რუსეთი

„იმედია, საქართველო სიგნალს გაიგონებს" რუდენკო საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე

173
(განახლებულია 13:58 09.10.2019)
რუსეთის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებებში ახლად ჩართულ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გარღვევის იმედი აქვს.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსთან ურთიერთობები იმ დონემდე მაინც გაუმჯობესდება, როგორიც თბილისში 20-21 ივნისის მოვლენებამდე იყო.

თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე მოსკოვმა 8 ივლისიდან შეწყვიტა პირდაპირი ფრენები საქართველოსთან, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეაჩერეს. სახელმწიფო დუმის დეპუტატები ქართულ საქონელზე ემბარგოს დაწესების წინადადებითაც გამოვიდნენ, თუმცა ამ ინიციატივამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას რუდენკომ კომენტარი გააკეთა ნიუ-იორკში გაეროს გენასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 2018 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად შედგა – შეხვედრა 26 სექტემბერს გაიმართა.

„საუბარი კონკრეტული იყო. ჩვენ ვიმედოვნებთ ქართული მხარისგან, რომ სიგნალი, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან გამოიგზავნა, გაგონილი იქნება. ჩვენ სიტუაციის ნორმალიზების იმედი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, იმის იმედი მაინც, რომ მდგომარეობა ივნისის ინციდენტამდე არსებულს დაუბრუნდება", – ციტირებს რუდენკოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომლის მორიგი რაუნდი 8–9 ოქტომბერს იმართება, რუსეთის მხრიდან ანდრეი რუდენკო ჩაერთო. ადრე რუსეთის დელეგაციას გრიგორი კარასინი ხელმძღვანელობდა.

„ბოლო დროს ჟენევის დისკუსიები წრეზე ბრუნვას დაემსგავსა და გვსურს იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად მაინც მოვახერხებთ რაიმეს გაკეთებას. ყოველ შემთხვევაში, დეესკალაციას მაინც მივაღწევთ საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონში", – აღნიშნა რუდენკომ.

ბოლო პერიოდში ვითარება ადმინისტრაციულ საზღვართან საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ წნელისში შეიარაღებული ძალების „არაპროპორციული გადაადგილებისა" და შემდგომ სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს მშენებლობის შემდეგ გამწვავდა.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. თბილისმა აღნიშნული გადაწყვეტილება მოსკოვის საპასუხოდ მიიღო, როდესაც მან 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.

173
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (169)
ვანო მერაბიშვილი

არც პარლამენტში, არც მთავრობაში სად მიდის მერაბიშვილი

50
(განახლებულია 14:05 03.08.2020)
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა – მან საპატიმროში შვიდი წელი დაჰყო.

თბილისი, 3 აგვისტო  — Sputnik.  საქართველოს ექს–პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ივანიშვილის რეჟიმის“ წინააღმდეგ ბრძოლას გეგმავს, თუმცა, პარლამენტსა და მთავრობაში მის დაბრუნებას გამორიცხავს. 

„მე არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის“, – წერს მერაბიშვილი საკუთარ Facebook–გვერდზე.

ექს–პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ახლოვდება ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები.

 „ამ არჩევნებში გადამწყვეტი იქნება არა ის, რას იზამს „ქართული ოცნება“, რადგანაც ის უკვე გუშინდელი დღეა. გადამწყვეტი იქნება ის, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ, საერთო ეროვნული მიზანი დავაყენოთ საკუთარ კარიერაზე, პირად ამბიციებზე მაღლა, ვიბრძოლოთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის“, – წერს მერაბიშვილი. 

ამასთან, იგი გულისწყვეტით აღნიშნავს, რომ დღეს ოპოზიცია უფრო ხშირად არის დაკავებული პოლიტიკური ვაჭრობით, პარლამენტსა და მთავრობაში სკამების გადანაწილებით, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზებით.

 „განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი“, – აღნიშნავს მერაბიშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა – მან საპატიმროში შვიდი წელი დაჰყო. მერაბიშვილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი იყო.

50
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
არჩევნები საქართველოში

არჩევნების ციებ–ცხელება: გუბერნატორები თანამდებობებს ტოვებენ

212
(განახლებულია 20:01 01.08.2020)
შაბათს დაკავებული თანამდებობები სამი რეგიონის გუბერნატორებმა დატოვეს – ისინი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ

თბილისი, 1 აგვისტო  — Sputnik. 1 აგვისტოსთვის თანამდებობები დატოვეს იმ გუბერნატორმა, რომლებიც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დაასახელა, ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში. მმართველმა პარტიამ გასულ კვირას ერთმანდატიან ოლქებში საკუთარი კანდიდატები დაასახელა, რომლებიც ჩაერთვებიან წინასაარჩევნო კამპანიაში.

მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობები დატოვეს კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორებმა: ირაკლი ქადაგიშვილმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა და შალვა კერესელიძემ, რომლებიც საკუთარ რეგიონებში იყრიან კენჭს.

თანამდებობას ასევე დატოვებს ვაკის რაიონის გამგებელი  ნოდარ ტურძელაძე, რომელიც არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებისთვის იბრძოლებს.

დღეისთვის საკუთარი თანამდებობები უკვე დატოვეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, რომელიც კენჭს ქობულეთის საარჩევნო ოლქში იყრის და სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ დანარჩენი კანდიდატები, რომლებსაც თანამდებობები სახელმწიფო აპარატში უკავიათ, თანამდებობებს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ დატოვებენ, როგორც ეს კანონითაა გათვალისწინებული.

212
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ტედროს ადანომ გებრეისუსი

„შესაძლოა არც არასდროს შეიქმნას“: ჯანმო COVID-19-ის იდეალური საშუალების შესახებ

0
(განახლებულია 16:15 03.08.2020)
ჯანმოს გენერალური დირექტორი იმედს არ კარგავს, რომ მსოფლიოში მიმდინარე კლინიკური გამოცდები რამდენიმე ეფექტურ ვაქცინას გამოავლენს

 თბილისი, 3 აგვისტო ― Sputnik. ამ დროისათვის კორონავირუსის წინააღმდეგ იდეალური პრეპარატი არ არსებობს და შესაძლოა არც არასდროს შეიქმნას, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

მისი თქმით, ახლა არაერთი ვაქცინა გადის კლინიკური გამოცდების მესამე ფაზას და არსებობს იმედი, რომ მსოფლიო „რაღაც რაოდენობის ეფექტურ ვაქცინას მიიღებს“.

„მაგრამ ამ მომენტისთვის არ არსებობს იდეალური საშუალება და გამორიცხული არ არის, რომ მან არც არასდროს იარსებოს“, ― განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ორშბათს გამართულ ბრიფინგზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 17 889 134 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 686 145 კაცი გარდაიცვალა.

 

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში