ბურჯანაძე: რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე უარით საქართველომ წლები დაკარგა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბურჯანაძე აღშფოთებულია იმით, რომ საქართველო რუსეთთან პირდაპირ დიალოგს უცხოეთის რეკომენდაციის შემდეგ დათანხმდა.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ დადებითად შეაფასა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად გაიმართა, თუმცა, მას დაგვიანებული ნაბიჯი უწოდა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია საქართველო–რუსეთს შორის არსებული პრობლემების გადაჭრის იმედს გამოთქვამს

ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. საქართველომ შეხვედრაზე არაკონტროლირებად ტერიტორიებთან – აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვრების დადგენის შეწყვეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები დასვა.

„სანამ თქვენ (საქართველოს ხელისუფლებას) მთელმა მსოფლიომ არ გითხრათ, რომ თქვენ გონება გაქვთ დაბინდული და უნდა ილაპარაკოთ მასთან, ვისაც თქვენი პრობლემების მოგვარება შეუძლია და ვისთანაც თქვენ პრობლემები გაქვთ, ჩემი სიტყვები არავინ გაიგონა. ასე აღშფოთებული არ ვილაპარაკებდი, ცხრა წელი რომ არ იყოს დაკარგული. ამ ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო შევედით ჩიხში უტვინო სიჯიუტის გამო, რომლის გამოც არ ველაპარაკებოდით და არ ვმართავდით წინასწარ მოლაპარაკებებს", – განაცხადა პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა შვეიცარიის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მხარეებს შორის შუამავლის როლს ასრულებს.

როგორც მოგვიანებით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო დათანხმდა შვეიცარიის მხარის წინადადებას ლავროვთან შეხვედრის გამართვაზე ევროპელ და სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
„ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო წლებში“: თბილისი ლავროვთან მოლაპარაკებებით კმაყოფილია

„ის, რომ მათ (საქართველოს ხელისუფლებამ) ეს ნაბიჯი გადადგეს, თუმცა დაგვიანებით, მაინც კარგია. მაგრამ სირცხვილია, როდესაც დამოუკიდებელ სახელმწიფოს უცხოელების კარნახი სჭირდება", – განაცხადა ბურჯანაძემ.

ერთი დღით ადრე გამოცემა КоммерсантЪ-თან ინტერვიუში ლავროვმა განაცხადა, რომ „საქართველოში გამოჩნდნენ შერაცხადი პოლიტიკოსები, რომლებიც პოზიციების გამყარებას აგრძელებენ".

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების რეგულარული შეხვედრების ფორმატით არის შენარჩუნებული.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ხელისუფლება 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს.

ყველა ახალი ამბავი
0