პარაგვაი

საქართველოს მოქალაქეები პარაგვაიში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ

43
(განახლებულია 15:27 27.09.2019)
საქართველომ უვიზო რეჟიმი კიდევ ერთ ლათინურამერიკულ ქვეყანასთან დაამყარა.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ და პარაგვაიმ უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დავით ზალკალიანმა და ანტონიო რივას პალასიოსმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრის ფარგლებში მოაწერეს. როგორც მინისტრებმა აღნიშნეს, უვიზო რეჟიმი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას.

„მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-პარაგვაის ორმხრივი ურთიერთობები და ასევე ქვეყნების თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა დაინტერესება, კიდევ უფრო გაძლიერდეს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა იმ დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ორივე ქვეყანას გააჩნია ამ მიმართულებით", – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას და ყველა მიმართულებით კომუნიკაციის გააქტიურებას.

საქართველოსა და პარაგვაის შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2010 წლის 9 მარტს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და განათლების სფეროებში.

43
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (127)