ირაკლი ოქრუაშვილი

ოქრუაშვილი vs ხალვაში: ხელმოწერა დოკუმენტზე ყალბი აღმოჩნდა?

204
ოქრუაშვილის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს" წარმომადგენლებმა განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება საქართველოს საზღვრებს გარეთ მოითხოვეს.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ხალვაშის ხელმოწერა ყალბია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროზე დაყრდნობით.

ირაკლი ოქრუაშვილი: „რუსთავი 2“ მაშინაც მე მეკუთვნოდა და ხვალაც იქნება ჩემი...“>>>

ოქრუაშვილის ადვოკატმა სასამართლოს ივლისის შუა რიცხვებში მას შემდეგ მიმართა, რაც ოქრუაშვილმა „რუსთავი 2"-ის მფლობელების შეცვლის შემდეგ ტელეკომპანიაზე საკუთარი უფლებები წამოაყენა. დაცვის მხარის განცხადებით, ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ის მფლობელი არასდროს ყოფილა და უბრალოდ ოქრუაშვილის ნომინირებული პირი იყო. ამის დასტურად ოქრუაშვილმა 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი წარმოადგინა, რომლის თანახმად, მისი პირობების დარღვევის შემთხვევაში ხალვაშმა ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ აღნიშნულ დოკუმენტს ჯერ კიდევ მაშინ უწოდა ყალბი.

ოქრუაშვილის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს" წარმომადგენლებმა განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება საქართველოს საზღვრებს გარეთ მოითხოვეს.

„ეს დასკვნა არის ნახევარგვერდიანი, ანუ ძალიან ზედაპირულად ექსპერტი წერს, რომ ასო ვ, ასო შ თურმე თავის დახრილობით და ნიუანსებით არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ვაწყდებით ხალვაშის ექსპერიმენტულ ნიმუშებში და ეს იძლევა კატეგორიული დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ეს ხელმოწერა ხალვაშის მიერ არ არის შესრულებული", - განაცხადა კემულარიამ.

მისი სიტყვებით, ყოველივე ეს ტელეკომპანია Rustavi2-ის ირგვლივ მიმდინარე „პოლიტიკური პროცესია", რის გამოც უკვე პატიმრობაში იმყოფება პარტიის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. 

ხალვაშის ადვოკატმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ექსპერტიზის ჩატარების სანდოობისთვის ყველა შესაბამისი პროცედურა იქნა ჩატარებული.

„მივიდა სალია და თუ არ ვცდები დაახლოებით ასამდე ხელმოწერა გააკეთა, ამას ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატიც ესწრებოდა. დავი დაიზღვია და თვითონ მან დანიშნა თითოეული ექსპერტი, რომელიც ამ საქმით დაკავდა. ამასთან, აღებული იქნა ხალვაშის ხელმოწერის ნიმუშები, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა დოკუმენტებზე იყო გაკეთებული", - განაცხადა ხალვაშის ადვოკატმა ტელეკომპანია Imedi-ის ეთერში.

ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე 25 ივლისს დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ტელეკომპანია ახალი რეალობის წინაშე ხუთშაბათს დადგა, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია. „რუსთავი 2"-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

ამის შემდეგ ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება, ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელი დარჩება ადგილზე გენდირექტორ ნიკა გვარამიას გარდა.

იმავე დღეს საჯარო რეესტრის სააგენტომ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ხალვაშის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის წილების ხალვაშსა (60%) და მის კომპანია „პანორამაზე" (40%) გადაფორმების შესახებ. მოგვიანებით კი დარეგისტრირდა ტელეკომპანიის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია.

204
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
სტოკჰოლმი

საქართველოს მოქალაქეებს შვედეთმა საზღვრები გაუხსნა

11
შვედეთის მთავრობამ ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გადაწყვიტა. ამ ჩამონათვალში საქართველოც შევიდა

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები შვედეთში მოგზაურობას 4 ივლისიდან შეძლებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შვედეთის მთავრობამ ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე განაცხადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შვედეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ სიაში შემდეგი ქვეყნები შევიდნენ: ალჟირი, ავსტრალია, საქართველო, იაპონია, კანადა, მაროკო, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ევროკავშირმა 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა. ერთადერთი გამონაკლისია ჩინეთი, რომელიც შვედეთმა თავის სიაში არ შეიყვანა.

შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სიაში შესული ქვეყნის მოქალაქეებს შვედეთში მოგზაურობა ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულად შეეძლებათ.

