ფილიპ რიკერი და გიორგი გახარია

გახარიამ პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა

67
(განახლებულია 16:25 10.09.2019)
ფილიპ რიკერმა გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტზე დამტკიცება მიულოცა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა.

რიკერმა გახარიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცება მიულოცა და წარმატებები უსურვა. პარლამენტმა გახარიას მეთაურობით მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას და მის მიერ წარდგენილ სამთავრობო პროგრამას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.

შეხვედრის ფარგლებში გახარიამ ყურადღება გაამახვილა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. რიკერმა, თავის მხრივ, სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობაზე.

გახარიამ და რიკეტმა ასევე განიხილეს რეგიონში, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პროდასავლური ოპოზიცია – მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და მათი თანამოაზრეები გახარიას ბრალს სდებენ იმაში, რომ იგი "კრემლის კაცია". საქართველოში რუსეთის ინტერესების გატარებაში კი მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ.

საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში.

ამ ეტაპზე საქართველო აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას ცდილობს.

67
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (99)