ქიბარ ხალვაში და პაატა სალია

„რუსთავი 2“-ს სააკაშვილი და გვარამია ანგრევდნენ" ხალვაში ბოლო მოვლენების შესახებ

217
(განახლებულია 12:31 23.08.2019)
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალმა მფლობელმა საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების დემარში შეაფასა.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის მიზანმიმართულ ნგრევაში დაადანაშაულა. 

ტელეკომპანიის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ არხი დატოვა მიუხედავად იმისა, რომ მათ დარჩენა შესთავაზეს. ჟურნალისტების განცხადებით, ახალი მფლობელის პირობებში დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა ვერ შენარჩუნდება. ტელეკომპანიის მფლობელის შეცვლა 18 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ მოხდა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია „რუსთავი 2“-ში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესები. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა ჩემი ვარაუდის, რომ სააკაშვილი და გვარამია მიზანმიმართულად ანგრევენ კომპანიას. ფაქტია, რომ ტელევიზიის ფინანსური კრახის შემდეგ გვარამია გადაერთო თანამშრომლებზე და მათ წინააღმდეგ გაუგონარი ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი დაიწყო“, – დაწერა ხალვაშმა.

მან აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის პირობებში შესთავაზა დასავლური, ცივილიზებული სტანდარტებით მუშაობა. ეს, მისი სიტყვებით, ნიშნავდა „კრიტიკულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მაუწყებლობას“. მაგრამ ზოგიერთმა ჟურნალისტმა რამდენიმე ადამიანის „კონკრეტული მიზეზით“ გათავისუფლება მიიღო როგორც სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა. 

„თუმცა, ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ ამ დროის განმავლობაში ჩემი მხრიდან ადგილი ჰქონდა მათ საქმიანობაში რაიმე სახის ჩარევას. ჟურნალისტების გარკვეული ნაწილის წასვლა თავიდანვე ნათელი იყო და მხოლოდ ნიკა გვარამიას მოწოდებაზე იყო დამოკიდებული“, – აღნიშნა ხალვაშმა.

მისი სიტყვებით, გვარამიამ „რუსთავი 2“ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის იარაღად გადააქცია.

„ჩემთვის ნათელია, რომ ნიკა გვარამია მის პატრონთან სააკაშვილთან ერთად ცდილობდა „რუსთავი 2"-სთვის დაეკარგა ტელევიზიის სახე და აგრესიული პარტიული პროპაგანდის იარაღად გადააქცია. წლების განმავლობაში ამ პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი იყო სიცრუე და საზოგადოების ცნობიერებაზე ძალადობა. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ტელევიზიის სანდოობას პირველი კრიტიკული დარტყმა მიაყენა“, – განაცხადა ხალვაშმა. 

ხალვაში „რუსთავი 2“-ის ფინანსურ პრობლემებში გვარამიას ადანაშაულებს.

გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია. მას ბრალი ედება იმაში, რომ „რუსთავი 2“-ის ინტერესების საზიანოდ მისი მეგობრების კომპანია „ინტერ მედია პლუსისთვის“ მრავალმილიონიანი მოგების პირობები შექმნა. სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომელიც „ინტერ მედია პლუსს“ ტელეკომპანიის ეთერში რეკლამის განთავსების უფლებას აძლევდა. მაშინ „რუსთავი 2“-ის ზარალმა 7,4 მლნ ლარი შეადგინა, „ინტერ მედია პლუსის“ შემოსავალმა კი 8,7 მლნ ლარი. 

„უმძიმესი დარტყმა იყო ის ფინანსური მაქინაციები, რომლებმაც ტელეკომპანია ამ ვითარებამდე მიიყვანა. მათ შორის იყო ის ერთ-ერთი ეპიზოდი, რის გამოც მოხდა რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება. იმ დროს, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, გვარამიას, ანჯაფარიძეს, მელაძეს, ლაფერაშვილს, გაბუნიას, ასევე ყოფილ თანამშრომელ უდუმაშვილს ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული“, – განაცხადა ხალვაშმა.

მისი სიტყვებით, ახლა ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული თანხები ბონუსის სახით მიიღეს.

„თუმცა აშკარაა, რომ ასეთი ბონუსები კომპანიას არ გაუცია და სწორედ „რუსთავი 2“-ის კუთვნილი, მაგრამ სხვა კომპანიაში დალექილი თანხები მიიღეს, ჩუმად, სხვა თანამშრომლებისგან მალულად, გადასახადების გადაუხდელად“, – განაცხადა ხალვაშმა.

ამასთან, მან პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს „რუსთავი 2“-ის გადასარჩენად, რათა „შექმნილ ვითარებაში სწრაფად მოვახერხოთ არხის რეაბილიტაცია და ისევ იმ „კურიერის" დაბრუნება ეთერში“.

