ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და სალომე ზურაბშვილი

ზურაბიშვილი: შტაინმაიერი ჩამოვიდა როგორც პრეზიდენტი და არა როგორც „ფორმულების მატარებელი“

68
(განახლებულია 16:22 07.10.2019)
შტაინმაიერი საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში არაერთხელ იმყოფებოდა, პრეზიდენტის რანგში კი ქვეყანას პირველად სტუმრობს.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრა გამართა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული პრობლემები განიხილა.

გასულ კვირაში მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოს, უკრაინის მსგავსად, უნდა გადასცეს „შტაინმაიერის ფორმულის" ანალოგიური გეგმა. „შტაინმაიერის ფორმულა" უკრაინისთვის ითვალისწინებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც იქ ჩატარდება სამართლიანი და თავისუფალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით და რომელიც აღიარებული იქნება ეუთოს მიერ.

„არა, მე ამჯერად სრულიად სხვა როლი მაქვს. რაც შეეხება ჩემ ვიზიტს, ეს არის ვიზიტი პოლიტიკურ წრეებთან, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. გვაქვს შესაძლებლობა, გავეშუროთ ადმინისტრაციულ საზღვართან (ცხინვალის რეგიონი - რედ.), ვესაუბროთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას“, – განაცხადა შტაინმაიერმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

შტაინმაიერი საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში არაერთხელ იმყოფებოდა, პრეზიდენტის რანგში კი  ქვეყანას პირველად სტუმრობს.

შტაინმაიერის სიტყვებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ არაერთი რეფორმა გაატარა, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებისთვის, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

„და გპირდებით, რომ გერმანია საქართველოს ყოველთვის მხარს დაუჭერს“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ საქართველო გერმანელი და სხვა ქვეყნის ინვესტორებისთვის ძალზე მიმზიდველ ქვეყნად რჩება. საქართველო იზიდავს გერმანელ ტურისტებს. შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ მათი რაოდენობა მომავალში კიდევ გაიზრდება.

სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, საქართველოს ტერიტორიული პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა ფორმულაზე მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ვადასტურებ, რომ ბატონი შტაინმაიერი პრეზიდენტის რანგში ჩამოვიდა და არა როგორც რაღაც „ფორმულების მატარებელი“. თუმცა, ვიტყვი ერთს – ვისურვებდი, ბევრი პარტნიორი მუშაობდეს ფორმულებზე. თუ არ ვეძებეთ გამოსავალი, ვიქნებით ამ სტატუს-კვოს მსხვერპლი", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა, საქართველომ კი საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ვიზიტის პროგრამა

გერმანიის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პირველ პირებთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, ასევე ბიზნესმენებთან.

სამშაბათს შტაინმაიერი ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ სიტუაციას გაეცნობა. აგრეთვე ეწვევა კახეთს, სადაც დაათვალიერებს რამდენიმე ღვინის ქარხანას, ალავერდის საკათედრო ტაძარს და ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმს.

საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 13 აპრილს. ქვეყნებს შორის გაფორმებულია დაახლოებით 50 ხელშეკრულება, მათ შორის ფინანსური თანამშრომლობის, თავდაცვისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ორმაგი დაბეგვრის შესახებ და ინვესტიციების წახალისების კუთხით.

ქვეყნებს შორის ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები. 2018 წელს საქართველოსა და გერმანიას შორის ბრუნვამ შეადგინა დაახლოებით 482 მილიონი დოლარი, რაც 0,5%-ით მეტია, ვიდრე 2017 წელს.

 

68
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (132)