ხატია მოისწრაფიშვილი

რატომ გაათავისუფლეს ხატია მოისწრაფიშვილი

101
(განახლებულია 18:22 10.09.2019)
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება პრეზიდენტის ახალი პრეს-სპიკერი.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი სამსახურიდან მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადების გამო გაათავისუფლეს, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა აქამდე არც ერთი მხარე ამის თაობაზე მკაფიო განმარტებას არ აკეთებდა.

„მიკვირს ხატია როგორ უძლებდა...“ – ინგა გრიგოლია წერს, რატომ გაუშვეს პრეზიდენტის პრეს-სპიკერი თანამდებობიდან>>

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრეს-სპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე 4 სექტემბერს სიტყვიერად გააფრთხილეს, 10 სექტემბერს კი გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

ადმინისტრაციის განმარტებით, მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტის პრეს-სპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს.

„პრეს-სპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრეს-სპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება. ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან პრეს-სამსახურში მუშაობის გაგრძელების ოფიციალური შეთავაზება მიიღო", – აღნიშნულია განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, ხატია მოისწრაფიშვილის რომელ განცხადებას გულისხმობს, თუმცა, დაუდასტურებული ინფორმაციით, უთანხმოება „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის ნოდარ მელაძის მხარდამჭერ ფეისბუქ-პოსტს უკავშირდება, რომელიც მოისწრაფიშვილმა გამოაქვეყნა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება პრეზიდენტის ახალი პრეს-სპიკერი.

ხატია მოისწრაფიშვილი საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერად 2018 წლის 31 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე, 2012 წლიდან ის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

101