პარლამენტის შენობა

პარლამენტის საშემოდგომო სესია: თარიღები და მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებები

78
(განახლებულია 17:02 26.08.2019)
საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და საქართველოს კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შესწორებები განიხილოს.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს საშემოდგომო სესია, რეგლამენტის თანახმად, სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება, პლენარული სხდომა 3 სექტემბერს ჩატარდება, თუმცა მანამდე დეპუტატები პარლამენტის ბიუროს სხდომის ფორმატით შეიკრიბებიან.

საშემოდგომო სესიის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილება, კერძოდ, მოუსმინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს და 20 მოსამართლე აირჩიოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე უნდა განიხილოს, არის შესწორებები საქართველოს კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

საქართველოს პარლამენტმა უნდა მოუსმინოს წლიურ ანგარიშებს, რომელთა განხილვა საგაზაფხულო სესიის დროს ვერ მოახერხეს და შემოდგომისთვის გადადეს. მათ შორისაა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის, გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძისა და აუდიტის სამსახურის წლიური ანგარიშები.

რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს დაიხურება.

წლიური ანგარიშების გადადების მიზეზი

საგაზაფხულო სესიაზე ბახტაძის ანგარიშის მოსმენა 20 ივნისის მოვლენების გამო გადაიდო. როგორც ცნობილია, ივნისის მიწურულს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. მომიტინგეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას საპროტესტო აქციის სასტიკად დარბევაში ადანაშაულებდნენ. გახარიას მტკიცებით კი, პოლიციამ, რომელმაც 21 ივნისის ღამეს აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ქვეყანას დიდი საფრთხე ააცილა თავიდან, ვინაიდან იგეგმებოდა გადატრიალება.

პარლამენტი გადაწყვეტილებების მიღებისადმი მიდგომას ცვლის>>

რაც შეეხება საქართველოს გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის მოსმენას, სავარაუდოდ, ის გადაიდო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში პროკურორის მონაწილეობის გამო. თადუმაძის სახელი აღმოჩნდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა 2018 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში აგორებული სკანდალის შედეგად. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლე კანდიდატების სია დასამტკიცებლად წარუდგინა. ამ სიაში შეტანილი იყო იმ მოსამართლეთა გვარები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ დროს ოპოზიციური „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა საქმეებზე სკანდალური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომელთაც ბოლო დროს სასამართლოს „კლანურ მართვაში" ადანაშაულებდნენ. საბოლოოდ მიღებული იქნა სიის გამოწვევისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების შემუშავების გადაწყვეტილება, რათა მოსახლეობას დანიშნული მოსამართლეების ობიექტურობაში ეჭვი არ შეეტანა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მსურველების მიერ განაცხადების შეტანა 11 მაისს დაიწყო და 31 მაისს დასრულდა. განცხადება 114-მა კანდიდატმა შეიტანა, თუმცა მოგვიანებით შვიდმა მათგანმა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 50 კანდიდატი შეარჩია და მათ ნარკოლოგიური შემოწმების გავლა დაავალა. მათ შორის არიან საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეც. მას შემდეგ, რაც პრეტენდენტთა სია 20-მდე შემცირდება, თითოეულ კანდიდატს საბჭო ცალ–ცალკე უყრის კენჭს, რათა შემდეგ დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინოს. პარლამენტის დეპუტატები, თავის მხრივ, მოსამართლეთა ყველა კანდიდატს განიხილავენ და თითოეულს კენჭს ცალ-ცალკე უყრიან. მოსამართლე ის გახდება, ვინც დეპუტატთა 76 ან მეტ ხმას მიიღებს.

78
თემები:
საქართველოს პარლამენტი (65)