მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძის მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართება

80
(განახლებულია 19:49 11.09.2019)
ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ პირველი განცხადება 2019 წლის ივნისში გააკეთა.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს უმსხვილესი TBC Bank-ის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა 12 სექტემბერს, 12:00 საათზე ანაკლიაში დაფუძნდება, ამაზე თავად ხაზარაძე წერს სოციალურ ქსელში. 

ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ 2019 წლის ივნისში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტის ფონზე განაცხადა. ხაზარაძის განცხადების თანახმად, დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. სწორედ ამიტომ არის საჭირო „ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება".

როგორც  ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ხვალ ოფიციალურად პირველად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და მიზნები.

„ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკვე ცნობილია, რომ მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება. ნაცვლიშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი საპარლამენტო მდივანია. მისი განცხადებით, სწორედ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაში ხედავს რეალურ ძალას და რესურსს – მოიშალოს შეცდომებისა და დანაშაულების მოჯადოებული წრე და თვისობრივად ახალი რეალობა შეიქმნას.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს დაახლოებით 17 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ბრალი წინა თვეში წაუყენა. საუბარი TBC Bank-ის 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას ეხება. სასამართლომ თითოეულს გირაოს სახით 700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

80
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ანჯეი დუდას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

23
(განახლებულია 11:31 14.07.2020)
სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო–პოლონეთის მეგობრული ურთიერთობები გაგრძელდება და გაღრმავდება

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და ხუთწლიანი ვადით ხელმეორედ არჩევა მიულოცა.

ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს დახმარებისთვის მადლობას უხდის>>

პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. კენჭისყრა 12 ივლისს ჩატარდა. დუდამ ამომრჩევლის ხმების 51,21% მიიღო. მისი ოპონენტი რაფალ ტშასკოვსკი იყო.

„თქვენი ხელახლა არჩევა – ესაა მტკიცე ქართულ–პოლონური ურთიერთობების გაგრძელების შესაძლებლობა. მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაგრძელებას“, – დაწერა ზურაბიშვილმა Twitter–ის მიკრობლოგში.

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ივნისს ჩატარდა. დუდამ აიღო ხმების 43,7%, ხოლო ვარშავის მერმა და მთავარი ოპოზიციური ლიბერალური პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატმა რაფალ ტშასკოვსკიმ – 30,3%.

საქართველომ და პოლონეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 აპრილს დაამყარეს. ამ დროის განმავლობაში ქვეყნებმა გააფორმეს 15 საერთაშორისო შეთანხმება, რომლებიც არეგულირებს თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონული განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში.

საქართველომ და პოლონეთმა 2017 წელს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღნიშნეს.

23
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
დავით ზალკალიანი

ზალკალიანი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა

87
მინისტრმა აღნიშნა, რომ მოვლენების ადგილზე ვითარება უნდა განიმუხტოს და შეიარაღებული შეტაკებები შეწყდეს

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციის გამო შეშფოთება გამოხატა.

პირველი არხის ინფორმაციით, ზალკალიანი ტელეფონით ესაუბრა თავის კოლეგებს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან - ზოგრაბ მნაცაკანიანთან და ელმარ მამედიაროვთან.

კვირას შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე, შესაბამისად, თოვუზის რაიონში და ტავუშის ოლქში, რომელიც საქართველოს საზღვართან ახლოსაა. ამ ტერიტორიიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრშია არაღიარებული მთიანი ყარაბაღი, სადაც ამჟამად მშვიდი ვითარებაა. სროლის ადგილზე განლაგებულია საბრძოლო საგუშაგოები, დისლოცირებული სოფელ მოვსესის მახლობლად.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის სამხედროებმა აზერბაიჯანული პოზიციები დაცხრილეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები ცდილობდნენ არტილერიის დახმარებით სომხეთის საგუშაგოს ხელში ჩაგდებას. ბაქოს ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი აზერბაიჯანელი სამხედრო. სომხეთის მხარის განცხადებით, დაჭრილია ორი სომეხი პოლიციელი, დაღუპულები არ არიან.

სატელეფონო საუბრისას ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოვლენების ადგილზე ვითარების განმუხტვა, შეიარაღებული მოქმედებების შეჩერება და მშვიდობის უზრუნველყოფა.

