მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე: ჩვენ სერიოზულ ძალას ვქმნით, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის

79
ახალ მოძრაობაში ხაზარაძე ფსონს ახალგაზრდობაზე დებს

თბილისი,  22 აგვისტო — Sputnik. საქართველოში უმსხვილესი  TBC Bank–ის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სერიოზული პოლიტიკური ძალის შექმნის პირობას დებს, რომელიც შეცვლის ქვეყანას, ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საქართველოს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მას და მის ბიზნეს–პარტნიორ ბადრი ჯაფარიძეს  ბრალი დაუზუსტეს. 

TBC Bank–ისა და  TBC Holding–ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობითაა დაკავებული, ივნისში ქვეყანაში დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ განაცხადა. ბანკირმა საკუთარი ინიციატივა პროტესტის ფონზე გააჟღერა, რომელიც საქართველოში 20 ივნისს დაიწყო. ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა სექტემბერში იგეგმება.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით. როგორც საზოგადოებას შევპირდი, ეს მოხდება სექტემბერში. უამრავი ახალგაზრდა პროფესიონალი გვიერთდება. ესენი არ იქნებიან ძველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები ან იქიდან ან აქედან. ეს იქნება აბსოლუტურად ახალი ძალა. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც ახალ საქართველოში უნდა ცხოვრება, რომელსაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი. გეუბნებით, რომ იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის დასაწყისში აღმოჩნდა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა ბანკის მიერ 2008 წელს განხორციელებულ ერთ–ერთ საბანკო ოპერაციას სწავლობს, რომელიც 17 მლნ დოლარის გათეთრებას ეხება. ეჭვი სწორედ TBC Bank–ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილე ბადრი ჯაფარიძეზე გაჩნდა. ეროვნული ბანკის ზეწოლით მათ აღნიშნული თანამდებობები დატოვეს. 

გამოძიება, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორის ლევან ახვლედიანის სიტყვებით, ხელს უშლის საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელებას. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განმარტა, რომ დაინტერესებულია პორტის მშენებლობით.

 „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დააფუძნეს ქართულმა კომპანია TBC Holding–მა (დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე) და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC–მა. ამჟამად კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე პორტის ოპერატორი SSA Marine (აშშ), British Wondernet Express (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

79
თემები:
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)
ცესკო

ცესკომ საპარლამენტო არჩევნებისთვის პირველი დამკვირვებლები დაარეგისტრირა

25
(განახლებულია 00:14 19.09.2020)
ამ დროისათვის საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაცია ცესკოში ექვსმა ორგანიზაციამ გაიარა.

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 18 სექტემბრისთვის დაარეგისტრირა ექვსი საერთაშორისო და 49 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც არჩევნების მსვლელობას დააკვირდებიან, ნათქვამი ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პარალელურად ამ დღეს ჩატარდება არჩევნები აჭარის უმაღლეს საბჭოში და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები.

ამ ეტაპზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მხოლოდ განაცხადები შეაქვთ. ორგანიზაციების და დამკვირვებლების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არჩევნებამდე ერთი კვირით გახდება.

ადრე საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ კორონავირუსის პანდემიის და ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად, ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.

ამ დროისათვის საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაცია გაიარეს: „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" (ISHR), „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI), „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI), „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES), „ინიციატივა დიალოგისა და დემოკრატიისთვის" (SILBA) და „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში".

ვის სურს პარლამენტში მოხვედრა: ცესკომ პარტიების საბოლოო სია გამოაქვეყნა >>

დამკვირვებლები დააკვირდებიან საარჩევნო უბნების მომზადების პროცესს, ბიულეტენების ბეჭდვას, კენჭისყრასა და ხმების დათვლას. არჩევნების დასრულების შემდეგ ისინი გამოაქვეყნებენ თავიანთ დასკვნებს არჩევნებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით.

25
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
წინასაარჩევნო ბანერი

არჩევნები 2020: „მემარცხენე ალიანსი“ „პატრიოტთა ალიანსს" შეუერთდა

80
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა ხმების ზუსტად 5% მიიღო და გახდა მესამე საპარლამენტო პარტია

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. პოლიტიკურმა გაერთიანება "მემარცხენე ალიანსმა" არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" შეუერთდა. ამის  შესახებ განცხადება „მემარცხენე ალიანსის" ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

როგორც „მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ძაგანიამ განაცხადა, მართალია, ისინი დამოუკიდებლად დარეგისტრირდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტეს, დამოუკიდებლად აღარ მიეღოთ   არჩევნებში მონაწილეობა.