შვედეთს უცხოელი სტუმრებისთვის საკარანტინო ზომები დაწესებული არ აქვს, თუმცა ყველა უნდა დაემორჩილოს კორონავირუსის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გზამკვლევს, რომელიც გულისხმობს სოციალურ დისტანციას და დროის დატვირთული მონაკვეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უარის თქმას.

20 ივლისიდან შვეიცარიაც აუქმებს  საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს.

მანამდე ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომელთათვისაც 1 ივლისიდან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოსა და რამდენიმე მესამე ქვეყნისთვის საკუთარი საზღვრების გახსნის შესახებ განცხადება უკვე გააკეთეს შვეიცარიამ, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა და ლატვიამ.

ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ ავსტრია ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მხოლოდ 30 სექტემბრიდან აუქმებს. ამის შესახებ იუწყება საქართველოს საელჩო ვენაში.

საფრანგეთი საქართველოდან ვიზიტორების მისაღებად მზადაა >>

საქართველომ, თავის მხრივ, კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე 1 ივლისიდან გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადადო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვითაა განპირობებული.

11
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
„ქართული მარშის“ მონაწილეები

ქართველმა ულტრანაციონალისტებმა პოლიტიკური პარტია დააარსეს

33
ახალი პოლიტიკური პარტია ორი ულტრანაციონალისტური საზოგადოებრივი მოძრაობის - „ქართული მარშის“ და „გეორგიას“ გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დღეს გაიმართა პრეზენტაცია ახალი პოლიტიკური პარტიის „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა“, იუწყება „ქართული მარშის“ აქტივისტი ერმილე ნემსაძე თავის Facebook-გვერდზე.

ახალი პოლიტიკური პარტია მემარჯვენე მიმდინარეობის იქნება. „ქართული მარშის“ დევიზი იქნება დიდი ილიას პრინციპი – „მამული, ენა, სარწმუნოება“ - სამი სათნოება, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ქართველ ხალხს უანდერძა, განაცხადა ახალი პარტიის წევრმა.

„ჩვენი პარტიის მიზანია: ძლიერი ერთიანი ეროვნული საქართველოს აშენება სადაც საქართველოს შვილები იცხოვრებენ ღირსეულად და ბედნიერად, დაცული იქნება ჩვენი კულტურა და ეროვნული იდენტობაა, დაბრუნებული იქნება ჩვენი ისტორიული როლი კავკასიაში და მთელს მსოფლიოში“, - წერს ნემსაძე.

აქტივისტი აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიას წინ ელის „დიდი ბრძოლის დაწყება რა ბნელ და ბოროტ ძალებთან მოგვიწევს სამკვდრო სასიცოცხლო ომის გამართვა“.

ახალი პოლიტიკური პარტია ორი ულტრანაციონალისტური საზოგადოებრივი მოძრაობის - „ქართული მარშის“ და „გეორგიას“ გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა.

Сандро Брегадзе беседует с журналистами
© Sputnik / Alexander Imedashvili
სანდრო ბრეგაძე ჟურნალისტებს ესაუბრება

„საქართველოში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც დამყარებული იქნება ეროვნულ მსოფლმხედველობაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა ეთნიკური, კონფესიური, კულტურული და ტრადიციული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, და რაც მთავარია საკუთარ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქისთვის ღირსეულად ცხოვრების პირობების შექმნა“, - ნათქვამია „ქართული მარშის" განცხადებაში.

იმის შესახებ, რომ „ქართული მარში“ პოლიტიკური პარტიის შექმნას და არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მისმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ივნისის დასაწყისში განაცხადა.

 „ქართული მარშის“ სკანდალური ბეგრაუნდი

„ქართულ მარშს“ შექმნის დღიდან მრავალი მიტინგი გაუმართავს, რომლებიც ხშირად შეხლა-შემოხლითა და დაპატიმრებებით  მთავრდებოდა. ყველაზე გახმაურებულ აქციებს შორის არის არატრადიციული სიყვარულის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერის წინააღმდეგ შარშან გამართული პროტესტი.

„ქართულმა მარშმა“ სცადა  თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8 ნოემბერს დაგეგმილი ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლა. აქციის მონაწილეებმა კინოთეატრების შესასვლელები და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. სკანდალური ფილმის პრემიერა შედგა –  მაყურებელი კინოთეატრებში პოლიციის თანხლებით შედიოდა და გამოდიოდა. 

2018 წლის მარტში „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც იესო ქრისტეზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ–სკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას ხუმრობამ გააღიზიანა, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის გაბუნიასთვის „ჭკუის სწავლა“ გადაწყვიტეს. მათ დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც გაბუნია და ტელეკომპანიის იურისტი ისხდნენ, სპორტულ ჟურნალისტ დავით ერაძეს კი ცხვირი გაუტეხეს. მაშინ მოძრაობის შვიდი აქტივისტი პოლიციამ ხულიგნობისთვის დააკავა.

