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

0
(განახლებულია 15:31 07.07.2020)
მთვარის ფაზები ადამიანებზე მათი დაბადების თარიღის მიხედვით ახდენს გავლენას. რაში გამოიხატება ეს გავლენა და როგორ უნდა მოიქცეს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი თვის ყველაზე მისტიკურ პერიოდში, რათა ცხოვრებაში წარმატება მოიზიდოს

მთვარე სხვა პლანეტებთან შედარებით ყველაზე ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანებზე.

არსებობს მთვარის ოთხი ძირითადი ფაზა - ახალმთვარეობა, სავსემთვარეობა, ზრდის ფაზა და კლების ფაზა. თითოეულ ფაზას თავისი ენერგეტიკა აქვს. ოთხივე ფაზა ძალზე მნიშვნელოვანია, თითოეული თავისებურად კარგია და თავისებურად - საშიში, ამიტომ ამ ფაზების შესახებ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ.

ერთგვარ კულმინაციებს წარმოადგენს ახალმთვარეობა და სავსემთვარეობა. ამჯერად წარმოგიდგენთ სავსემთვარეობის გავლენას ზოდიაქოს ნიშნებზე.

ვერძი

ვერძებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მისი დამსახურებები აღიარონ. სავსემთვარეობა იდეალური დროა დიდი პროექტების დასასრულებლად, გარშემომყოფები ამას დააფასებენ.

კურო

სავსემთვარეობა კუროებისთვის კარგი დროა იმისთვის, რომ თვე შეაჯამოთ. დაფიქრდით, რომელ საქმეებში გაამართლა თქვენმა ძალისხმევამ და შემდეგ გაინებივრეთ და დააჯილდოეთ თავი რამე სასიამოვნოთი.

ტყუპი

სცადეთ და რამე ახალი აითვისეთ, იქნება ეს სამუშაო უნარები თუ ჰობი. სავსე მთვარე დაგეხმარებათ იმ საქმის მოძებნაში, რომელიც გულწრფელად მოგიტანთ სიამოვნებას, კმაყოფილებას და, შესაძლოა, მოგებასაც.

კირჩხიბი

სავსემთვარეობის ენერგია კირჩხიბებს გაძლევთ საშუალებას, რომ თავი უფრო მეტად ალტრუისტად და გულუხვად იგრძნოთ. ეს იდეალური დროა მეგობრების, ახლობლებისა და უცნობების დასახმარებლადაც კი. უკან გაასმაგებული სიკეთე დაგიბრუნდებათ.

ლომი

სავსემთვარეობისას ლომების ენერგია პიკს აღწევს. მაგრამ სიფრთხილეა საჭირო: ხდებით ძალზე ემოციური და შეიძლება სპონტანური (ხანდახან გიჟურიც კი) გადაწყვეტილებები მიიღოთ. ეცადეთ, ყველაფერს ფხიზლად შეხედოთ, სხვაგვარად შემდეგი რამდენიმე დღე, შესაძლოა, იმედგაცრუებული იყოთ.

ქალწული

სავსემთვარეობის პერიოდში ქალწულების სურვილი, რომ ცხოვრება მოაწესრიგოთ, პიკს აღწევს. ეს მშვენიერი დროა, რომ განალაგოთ პრიორიტეტები, განსაზღვროთ უახლოესი პერიოდის ცხოვრებისეული ამოცანები.

სასწორი

ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის სავსე მთვარე - ეს ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარების გახსნის დროა. ამ მხრივ გამონაკლისს არც სასწორები წარმოადგენენ. და თქვენთვის შემოქმედებითი ენერგიის გამოყენების საუკეთესო ხერხი არა ლექსების წერა და ხატვაა (თუმცა, არც ესაა გამორიცხული), არამედ არსებული პრობლემების გადაჭრის ახალი და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მოძებნაა.

მორიელი

მორიელები არ ხართ სენტიმენტალური ადამიანები, რომანტიკისადმი მიდრეკილი და ყველას მოსიყვარულე, მაგრამ სავსემთვარეობის დროს ეს გრძნობები წინა პლანზე გამოდის. თუ ელოდებით იდეალურ დროს, რომ საყვარელ ადამიანს რამე მნიშვნელოვანი უთხრათ, სწორედ რომ შესაფერისი დრო სავსე მთვარის პერიოდია.

მშვილდოსანი

მშვილდოსნების ცხოვრებით ტკბობის უნარი სავსე მთვარის პირობებში სრულიად ახალ დონეზე ადის. იწყებთ მძლავრი პოზიტიური ენერგიის გამოსხივებას, რომელიც მრავალ ადამიანს იზიდავს თქვენ გარშემო. ისღა დაგრჩენიათ, რომ ეს ყოველივე გამოიყენოთ.

თხის რქა

როგორც ცნობილია, თხის რქები იმდენად ხართ საკუთარ მიზანზე „ჩაციკლული", რომ მთლიანად ჩაეფლათ რუტინაში. სავსემთვარეობის დროს გაქვთ მოვლენების მსვლელობის შეცვლის შანსი. კარგი იქნება, თუ დროებით გვერდზე გადგებით და მიღწეულ შედეგებს გადახედავთ, შემდეგ მიულოცავთ საკუთარ თავს გამარჯვებებს და დამსახურებული უქმეებით ისიამოვნებთ.

მერწყული

სავსემთვარეობის დღეებში მერწყულებს საკუთარი მიღწევების აღიარების დიდი სურვილი გეძალებათ. ეს მშვენიერი დროა იმისთვის, რომ გარშემომყოფებს აჩვენოთ ყველაფერი, რასაც მიაღწიეთ და იამაყოთ საკუთარი თავით.

თევზები

სავსემთვარეობის პერიოდში თევზებში სხვა ადამიანებთან ემოციური კავშირის გრძნობა მატულობს. ხდებით უფრო კეთილი გარშემომყოფების მიმართ. მთავარია, გრძნობებთან დაკავშირებით არ "გადაამლაშოთ", რადგან, როგორც წესი, ნებისმიერი წვრილმანი ადვილად გწყინთ.

0