Rustavi2

ბრძოლა „რუსთავი 2“–თვის: ძმებმა ყარამანიშვილებმა სასამართლოს მიმართეს

105
(განახლებულია 21:09 20.08.2019)
ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა, რომლებიც „რუსთავი 2“–ის წილების თითქმის ნახევარს ფლობდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს

 

თბილისი,  20 აგვისტო — Sputnik. რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მფლობელებმა ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მომჩივანი მხარის მოთხოვნაა იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოხდა „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირება ქიბარ ხალვაშისა და კომპანია „პანორამას“  საკუთრებად. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ „რუსთავი 2“–ის მფლობელებისა და  იურისტების პრეტენციები ქართული სამართალწარმოებისადმი არ გაიზიარა. მათ სტრასბურგს მას შემდეგ მიმართეს, რაც 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ხალვაშისთვის ტელეკომპანიის დაბრუნების შესახებ.

ამჯერად ისინი, ვინც 18 ივლისს „რუსთავი 2“ დაკარგეს, ამზადებენ სარჩელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდ პალატაში წარსადგენად, სადაც გაასაჩივრებენ საქმის ერთ-ერთ ნაწილს – მოსამართლეთა მიუკერძოებლობის შესახებ. და თუ დიდი პალატა გადაწყვეტილებას ყოფილი მფლობელების სასარგებლოდ მიიღებს, სასამართლო პროცესი კვლავ დაიწყება.

„ჩვენ გვინდა გავაფრთხილოთ ყველა პირი, რომელსაც შესაძლოა რაიმე ინტერესი  ჰქონდეს „რუსთავი 2“-ის წილებთან ან ქონებასთან დაკავშირებით... შემძენები ვერ იქნებიან და ვერ ჩაითვლებიან კეთილსინდისიერ შემძენებად“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

უახლოეს წარსულში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელები იყვნენ „ტელეკომპანია საქართველო“ (51%), ლევან ყარამანიშვილი (22%), გიორგი ყარამანიშვილი (18%) და ნინო ნიჟარაძე (9%). ამასთან, „ტელეკომპანია საქართველო“ ეკუთვნის ნიკოლოზ ნაყოფიას (50%) და ძმები ყარამანიშვილები (25–25%).

105
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (177)