2017 წელს „ქართულმა მარშმა“ აქცია გამართა და გააპროტესტა ფეხბურთელ გურამ კაშიას მოქმედება, რომელმაც ერთ-ერთი მატჩის დროს ხელზე ლგბტ-საზოგადოების დროშის სამკლაური გაიკეთა. მოძრაობის მონაწილეებმა მაშინ ლგბტ-საზოგადოების დროშა დაწვეს და საქართველოს ნაკრების ვიცე–კაპიტანის გუნდიდან გარიცხვა მოითხოვეს.

სანდრო ბრეგაძემ საკუთარ თავს არაერთხელ უწოდა დავით აღმაშენებლის და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმდევარი.

33
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ოპერატორები და ტელეკამერები

საბოტაჟის ფაქტები საქართველოში: სუსმა ახალი დეტალები გაავრცელა

0
სუსმა განაცხადა, რომ საბოტაჟის შესახებ საქმის გამოძიება მედიაში ცრუ ინფორმაციის გავრცელების საფუძველზე ჯერ კიდევ 2020 წლის 16 მარტს დაიწყო

თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) საბოტაჟის ფაქტების შესახებ საქმის ახალი დეტალები გამოაქვეყნა - ცნობილი გახდა თარიღი, როდის აღიძრა საქმე და რა ეტაპზეა ახლა გამოძიება.

იმის შესახებ, რომ სუსი საბოტაჟის შესახებ საქმეს იძიებს, ცნობილი გახდა ივნისის ბოლოს, როდესაც უწყებამ „მთავარი არხის“ სიუჟეტის გმირების გამოკითხვა დაიწყო.

ახლა სუსმა განაცხადა, რომ საბოტაჟის შესახებ საქმის გამოძიება 2020 წლის 16 მარტს დაიწყო.

„აღნიშნულ საქმეზე გამოძიება  2020 წლის 16 მარტს დაიწყო, უწყებაში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები, მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა (მათ შორის, ელექტრონული) საშუალების გამოყენებით, აქტიურად ცდილობდნენ ყალბი ამბების გავრცელების გზით მოსახლეობის დეზინფორმირებას ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების და მასთან ბრძოლის ეფექტურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა უარყოფითი ზემოქმედება მოეხდინათ მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, გამოეწვიათ მათში უნდობლობა, პანიკა და ქაოსი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას და პანდემიასთან ეფექტურ ბრძოლას“, - ნათქვამია სუსის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 20 ივნისს „მთავარ არხზე“ გავიდა გამოგონილი და „განზრახ დამახინჯებული“ სიუჟეტი, რომელიც ასახავდა ცრუ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაციის შესახებ.

„აღნიშნულ სიუჟეტში გადმოცემული ყალბი ამბების ფართოდ გავრცელების მიზნით, სიუჟეტს, სოციალური ქსელების და სატელევიზიო კომენტარების საშუალებით, ორგანიზებულად გამოეხმაურნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები და შეეცადნენ, ცრუ ინფორმაციისთვის დამაჯერებლობის მიცემას“, - მითითებულია განცხადებაში.

სუსი არ აკონკრეტებს, რომელ პარტიაზეა საუბარი, თუმცა მიუთითებს ფაქტებზე, რომლებიც ადასტურებენ სიუჟეტის სიყალბეს, მათ შორის საუბარია რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუების არასწორ თარგმანზე.

უწყება მიუთითებს, რომ 26 ივნისს გასული სიუჟეტი, რომელშიც სკანდალური სიუჟეტის ერთ-ერთი რესპონდენტის სრული ინტერვიუა მოყვანილი, ამ ფაქტს ადასტურებს.

სუსი აღნიშნავს, რომ გამოიკითხნენ ის პირებიც, ვინც აქტიურად განიხილავდა ამ ტემას კომენტარებში სოციალურ ქსელებში და ამტკიცებდა, რომ იცოდა მსგავსი ფაქტების შესახებ.

„გამოკითხულ პირთაგან ვერცერთმა ვერ დაასახელა ვერც აღნიშნულის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი და ვერც წყარო, თუ საიდან ფლობდნენ არასწორ ინფორმაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბრალდებების დასადასტურებლად სუსმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოითხოვა იმ ვიდეომასალების სრული ჩანაწერი, რომელთა საფუძველზეც გავიდა ეთერში 20 ივნისის სიუჟეტი.

საბოტაჟის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში