ციხე

შეწყალების უფლება საქართველოს პრეზიდენტების აქილევსის ქუსლი

219
(განახლებულია 19:35 30.08.2019)
შეწყალების უფლება პრეზიდენტისთვის კონსტიტუციის 73-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლებით მინიჭებული უფლებაა, რომელიც ინდივიდუალური აქტის საფუძველზე მსჯავრდებულის შეწყალებას ითვალისწინებს და პრეზიდენტისა და სახელმწიფოს ჰუმანურ ბუნებას გამოხატავს.

თავისი პრეზიდენტობის ორ ვადაში მიხეილ სააკაშვილმა 34 947 პირი შეიწყალა, გიორგი მარგველაშვილმა – 3861, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა ჯერ მხოლოდ შეწყალების ორი აქტი გამოსცა. მან მარიამობასთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის აღმოჩნდა ბათუმში, ღამის კლუბში 22 წლის პოლიციელის მკვლელობისათვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე. ამ ფაქტმა დეპუტატებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მძაფრი კრიტიკა გამოიწვია.

უმრავლესობის წევრ თამარ ხულორდავასაც კი, რომელიც პარლამენტამდე სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყო, არ ესმის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების ლოგიკა. თუმცა, სალომე ზურაბიშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან პრეზიდენტობის პირველივე თვეებში სცადა ეს საორჭოფო ფუნქცია იუსტიციის სამინისტროსთვის გადაებარებინა, მაგრამ ეს საკითხი ჩანასახშივე მკვდრადშობილი აღმოჩნდა, რადგან სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ამჟამად იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, შეწყალებას ვერ განახორციელებს უწყება, რომელიც თავად უზრუნველყოფს სასჯელის აღსრულებას.

კურიოზულია ის ფაქტი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავადაა მსჯავრდებული 3 წლით შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენების გამო. თავისი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში მან 35 ათასამდე პირი შეიწყალა. აღსანიშნავია, რომ თუ მანამდე სულ 12 ათას ადამიანზე ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისას, 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში შეწყალების 4 აქტი გამოსცა და 23 ათასამდე ადამიანი შეიწყალა. მათ შორის მრავლად იყვნენ მძიმე, ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი პირებიც.

ბუნებრივია, ეს იყო საბოტაჟი „ქართული ოცნების“ მიმართ კრიმინოგენული სიტუაციის დასამძიმებლად, თუმცა ხელისუფლებამ ეს კრიზისი, ასე თუ ისე, გადალახა. მართალია, მუდმივი კრიტიკოსები წუხან, მაგრამ პატიმართა რიცხვის თითქმის 2,5-ჯერ შემცირების მიუხედავად ვითარება საქართველოში თითქმის ისეთივეა, როგორიც მიშას „ნულოვანი ტოლერანტობის“ დროს იყო, იმ განსხვავებით, რომ ხალხს ქუჩაში აღარ ხვრეტენ, არც სახლში უვარდებიან შუაღამით და მერე მათ ბიზნესებს საკუთარი გუნდის წევრებს არ უფორმებენ.

მიუხედავად სააკაშვილის დაჭერა-შეწყალების მძაფრი ვნებებისა, გაგიკვირდებათ და ყველაზე პროგრესული ნაბიჯები მაინც შევარდნაძის მრავალწლიანი მმართველობის პერიოდში გადაიდგა. ერთ დროს სისასტიკით ცნობილი შინაგან საქმეთა მინისტრი ასაკში უფრო გულჩვილი გახდა. მან ჯერ 1994 წელს მორატორიუმი გამოაცხადა დახვრეტაზე, 1998 წლიდან კი ევროსაბჭოში გაწევრიანებას წინ უძღოდა სიკვდილით დასჯის გაუქმება. მაშინ შევარდნაძემ ბევრ სხვასთან ერთად მასზე თავდასხმაში ბრალდებული პირებიც გაათავისუფლა.

ყველაზე მეტი კრიტიკა მაინც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხვდა წილად. არც არავინ ჰყავდა დამცველი. საკუთარი გუნდის უარმყოფელმა თუ საკუთარი გუნდის მიერ უარყოფილმა აკი ამოთქვა კიდეც – ბოლოს და ბოლოს, რას მერჩით, მე მთელი 5 წლის განმავლობაში მხოლოდ 3500 პატიმარი შევიწყალე, მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილმა 35 ათასიო. და ეს განცხადება სწორი იყო.

