ქართველი ჯარისკაცები

სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემა შეიძლება შეიცვალოს

186
(განახლებულია 18:39 05.09.2019)
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერების მიერ შექმნილი რელიგიური ორგანიზაცია სახელმწიფოს თავდაცვის ძალებს საფრთხის ქვეშ აყენებს.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, რომელიც ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის" ინიციატივის შემდეგ ჩამოყალიბდა.

კანონპროექტი ჯარისა და მღვდელმსახურების შესახებ საქართველოში – სკანდალი მძაფრდება>>

„გირჩმა" 2017 წელს კანონში „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" ხარვეზი აღმოაჩინა, რათა ახალგაზრდებს ჯარიდან კანონიერად გათავისუფლებაში დახმარებოდა. კანონის თანახმად, სამხედრო სამსახურისგან გადავადება ეხება მღვდელმსახურებს ან მათ, ვინც სასულიერო სემინარიაში სწავლობს. „გირჩის" ლიდერებმა დაარეგისტრირეს ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება".

დაახლოებით ორი წლის განმავლობაში 18-დან 27 წლამდე 15 ათასზე მეტი ახალგაზრდა სავალდებულო სამსახურში ვერ გაიწვიეს, რადგან ისინი „გირჩის" მიერ შექმნილი ორგანიზაციის „მღვდელმსახურები" გახდნენ. ჯარში სამსახურის ვადა 12 თვეა.

„ჩემთვის ეს, თუნდაც გარედან მაყურებლისთვის, იყო ძალიან მტკივნეული პროცესი. ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, იყო პირდაპირ კატასტროფა. პირდაპირ ვიტყოდი – ტრაგედია ჩვენი ერისთვის. ვგულისხმობ პოლიტიკური მოძრაობისა და ჩვენი ოპონენტების – „ნაცმოძრაობის" და მათთან აფილირებული წევრების, ე.წ. გირჩის საქმიანობას. მოგეხსენებათ, ხდება პირდაპირი დეგრადაციის მცდელობა ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობის, რაც არის ყოვლად დაუშვებელი", – განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

ჯაფარიძე: ქვეყანაში არსებობს დაკანონებული მონობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახით>>

„მე არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ჯარის ძლიერებას ძირს უთხრის", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრად დამტკიცების შემდეგ ის, პირველ რიგში, ამ საკითხს მიხედავს.

ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევის რეფორმა „ცივილიზებული სამყაროს" ნორმების შესატყვისი იქნება.

მოქმედი კანონმდებლობით, ჯარში სამსახურისგან ასევე თავისუფლდებიან: საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში აქვთ გავლილი; ნასამართლევი არიან სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად არიან ცნობილი; გავლილი აქვთ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური; არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე; პარლამენტის დეპუტატები; განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები. ვადიანი სამხედრო სამსახურისგან შეიძლება გათავისუფლდეს ასევე ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.

სამსახურის გადავადება შესაძლებელია, თუ წვევამდელზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. არის სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, დარეგისტრირებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ერთადერთი ვაჟია ოჯახში ან ჰყავს ორი და მეტი შვილი და სხვ. შეღავათებით სარგებლობენ ასევე მღვდელმსახურები, მასწავლებლები და სოფლის ექიმები.

186
თემები:
საქართველოს თავდაცვა (87)
თბილისის აეროპორტი

საქართველოში უცხოელებისთვის ლეგალურად ყოფნის ვადა გახანგრძლივდა

42
(განახლებულია 15:50 06.08.2020)
საქართველოში ლეგალურად ყოფნის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომელთაც საქართველოში ყოფნის ვადა გაუვიდათ, თუმცა, ქვეყანაში მათი ყოფნა გარკვეული გარემოებებით არის გამოწვეული

თბილისი, 6 აგვისტო  — Sputnik.  უცხოეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის დატოვება ვერ შეძლეს, ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადა 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში შესულ  ცვლილებებში.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ხელისუფლებამ 14 მარტიდან 31 ივლისამდე პერიოდში უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი ყოფნის საშეღავათო პერიოდი აამოქმედა.  1 აგვისტოდან კი ყველა მათგანი არალეგალად ითვლება.

განკარგულებაში შესული ცვლილებების თანახმად, 14 მარტიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში ლეგალურად ყოფნის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომელთაც ქვეყანაში ყოფნის ვადა გაუვიდათ, თუმცა, ქვეყანაში მათი ყოფნა გარკვეული გარემოებებით არის გამოწვეული. 

კერძოდ, გარემოებები შემდეგია: სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან, ინფიცირების მაღალი რისკის ზონაშია, ან თუ სახელმწიფომ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვები დააწესა, ან თუ პირი იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინსა ან თვითიზოლაციაში, ან თუ სამშობლოში დაბრუნებაში მას ხელს გაუქმებული ავიარეისები უშლის.

საქართველოში ყოფნის კანონიერი ვადის ამოწურვის შემდეგ უცხოეთის მოქალაქე ვალდებულია ქვეყანა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჯარიმა ან ქვეყნიდან გაძევება ემუქრება, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში შემოსვლაზე აკრძალვას ორიდან ხუთ წლამდე ვადით.

ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს – თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილება ინდივიდუალურია.

რაც შეეხება ჯარიმებს, ვადის ამოწურვის შემდეგ სამი თვის განმავლობაში მათ ჯარიმა 180 ლარი ეკისრებათ, შემდგომ პერიოდში კი ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.

42
თემები:
COVID-19 საქართველოში
მთავრობის სხდომა

საქართველოს მთავრობაში ახალი მინისტრია

68
(განახლებულია 15:51 06.08.2020)
თეა ახვლედიანმა პოსტზე ქეთევან ციხელაშვილი შეცვალა, რომელიც 22 მაისიდან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია ეუთოს მისიაში და ვენაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩი ავსტრიაში.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა თეა ახვლედიანმა დაიკავა, რომელიც მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ამის შესახებ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

თეა ახვლედიანმა ამ პოსტზე ქეთევან ციხელაშვილი შეცვალა, რომელიც 22 მაისიდან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია ეუთოს მისიაში და ვენაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩი ავსტრიაში. 

„მინდა პირველ რიგში მას მივულოცო ეს დიდი და საპასუხისმგებლო თანამდებობა. ის ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის წევრი, მაგრამ უკვე იჯდება ამ მრგვალ მაგიდასთან... მას აქვს დიდი და სერიოზული გამოცდილება ჩვენი დიპლომატიური გუნდის წარმომადგენლობაში როგორც ევროპის, ისე კონფლიქტების მიმართულებით“, – განაცხადა გახარიამ.

ქეთევან ციხელაშვილი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე 2016 წლის ივლისში დაინიშნა. მინისტრის პოსტზე ყოფნის განმავლობაში იგი აქტიურად იყო დაკავებული საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის მთავრობის მხრიდან შეთავაზებული სერვისებსა და დახმარებებზე წვდომის, ასევე საქართველოში ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებით.

ამიერიდან აღნიშნული საკითხებით თეა ახვლედიანი დაკავდება.

 

68
თემები:
საქართველოს მთავრობა
მეამას შენობა

საუკეთესო მსოფლიოში: ქართული „მეამა“ Architizer A+Awards-ის გამარჯვებულია

0
(განახლებულია 16:53 06.08.2020)
არქიტექტორ გიორგი ხმალაძის პროექტმა ონლაინ–კენჭისყრის შედეგებით ველაზე მეტი ხმა მოიპოვა – პროექტმა მანამდე ახალგაზრდა არქიტექტორების საერთაშორისო კონკურსის ArchDaily&Strelka Award 2019 გრან-პრი მიიღო.

 

თბილისი, 6 აგვისტო  — Sputnik. ყავის ქართული კომპანია „მეამას“ შენობამ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი Architizer A+Awards-ის სამ კატეგორიაში გაიმარჯვა და მსოფლიოში საუკეთესო ნაგებობად დასახელდა.

Architizer A+Awards – უდიდესი კონკურსია მსოფლიო არქიტექტურის სფეროში. მისი მიზანია მსოფლიოში წლის საუკეთესო, ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და გამოჩენილი არქიტექტურული პროექტების პოპულარიზება.

ქართული კომპანიის სათავო ოფისის შენობა ამ საერთაშორისო კონკურსზე იყო წარდგენილი და ფინალში გავიდა. შენობა წარდგენილი იყო სამ ნომინაციაში – საოფისე სივრცე (25 ათას კვადრატულ მეტრზე ნაკლები), ოთხსართულიანი სამუშაო სივრცე და არქიტექტურა და ბეტონი

წარდგენილი ნამუშევრებიდან ჟიურიმ თითოეულ კატეგორიაში ხუთ-ხუთ ფინალისტი შეარჩია. კონკურსანტების მხარდაჭერა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლო. გამარჯვებული ონლაინ–კენჭისყრით გამოვლინდა.

"მეამას“ შენობის კონკურენტები ისეთი ცნობილი კომპანიების სამუშაო ადგილები იყო, როგორიცაა Jaguar, TikTok და სხვ.

გამარჯვებული და ასევე ფინალში გასული პროექტები Architizer A+Awards-ის ვებ-გვერდზე განთავსდება. ისინი ასევე წარმოდგენილი იქნებიან ჟურნალში Architizer.com.

თბილისში მდებარე ყავის კომპანიის ოფისის პროექტი ეკუთვნის გიორგი ხმალაძეს კომპანიიდან Khmaladze Architects. პროექტმა მანამდე ახალგაზრდა არქიტექტორების საერთაშორისო კონკურსის ArchDaily&Strelka Award 2019 გრან-პრი მიიღო.

გიორგი ხმალაძის პროექტი მოიცავს ყავის მწარმოებელ ფაბრიკას, ოფისებს, სივრცეებს ყავის დაგემოვნებისთვის და ასევე მცირე გამოფენებისთვის. შენობა წარმოადგენს მონოლითურ ბეტონის ფასადს საოცარი გეომეტრიული ფორმებით. შენობას ორიგინალურ იერს სძენს გაზონები სახურავზე.

0
თემები:
საქართველო და კულტურა