„სამწუხაროდ, ბევრმა ჟურნალისტმა გუშინ მიიღო ემოციური გადაწყვეტილება, რაც, იმედი მაქვს, რომ მალე შეიცვლება, როდესაც დარწმუნდებიან, რომ „რუსთავი 2“ არ ღალატობს თავის ძველ ტრადიციას, არის კრიტიკული, შეუპოვარი და დამოუკიდებელი, ისეთი, როგორიც იყო წლების წინ, სანამ ბოლომდე პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეოდა და როდესაც მათ საზოგადოება ენდობოდა. პოზიტიურ სიახლეებს უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ!" – განაცხადა ხალვაშმა.

217
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩის“ ლიდერი პარლამენტის დეპუტატობას აპირებს

9
(განახლებულია 11:55 10.08.2020)
ზურაბ ჯაფარიძის ერთ–ერთი ძირითადი კონკურენტი დიდუბე–ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის წარმომადგენელი გია ვოლსკი იქნება

თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik.  ყველაზე არაორდინარული პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დიდუბე–ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავის Facebook–გვერდზე დაწერა.

„ავტომობილი საჩუქრად“ – რა სიურპრიზს უმზადებს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს „გირჩი“>>

როგორც ჯაფარიძემ დაწერა, პარტია „გირჩი“ რამდენიმე კვირის წინ ოპოზიციას ერთობლივი კანდიდატების შერჩევის პროცესიდან გამოეყო.

„ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე. მე საჯაროდ დავუჭირე მხარი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ქ-ნ ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული. ამავე დროს, იმის გამო რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოლქის გარდა სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში“, – დაწერა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, სანამ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მან კონსულტაცია გაიარა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან და მათ ეს ნაბიჯი დადებითად შეაფასეს.

ჯაფარიძეს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის იმედი აქვს.

ზურაბ ჯაფარიძე: როგორც ნაცრისფერ მასას, ისე ვუყურებ პოლიტიკურ პარტიებს>>

ზურაბ ჯაფარიძის ერთ–ერთი ძირითადი კონკურენტი დიდუბე–ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი იქნება.

„საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იქნება ბ-ნი გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედიაპლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში“, – დაწერა ჯაფარიძემ.

დიდუბე–ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის სურვილი ივლისის ბოლოს მოძრაობის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ გამოთქვა.

ეს დოლიძისთვის არჩევნებზე კანდიდატის სახით ბრძოლის პირველი გამოცდილებაა. ის დიდი ხანი მუშაობდა არასამთავრობო სექტორში, შემდეგ იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ხოლო 2018 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა. ეს პოსტი მას ამა წლის ივნისამდე ეკავა – ამ დროს განაცხადა თვისი პოლიტიკური ამბიციებისა და პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ.

პარტია „გირჩისთვის“ ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, თუმცა ზურაბ ჯაფარიძეს წინასაარჩევნო რბოლაში მონაწილეობის გამოცდილება აქვს. მან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 2% მიიღო.

ანა დოლიძე: თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა ქორწილი...>>

 „გირჩი“ პოლიტიკურ სარბიელზე 2015 წელს გამოჩნდა. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შექმნეს.

პარტია ლიბერალური მიმართულებისაა და ცნობილია თავისი არაორდინალური საქციელითა და კანონის გვერდის ავლის უნარით. შეიძლება ითქვას, რომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციაში „გირჩმა“ ერთ–ერთი ძირითადი როლი შეასრულა.

9
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ბელარუსის საელჩო საქართველოში

პირველად ისტორიაში: ბელარუსელები პრეზიდენტს საქართველოში ირჩევენ

502
(განახლებულია 14:37 09.08.2020)
საქართველოში მყოფ ბელარუსის მოქალაქეებს პირველად აქვს შესაძლებლობა, აქედან მიიღონ მონაწილეობა თავისი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში

 

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ბელარუსის მოქალაქეებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, საქართველოს ტერიტორიაზე მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ ჩვენს ქვეყანაში ბელარუსის საელჩოს წარმომადგენელმა. 

საარჩევნო უბანი განთავსებულია საელჩოს შენობაში მისამართზე: კრწანისის ქუჩა №18. ხმის მიცემა დილის რვა საათზე დაიწყო და საღამოს 20:00 საათამდე გასტანს.

„ჩვენი საელჩო საქართველოში 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ასე რომ არჩევნებს აქ პირველად ვატარებთ“, — განმარტეს საელჩოში.

ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველმა კირილ გრიგორიევმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა სიები კიდევ ერთხელ დაზუსტდა, ვინაიდან საქართველოში მყოფმა ბელარუსის მოქალაქეებმა თავად მიმართეს საელჩოს თხოვნით, შეეყვანათ სიაში, რათა ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონოდათ.

საარჩევნო ბიულეტენში პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატია შეყვანილი: ალექსანდრ ლუკაშენკო (მოქმედი პრეზიდენტი), სვეტლანა ტიხანოვსკაია, ანდრეი დმიტრიევი, სერგეი ჩერეჩნი და ანა კანოპაცკაია. გარდა ამისა, ბიულეტენში არის გრაფა „ყველას წინააღმდეგ“.

როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი 5 წლის ვადით ირჩევა. შესაბამისად, მომდევნო არჩევნები უკვე 2025 წელს უნდა გაიმართოს.

502
თემები:
მსოფლიო დღეს