საპროტესტო აქცია პარლამეტის წინ

უიდეობა და ურეიტინგობა ქართულ პოლიტიკაში, ანუ ვის მისცემს ხმას ამომრჩეველი?

333
(განახლებულია 14:30 25.09.2019)
როგორც ოფიციალური, აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული, ასევე პარტიების შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი სოციოლოგიური კვლევები ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე უიდეობისა და ურეიტინგობის ხანაა.

მმართველ პარტიას ხმამაღლა მოსახლეობის 20 პროცენტი უჭერს მხარს. ნაციონალებს – 9, ევროპელ დემოკრატებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მეთაურობით – 4 პროცენტი. ამდენივეა ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის პატრიოტების მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი.

დანარჩენი, მეტ-ნაკლებად ცნობილი პოლიტიკოსები, ალბათ, 1 პროცენტს, ასე თუ ისე, მოაგროვებენ, მაგრამ გარდა სიჭრელისა, ნულპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული ძვრების ალბათობა 2020 წლის პარლამენტში არ ჩანს და, შესაძლოა, ეს საკანონმდებლო ორგანო არც იყოს დიდად სიცოცხლისუნარიანი.

უიდეობის ხანა უწოდა ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ქართულ პოლიტიკაში არსებულ მდგომარეობას.

მისი აზრითა და რეკომენდაციით, ეს პერიოდი უნდა დასრულდეს, თორემ წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად ნეგატიური მუხტით წარიმართება და ადამიანები არჩევნებზე, შესაძლოა, არც მივიდნენ.

რესურსების მმართველი პარტიის შიგნით მობილიზების იმედი აქვს ექსპერტ მამუკა არეშიძეს. ის ამბობს, რომ გახარია და კალაძე ორი რეიტინგული ფიგურაა ხელისუფლებაში და მალე მთავრობა თავად გაწმენდს საკუთარ რიგებს.

„ხელისუფლება ქუჩაში გდია და არავინაა მისი ამღები", – ასე ხატოვნად აღწერდა რეალობას ექსპერტი გია ხუხაშვილი ცოტა ხნის წინ. საქმე ისაა, რომ მოსახლეობის 57 პროცენტი ფიქრობს, რომ მის ინტერესებს დღეს არც ერთი პარტია არ გამოხატავს.

დღეს არსებული სოციალური ფონი და განწყობა ორ ახალი ტიპის იდეას უნდა უხსნიდეს გზას. პირველი სოციალური მიმართულების იდეოლოგიაა, რომელსაც საქართველოში რეალური ლობისტები არ ჰყავს. მემარცხენე იდეოლოგიის პარტიების ლიდერები საკუთარი ცხოვრების წესით ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლით შეპყრობილთა შთაბეჭდილებას ტოვებენ.

რაც შეეხება მეორე გზას: საქართველოს საუკეთესო ნაწილი – ეს ბობოქარი და მაქსიმალისტი ახალგაზრდობაა, რომლებიც, როგორც წესი, ინდიფერენტულები არიან პოლიტიკური პროცესების მიმართ. ამ სეგმენტის მოხიბვლას თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, მაგრამ თავისუფალ და გაჭირვებულ საქართველოში დაბადებული ადამიანები ძალიან პრაგმატულები არიან და ძველი პოლიტიკური ზღაპრებით მათი მოხიბვლა გაჭირდება.

რეალურად სწორედ ასეთი უნდა იყოს ამომრჩეველი – კრიტიკული და საღად მოაზროვნე, ანგარიშვალდებულების მომთხოვნი.

აშშ-ის ელჩის დანიშვნის პარალელურად განვითარებული პროცესები კი მიანიშნებს, რომ დასავლეთიც იწყებს მზადებას საკუთარი გავლენების გასამყარებლად კავკასიაში.

ბუნებრივია, დასავლეთთან მოლაპარაკე ხალხი დასჭირდება როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას.

როგორც ჩანს, რეიტინგებმა მმართველი გუნდიც გამოაფხიზლა და ოპოზიციაც. „ქართული ოცნების“ მომხრეები საერთოდ ამგვარი კვლევების გაქრობას უჭერენ მხარს. ეს იდეა ვალერიან გორგილაძეს ეკუთვნის.

რაც შეეხება ოპოზიციას, ისინიც გამოფხიზლდნენ და თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, ხაზარაძე, უსუფაშვილი და ბესელია აქტიურად განიხილავენ თანამშრომლობის საკითხებს.

ასეა თუ ისე, ქართულ პოლიტიკას ახალი სისხლი, ახალი სახეები და ახალი იდეები სჭირდება და თუ ასეთი რესურსი არსებობს, ეს გაზაფხულამდე უნდა გაირკვეს... ბევრი ექსპერტი თვლის, რომ შესაძლოა გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნებიც დაინიშნოს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება.

მართალია, სოციოლოგები ხშირად სცოდავენ, მაგრამ პოლიტიკით ქართული საზოგადოების იმედგაცრუება სახეზეა...

და სანამ ერი ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანში ეძებს მხსნელს, პარტიებმა სრულიად ჩვეულებრივი, ხალხის ყოფის მცოდნე და ხალხის წიაღიდან გამოსული ლიდერები უნდა მოძებნონ, თორემ რეალური შედეგების ჩვენება გაუჭირდებათ.

 

333
ცესკოს შენობა

არჩევნები 2020: ცესკოში პარტიების განაცხადების მიღება გრძელდება

85
(განახლებულია 19:34 11.07.2020)
ამ დროისათვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ათმა პოლიტიკურმა პარტიამ გამოხატა

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გამოაქვეყნა იმ პარტიების ჩამონათალი, რომლებსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

გახარია: კარგად ჩატარებული არჩევნები – ჩვენი საერთო მიზანია >>

ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარტიებმა უკვე მიიღეს უფლება საარჩვენო კომისიაში ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი. დღეისათვის წინასწარი რეგისტრაცია ცესკოში გაიარეს შემდეგმა პოლიტიკურმა ძალებმა:

  • „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე „სოციალური სამართლიანობისთვის“
  • „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“
  • „საქართველო“
  • „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
  • „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“
  •  „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“
  • „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”
  • „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“
  • „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“
  • „ევროპელი დემოკრატები“

პარტიების განაცხადების მიღება არჩევნებამდე 43 დღით ადრე - 21 სექტემბერს შეწყდება. ამის შემდეგ პარტიებმა, რომლებმაც წინა არჩევნებზე 15 ათასი ხმა ვერ მოიპოვეს, ცესკოში უნდა წარადგინონ 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა - ბლანკებზე და ელექტრონული სახით. პარტიების საბოლოო ჩამონათვალი გახდება ცნობილი სიების შემოწმების შემდეგ, არჩევნებამდე 30 დღით ადრე - 2 ოქტომბერს. მხარდამჭერების სიების შემოწმების შემდეგ პარტია გაივლის ოფიციალურ რეგისტრაციას და ბიულეტენში თავიანთი რიგითი ნომრები მიენიჭებათ.

პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების სულ მცირე 1% უნდა მიიღოს.

85
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ვანო მერაბიშვილი

„ახალი ხალხი მოვა“ - მერაბიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება გამორიცხა

159
(განახლებულია 17:24 11.07.2020)
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა იმისა, რომ მოახლოებული არჩევნების შემდეგ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამორიცხა თავისი დაბრუნება საქართველოს მთავრობაში, თუნდაც ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში.

მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე: არასწორად მოვიქეცი თანამდებობა რომ არ დავტოვე >>

„მე პირადად უკვე ამოვწურე ყველა თანამდებობა, რომელიც კი შეიძლება დამეკავებინა. მინისტრი ვერ ვიქნები. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვერ იქნება მინისტრი, ხოლო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არც კი ვფიქრობ. ახალი ხალხი მოვა“, - განაცხადა მერაბიშვილმა ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში.

ამავე ინტერვიუში მერაბიშვილმა გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოში ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება არჩევნების შემდეგ, მაგრამ, მისი თქმით, მომავალში ახალი ხელსუფლება პრობლემების წინაშე დადგება.

„სამწუხაროდ, ახალ მთავრობას ექნება ნაკლები აზარტი, ნაკლები მოტივაცია. მათ რეფორმატორების წარმატებაც და წარუმატებლობაც ნახეს. ეს არის ყველაზე ცუდი იქიდან, რაც მოხდა. რეფორმების გატარებისას ისინი შეშინდებიან, დაფრთხებიან, იქნებიან უფრო ფრთხილები, რეფორმები კი ასე არ კეთდება. მაგრამ იმედი მაქვს, რომ გლობალიზაცია, ევროკავშირში შესვლა დააჩქარებს სიტუაციის გაუმჯობესებას საქართველოში. ყველაზე მთავარია, რომ ეს გამოიყვანს ქვეყანას იმ სტაგნაციიდან, რომელშიც ის ახლა იმყოფება“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

რაც შეეხება მის გეგმებს პოლიტიკასთან დაკავშირებით, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათ თბილისში პრესკონფერენციაზე გაახმოვანებს.

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი თითქმის შვიდწლიანი პატიმრობიდან თებერვალში გათავისუფლდა. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი იყო.

ამჟამად მერაბიშვილი უკრაინაში იმყოფება. მანამდე კი პოლონეთში მკურნალობის კურსი გაიარა.

 

159
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ბათუმი

ბათუმში 3,5 ათასი აბონენტი გაზის გარეშე დარჩა

0
დაზიანების ადგილი ღამით გარემონტდება და ხვალ შუადღეს მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგება

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების დროს გაზსადენი დაზიანდა, შედეგად ბუნებრივი აირის მიწოდება 3500 აბონენტს შეუწყდა, იუწყება ადგილობრივი ონლაინ-გამოცემა „ბათუმელები“.

შემთხვევის ადგილზე კომპანია SOCAR Georgia Gas-ის თანამშრომლები გამოცხადდნენ.

„დაზიანებული ადგილი დღეს შეკეთდება და ხვალ, შუადღემდე ჩაირთვება“, – განაცხადა SOCAR Georgia Gas-ის რეგიონული ოფისის დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა.

გამოცემის მონაცემებით, ბუნებრივი აირის მილის დაზიანებას მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში