საქართველოს დროშა და გერბი

ხელისუფლების დეცენტრალიზაცია: საქართველოს პარლამენტმა მთავრობას რეკომენდაციები მოუმზადა

68
(განახლებულია 12:44 17.09.2019)
ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანოებმა უფრო ეფექტურად უნდა უპასუხონ მოსახლეობის მოთხოვნებსა და საჭიროებებს, ნათქვამია რეკომენდაციებში.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა, განაცხადა ბრიფინგზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.

დეცენტრალიზაცია და რეგიონების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ექვსი თვის განმავლობაში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველმა სამუშაო ჯგუფმა სტრატეგიით გათვალისწინებულ თითოეულ მიზანსა და ამოცანას ცალკე სხდომა მიუძღვნა და მთავრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე პარლამენტის რეკომენდაციები ჩამოაყალიბა.

სამუშაო ჯგუფში ყველა საპარლამენტო სუბიექტი შევიდა. ძირითადი რეკომენდაციები ეხება თვითმმართველი ერთეულის როლის გაზრდას საჯარო და ადგილობრივი საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში და ამისათვის სათანადო უფლებამოსილებებით აღჭურვას.

სტრატეგია ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფას შესაბამისი მატერიალური, ქონებრივი, ფინანსური რესურსებით და უფრო სანდო, უფრო ანგარიშვალდებული, უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.

„რეკომენდაციებში გამოვკვეთეთ პარლამენტის როლი და მის წინაშე ანგარიშვალდებულების საკითხი. კერძოდ, პარლამენტი გაუწევს ზედამხედველობას რეფორმის პროცესს და შეაფასებს რეფორმას სხვადასხვა ეტაპზე. ეს რეფორმა ერთიორად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში თვითმმართველობებმა კიდევ უფრო უკეთ, ეფექტურად და ამისათვის საჭირო რესურსით უპასუხონ ადგილებზე მოსახლეობის მოთხოვნებს და საჭიროებებს", – განაცხადა გაბუნიამ.

დეცენტრალიზაციის რეფორმის დოკუმენტზე პარლამენტის რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.

68
თემები:
საქართველოს პარლამენტი (65)