დისკუსია ჯერ მის მიერ ნარკოტიკების შემოტანისათვის დაკავებული ქორიძის შეწყალებამ წარმოშვა, შემდეგ მთელი საქართველო შეძრა ყოფილი პატიმრის მიერ ვერაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობამ მცირეწლოვანი შვილების თვალწინ.

როგორც წესი, საზოგადოება და ჟურნალისტები ხშირად მხოლოდ პრობლემების სათავეს ვხედავთ, აისბერგის წვერს. არადა, შეწყალების უფლება გაცილებით უფრო სერიოზულ დამოკიდებულებას ითხოვს. ის მიანიშნებს როგორც სახელმწიფოს ჰუმანურ ბუნებაზე, ასევე იმაზეც, რომ თუ არ გვინდა მკვლელები, პედოფილები და ნარკოტიკების გადამზიდველები შევიწყალოთ, თავად სისტემამ უნდა იმუშაოს გამართულად და პრეზიდენტებს არ მივცეთ ასეთების შეწყალების რეკომენდაცია.

შეწყალებულს კი საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის გზა უნდა ჰქონდეს და არა გაუსაძლისი პირობები, რის გამოც ხშირად საკუთარი თავის რეალიზების ნაცვლად ისევ დანაშაულს ჩადის.

ასე რომ, შეწყალების აქტიც კარგია და პრეზიდენტებსაც უნდა ჰქონდეთ შეწყალების უფლება. მთავარია, ამ უფლების ბოროტად ანდა შეცდომით გამოყენების შემთხვევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

219
თბილისი

აი რაია?... ანუ რა და როგორ ითვლება IRI−ის დაკვეთით?..

511
(განახლებულია 10:33 15.08.2020)
რას ფიქრობს ხალხი?.. COVID-19-ის პანდემია, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და ეკონომიკური გამოწვევები... საზოგადოების განწყობა ციფრებში და დამთვლელის მთავარი გზავნილი... ვის რა ინტერესები ამოძრავებს...

სამსონ ხონელი

დიდი დრო არ გასულა!.. თიბათვის მიწურულს სტატია შემოგთავაზეთ − „ხვალ რომ არჩევნების დღე იყოს?!.. ანუ ვის მისცემდი ნეტავ?!..“ მაშინ ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გაგაცანით. კარგად მახსოვს, ვწერდი, დღეს, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მოსახლეობის 39 პროცენტი „ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 16 პროცენტი კი „ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერდა მხარს, 5 პროცენტით მესამე პოზიცია კი „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკს ეკავა... გამოკითხულთა 20 პროცენტი ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული...

სამიოდე კვირა გავიდა და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებას შეახსენა, რომ ისიც ითვლის და იკვლევს. წინამდებარე სტატიაც ამ შეხსენების შედეგია. კვლევის ავტორებმა შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირდაპირი ინტერვიუს გზით, 1500 რესპონდენტი გამოიკითხეს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი განსხვავებულად, მისებურად, ითვლის. კერძოდ, მომდევნო კვირას რომ არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ 33 პროცენტი დაუჭერდა მხარს... სახელისუფლებო პარტია რეიტინგის სათავეშია, მაგრამ „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგისგან განსხვავებით, მმართველი გუნდის მაჩვენებელი 6 პროცენტით გაუარესდა!.. მომდევნო ორი პოზიცია „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკს უკავიათ. საგულისხმოა, მათი პროცენტული მაჩვენებელიც „ედისონ რისეჩის“ კვლევის შედეგეს ემთხვევა, შესაბამისად − 16 და 5 პროცენტი. ასე რომ, კვლევის შედეგებს შორის სხვაობა სახელისუფლებო გუნდის სასარგებლოდ არ მეტყველებს.

მმართველი პარტიის მონაცემებში უმნიშვნელო სხვაობაა, − შესაძლოა ბრძანოს მკითხველმა და რა გაეწყობა, მოკრძალებულად მივანიშნებ, რომ ასე არ არის. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, ახლადარჩეულ პარლამენტში მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ის პოლიტიკური პარტია შეძლებს, რომელიც პროპორციულ არჩევნებში ელექტორატის მინიმუმ ორმოცპროცენტიან მხარდაჭერას მოიპოვებს... სწორედ აქ არის „ძაღლის თავი დამარხული“ და კვლევების შედეგებს შორის სხვაობაც ამიტომაც არის ყურადსაღები.

ორივე კვლევის თანახმად, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებს დამაჯერებლად იგებს, თუმცა „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგით (39 პროცენტი) ბიძინა ივანიშვილის ოცნების გუნდი ძალიან ახლოს არის, რომ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა. IRI-ის კვლევის ციფრებს შორის მკაფიოდ იკითხება, რომ „ქართული ოცნება“ ერთპარტიული მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს!.. სხვისი არ ვიცი, მე კი მგონია, კვლევის დამკვეთთა მთავარი გზავნილი სწორედ ეს არის. ნათქვამის დასტურად კვლევის ერთ ფრაგმენტს მოვიშველიებ...

მოსახლეობის 73 პროცენტი კოალიციურ მთავრობას ემხრობა!.. კერძოდ, გამოკითხულთა 34 პროცენტი სრულად და 39 პროცენტი კი ნაწილობრივ ეთანხმება დებულებას, რომ „საქართველოს დემოკრატიისთვის ჯანსაღია რამდენიმე პარტიისგან შემდგარი მთავრობის ყოლა“.

კვლევაში არაფერია ნათქვამი, გამოკითხული რესპონდენტებიდან რამდენი ერკვევა კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცედურაში ან რამდენმა იცის, რომ კოალიციური მთავრობის ფორმირება საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ბარიერგადალახული პარტიების პოლიტიკურ შეთანხმებას ეფუძნება, რაც როგორც წესი ხანგრლივი კონსულტაციების შედეგია. სხვა საკითხია, რა მოიაზრება ამ ე.წ. კონსულტაციების მიღმა. კვლევის დამკვეთები არც იმით დაინტერესებულან, აქვს თუ არა მოსახლეობას მზაობა, რომ მთავრობის ჩამოყალიბების საკითხზე შეთანხმება ვერ შედგეს, აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება ხანგრძლივი დროის განმავლობაშიც ვერ მოხერხდეს და საბოლოოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს... არადა, ამგვარი კრიზისი სავსებით რეალურია და შესაძლებელიც. 

მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სავსებით რეალისტურია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ფლანგი ხმამაღალი განცხადებებით ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასასრულს აანონსებს, ვეჭვობ, ოპოზიციური პარტიების დიდი უმრავლესობა მარცხს უკვე შეეგუა... ასე რომ, ახლა უკვე მომავალი არჩევნების მთავარი ინტრიგაა − „ქართული ოცნება“ მთავრობის ფორმირებას დამოუკიდებლად მოახერხებს თუ რამდენიმე ოპოზიციური მანდატი პირდაპირი მნიშვნელობით დაიდებს ფასს...

შთაბეჭდილება მრჩება, მავანნი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს მიღმა ცდილობენ, მისი უდიდებულესობა ამომრჩეველი დაარწმუნონ, რომ კოალიციური მთავრობა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი პირობაა. IRI-ის კვლევის განხილული ეპიზოდიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. სოციოლოგები დიდი ხანია აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ავტორები თავიანთ შედეგებში არცთუ იშვიათად წარმოაჩენენ იმას, რაც კვლევის დამკვეთებს სურთ რომ იყოს... რაც შეეხება დემოკრატიას, რაც ასე აწუხებთ კვლევის დამკვეთთ, გამოკითხულთა უმეტესობა, 55 პროცენტი საქართველოში დემოკრატიის დონით კმაყოფილია.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების თემატიკით არ შემოიფარგლა. თქვენს ყურადღებას რამდენიმე ფრაგმენტზე გავამახვილებ. ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების რეიტინგს. 89 პროცენტით შეიარაღებული ძალები ლიდერობს. მომდევნო პოზიციაზე 83 პროცენტით საპატრიარქოა. პირველ სამეულში 71 პროცენტით მედია მოხვდა. რაც შეეხება პერსონალურ რეიტინგს, რესპონდენტთა 89 პროცენტის კეთილგანწყობით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს. მომდევნო პოზიცია ამირან გამყრელიძეს უკავია გამოკითხულთა 74 პროცენტის კეთილგანწყობით. პრემიერ-მინისტრი მესამეა, გიორგი გახარია რესპონდენტთა 63 პროცენტს მოსწონს. პირველ ხუთეულშია კახა კალაძე და დავით ბაქრაძე...  ბიძინა ივანიშვილი სიმბოლური 41 პროცენტით მხოლოდ მეშვიდეა...