დავით ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ძალისხმევით შესაძლებელია სიტუაციის დარეგულირება რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანის - მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მანამდე საკითხით შეშფოთება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. მან აღნიშნა, რომ ამ რთულ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის „უხილავი მტრის წინააღმდეგ“, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოლიდარობას და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებას.

სომხეთ–აზერბაიჯანის დაპირისპირება: თურქეთმა არჩევანი გააკეთა >>

ორშაბათს სროლა გაგრძელდა. ერევანის განცხადებით, ბაქო სომხეთის ტერიტორიის მიმართულებით 15-20 წუთის შუალედებით ისვრის. აზერბაიჯანი და სომხეთი სროლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

87
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სუპერმარკეტი

„ჯაკომო", „კალვე", აჯიკა „აფხაზური": საშიში პროდუქცია მაღაზიის დახლებზე

0
(განახლებულია 12:26 14.07.2020)
სურსათში „სუდანის" საღებავების გამოყენება აკრძალულია, რადგან მისი სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს მაღაზიების დახლებზე არსებულ ხუთ პროდუქტში საღებავი სუდან-1 აღმოჩნდა, რომელიც ღვიძლის დაავადებასა და სიმსივნეს იწვევს, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია Momxmarebeli.ge-ის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინეს პროდუქცია და ექსპერტიზაზე გერმანიაში, ლაბორატორია „ევროფინსში" გააგზავნეს.

კვლევის დროს შემოწმდა 41 პროდუქტი, მათგან საშიში ნივთიერება მხლოდ ხუთ შემთხვევაში აღმოჩნდა. სუდან-1 გამოავლინეს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებულ პროდუქციაში.

სურსათში სუდან-1-ის საღებავების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია, რადგან მისი სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს ყველა მეწარმეს. კვლევის გაგრძელებისთვის ორგანიზაციამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა.

საშიში ნივთიერება აღმოჩნდა შემდეგ პროდუქტებში: ცხარე საწებელი „ჯაკომო", ტომატის კეტჩუპი „კალვე", აჯიკა „აფხაზური", „ხათოს აფხაზური აჯიკა", და აჯიკა „ნენა". რეალიზატორებს დაევალათ პროდუქციის ქსელიდან ამოღება.

აკრძალული საღებავი „სუდანი“ საკვებ პროდუქტებში ისევ აღმოჩნდა>>>

კვლევის შედეგების გასაჯაროების შემდეგ, ყველა მეწარმე არ დაეთანხმა დასკვნას. ნაწილი აღნიშნული შეუსაბამობის მიზეზად იმპორტირებულ წითელ წიწაკას ასახელებს, სხვებმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. კომპანია "ნენამ" კი კატეგორიულად უარყო კვლევის შედეგები და განაცხადა, რომ ალტერნატიულ კვლევას ჩაატარებს.

დანარჩენ 36 პროდუქტში საშიში ნივთიერება არ აღმოჩნდა. უსაფრთხო პროდუქციის ჩამონათვალში მოხვდა "კულა" და "მარნეული", თუმცა, გასულ წელს ანალოგიური კვლევისას ამ კომპანიების პროდუქციის ნაწილი საშიში პროდუქციის სიაში მოხვდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ დასკვნა გააკეთეს და ნაკლოვანებები აღმოფხვრეს.

ორგანიზაციამ ანალოგიური კვლევა 2019 წლის აგვისტოში და 2020 წლის მარტშიც ჩაატარა. საშიში საღებავები ცხრა ნიმუშში აღმოჩნდა. 2019 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა დაასახელა. ასეთი პროდუქციის გაყიდვა აკრძალული იყო.

რისკების შემცირების მიზნით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წითელი წიწაკის იმპორტზე კონტროლი გაამკაცრა. კერძოდ, საქართველოში წითელი წიწაკის იმპორტის დროს თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი პასუხით. წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქცია საქართველოს ტერიტორიაზე არ დაიშვება. ნორმა ძალაში 2019 წლის 3 ოქტომბრიდან შევიდა.

2020 წლის მარტში ჩატარებული კვლევების შემდეგ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრიდან დაბინძურებული პროდუქტის პარტიები ამოიღო.

0