„მას შემდეგ, როდესაც დავრწმუნდით, რომ საქართველოს ტერიტორიული აღდგენის მხოლოდ ერთადერთი საშუალება აქვს „პატრიოტთა ალიანსს", როდესაც დავრწმუნდით, რომ ეკონომიკური მძიმე მდგომარეობის გამოსწორების მხოლოდ ერთადერთი საშუალება და პროგრამა გააჩნია „პატრიოტთა ალიანსს", პოლიტიკური გაერთიანება "მემარცხენე ალიანსი" დამოუკიდებლად აღარ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ვხსნით ჩვენს კანდიდატურას და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს“, - განაცხადა ძაგანიამ.

თავის მხრივ, „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ „მემარცხენე ალიანსის" ლიდერებს პოლიტიკაში დიდი გამოცდილება აქვთ და საარჩევნო ოლქებში ისინი მაჟორიტარ დეპუტატებად იქნებიან წარმოდგენილნი.

„ეს არის მებრძოლი ხალხი, პატიოსანი ხალხი, გამოცდილი პოლიტიკაში, რომლებსაც გავლილი აქვთ ურთულესი გზა და აქვთ ძალზე დიდი გამოცდილება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ მოხარული, რომ გავძლიერდით, შემოგვიერთდა "მემარცხენე ალიანსი“, - განაცხადა ინაშვილმა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა ხმების ზუსტად 5% მიიღო და გახდა მესამე საპარლამენტო პარტია - „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. ქვეყნის მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

 

 

80
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
სასწრაფო დახმარება

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობა უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმძიმისაა

0
ეპიდემიოლოგები პაციენტების მკურნალობს სახლის პირობებში გეგმავენ - მიმდინარეობს ექიმების გადამზადება

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჭარბობენ მსუბუქი, უსიმპტომო ან საშუალო სიმძიმის პაციენტები, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დროისათვის 1657 პაციენტი მკურნალობს. მათგან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ხუთი კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა ჩართული.

„ზოგადად ბოლო ორ კვირაში გვაქვს ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკა და ეს ძირითადად ხდება აჭარის რეგიონის ხარჯზე, სადაც გვაქვს ეპიდაფეთქება, მაგრამ სიტუაცია სრულად მართვადია და მათ შორის აჭარის რეგიონში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ აჭარაში პაციენტების მართვა სახლში დაიწყოს. მისი თქმით, უახლოეს დღეებში პირველადი ჯანდაცვის ექიმები კიდევ ერთხელ გადამზადდებიან, რათა პაციენტებს სახლის პირობებში უმკურნალონ.

გამყრელიძის თქმით, 30 იანვრიდან საქართველოში 534 ათასი PCR-ტესტი და დაახლოებით 301 ათასი სწრაფი ტესტი გაკეთდა.

ეპიდემიოლოგმა მოუწოდა ყველას ცხელების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს მიმართონ. მისი თქმით, ეს პირველი წელიწადია, როდესაც გრიპთან და სხვა რესპირატორულ დაავადებებთან ერთად, რომლებიც შემოდგომით აქტიურდება, იარსებებს ასევე კორონავირუსი. საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე და რეკომენდაციების შესრულება.

გურიაში კორონავირუსი პედაგოგებს დაერია >>

ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ექნება გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 135 ათასამდე დოზა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანაზე მუშაობს.

„როგორც წესი, ვაქცინა გაუკეთდება რისკჯგუფებს და ეს რისკჯგუფები ყოველწლიურად ისაზღვრება იმუნიზაციის საბჭოს დადგენილებით. ვცდილობთ მაქსიმალურად, გავზარდოთ სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინის მარაგი. ძალიან ბევრ ბაზარზე და ბევრ მწარმოებელთან გვაქვს კონტაქტი და შესაძლებელია, წელს გრიპის აცრებზე მოთხოვნა იყოს მეტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რა თქმა უნდა, ვაქცინა ექნებათ კერძო კომპანიებსაც“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 182-ით გაიზარდა. სამთავრობო ვებგვერდ StopCov-ის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 3119-ე შეადგენს.

 

0
თემები:
COVID-19 საქართველოში