მკითხველს არ გაუკვირდება, კვლევის ნაწილი პანდემიას ეთმობა. გამოკითხულთა 79 პროცენტი COVID-19-ის პანდემიაზე მთავრობის რეაგირებას დადებითად აფასებს. მეტიც, რესპონდენტების 25 პროცენტი პასუხობს, რომ მოქმედი მთავრობის მთავარი მიღწევა სწორედ კორონავირუსთან ბრძოლაა. ცალკეული ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას კი, რესპონდენტთა უმრავლესობა, 94 პროცენტი ამბობს, რომ ყველაზე ეფექტიანად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობს. ჯანდაცვის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას, შესაბამისად 91 და 81 პროცენტით მეორე და მესამე პოზიციები უკავიათ. სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის      წარმატებულად მართვის მიუხედავად, გამოკითხულთა 82 პროცენტი აცხადებს, რომ პანდემიის შედეგად ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში მძიმეა... სიტყვა ეკონომიკაზე ჩამოვარდა და ისიც უნდა ითქვას, რომ რესპონდენტთა 46 პროცენტის შეფასებით, ქვეყანაში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი

სწორედ ეკონომიკური პრობლემებია, კერძოდ, უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე... რა თქმა უნდა, არის სხვა პრობლემური საკითხებიც... გამოკითხულების 4 პროცენტს ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად COVID-19-თან ბრძოლა მიაჩნია, 3 პროცენტს კი ოკუპირებული ტერიტორიები, შიდა კონფლიქტები − 2 პროცენტს. რესპონდენტთა ასევე 2 პროცენტი მთავარ გამოწვევად განათლებას ასახელებს... პრობლემებზე საუბრისას გამოკითხულთა 1 პროცენტს არც კორუფცია ავიწყდება...

დღეისათვის სულ ეს არის... თქვენი ყურადღება მხოლოდ რამდენიმე მონაცემზე გავამახვილე. რა თქმა უნდა, დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია, IRI-ის კვლევის შედეგებს სრულად გაეცნოს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვებგვერდზე...

სავარაუდოდ, ვიღაც ახლაც ითვლის, მერე რა რომ  მრავალი წელია, დანათვალის არავის სჯერა, მათ შორის არც მას ვინც ითვლის!..

 

511
საპარლამენტო არჩევნები

წინასაარჩევნო საქმეები: პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას ააქტიურებენ

79
საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოში ორთვე-ნახევარი რჩება, კონკურენცია კი დიდია - 40 პარტიაზე მეტი 150 ადგილზე

თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრასა და კანდიდატების წარდგენას განაგრძობენ. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა, რომელიც ერთბაშად რამდენიმე ნათელი პოლიტიკური მოვლენით აღინიშნა.

დღეს ერთბაშად ოთხმა პარტიამ გადაწყვიტა, ამომრჩევლებისთვის თავი შეეხსენებინა და ტელევიზორის ეკრანებზე მოხვედრილიყო.

ყველაზე მასშტაბური და წარმომადგენლობითი გახდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ღონისძიება ქალაქ გურჯაანში, სადაც მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„ჩემთვის დიდი პატივია, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოვადგენდე საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და გურჯაანის რაიონებს და ვიყო კახეთის მოსახლეობის ხმა პარლამენტში“, - განაცხადა სონღულაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მართალია, დაპირებებით არც კანდიდატსა და არც პარტიის პირველ პირებს მოსახლეობა არ გაუნებივრებიათ, მაგრამ სამაგიეროდ აღიარეს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

ვიდრე მმართველი პარტია რეგიონებს იპყრობდა, მისმა კონკურენტებმა გადაწყვიტეს, თბილისში გამოეჩინათ თავი. ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატმა ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა, თავისი წინასაარჩევნო ოფისი გახსნა.

გახსნა მოკრძალებული იყო. მას მხოლოდ პარტიის წევრები ესწრებოდნენ. თუმცა ნათელაშვილი სხვა პარტიებიდან მხარდამჭერების ნაკლებობას არ გაუნაწყენებია. მან განაცხადა, რომ დღეიდან შეუდგებოდა გზას გამარჯვებისკენ.

„ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ ოფისი ნაძალადევში, იმ ნაძალადევში, რომელიც ქვეყანაში ცნობილია თავისი ვაჟკაცობითა და რევოლუციური განწყობით. ჩვენ ერთობლივი ბრძოლით გამოვიყვანთ ქვეყანას კრიზისიდან და შევუდგებით გზას გამარჯვებისკენ“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

პარალელურად, ოპოზიციური ფრთის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მასზე, როგორც ჩუღურეთის ოლქის კანდიდატზე, ზეწოლა ხორციელდება.

„გუშინ აღმაშენებლისა და წერეთლის გამზირებზე კამპანიას ვატარებდით, როდესაც თავს დაგვესხა ადამიანების ჯგუფი, რომელიც შეურაცხყოფით, ძალადობითა და დაშინებით გვიშლიდა ხელს“, - აღნიშნა დოლიძემ.

მოულოდნელი განცხადებით გამოვიდა კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“. მის სიაში გამოჩნდება ადამიანი, რომელმაც თავის დროზე თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა ქვეყნის ყველაზე ორიგინალური პარტია „გირჩი“ - გიორგი მელაძე. იგი უხელმძღვანელებს საბურთალოს  საარჩევნო შტაბს.

დანარჩენმა პარტიებმა პარასკევს გადაწყვიტეს რუტინული შეხვედრების გაგრძელება ამომრჩევლებთან თბილისსა და რეგიონებში. საპარლამენტო არჩევნებამდე ხომ ორთვე-ნახევარი რჩება, კონკურენცია კი დიდი იქნება - 40-ზე მეტი პარტია პარლამენტში 150 ადგილზე.

79
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
კესარია აბრამიძე

„მესამედაც ვცდი...“ - კესარია აბრამიძე თხოვდება?

0
(განახლებულია 15:02 31.07.2020)
ცოტა ხნის წინ სკანდალურმა ტრანსგენდერმა მოდელმა შეყვარებულის ფოტო გაასაჯაროვა. აღმოჩნდა, რომ კესარია გათხოვებაზე ფიქრობს.

პირველი ქართველი ტრანსგენდერი მოდელისა და მსახიობის კესარია აბრამიძის ცხოვრება სკანდალებით არის სავსე. კესარიას პირადი ცხოვრება სულ აინტერესებთ. ნახეთ, რას აქვეყნებს მოდელი.
მას ხშირად პოპულარულ და სექსუალურ მსახიობს შორენა ბეგაშვილს ადარებენ, თუმცა კესარია ყოველთვის ამბობს, რომ დედას ჰგავს. სკანდალური, ეპატაჟური, ინტრიგებით აღსავსე – საზოგადოება კესარია აბრამიძეს ამ სიტყვებით მოიხსენიებს. მიუხედავად ამისა, ყველასთვის ცნობილი ქართველი ფოტომოდელი გაღიზიანებას ნაკლებად იწვევს.

View this post on Instagram

#makeup #lips #nails #beauty #color #fashion #jeffreestar #mac #morphe #ledy #diva

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

საქართველოში ნებისმიერმა იცის კესარია აბრამიძის სახელი, საქმიანობა, ჰობი... ადამიანებს გამუდმებით აინტერესებთ კესარიასთან დაკავშირებული ამბები. სოციალურ ქსელში უამრავი მიმდევარი ჰყავს, ვისაც მუდმივად ანებივრებს თავისი ფოტოებით და სკანდალური განცხადებებით. კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას იღებენ სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში. 2014 წელს განაცხადა, რომ ოპერაცია გაიკეთა და სქესი შეიცვალა.

View this post on Instagram

@geofari.ge #corona #model #beauty #sexygay #diva #missyou

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

კესარია აბრამიძე ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში „მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილეობდა. როგორც ფოტომოდელი აღნიშნავს, ეროვნული სამოსის ტურზე ქართული ტრადიციული კაბა უნდა წარედგინა, მაგრამ საქართველოში, სხვადასხვა მოდის სახლებში მისულს, კესარიას უარი განუცხადეს და ეროვნული სამოსი „მის ტრანს ვარსკვლავის“ კონკურსზე არ გაატანეს.

View this post on Instagram

#milano

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

სოციალურ ქსელში აქტიური კესო თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს. ფოტო-ვიდეოგადაღებების გარდა კესარია მათ კითხვებს ინტენსიურად პასუხობს. კესარია აბრამიძე შეყვარებულს, რომელმაც სახლი აჩუქა და რომელთანაც სამი წელი იცხოვრა, დაშორდა. მისი თქმით, დაშორების მიზეზი ის გახდა, რომ ერთმანეთი ამოწურეს. დღეს კესარია ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარ სახლში ცხოვრობს და ამბობს, რომ თავისუფალი და ბედნიერია.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი მარტოობა დიდხანს არ გაგრძელებულა და ის რამდენიმე თვის წინ მილანში მილიარდერ თაყვანისმცემელთან ერთად გაემგზავრა. ცოტა ხნის წინ კი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოები დადო, სადაც, სავარაუდოდ, ისევ ის მამაკაცია აღბეჭდილი ავტომანქანის ფონზე და დიდი თაიგულით ხელში. კესარიას „სთორიში“ ისიც ჰკითხეს, როდის თხოვდება, რაზეც უპასუხა, რომ „მესამედაც ცდის“.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება