პარლამენტის ბიუროს სხდომა

პროპორციული არჩევნები და კოალიციური მთავრობა: რა ცვლილებები შედის საარჩევნო კოდექსში

258
(განახლებულია 13:08 06.08.2019)
რამდენად რეალურია ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული საარჩევნო ცვლილებების მიღება?

ორშაბათს პარლამენტის მოქმედმა და ყოფილმა თავმჯდომარეებმა ფაქტობრივად ერთად წარადგინეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლითაც 2020-სათვის არჩევნები უკვე პროპორციული სისტემით უნდა გაიმართოს.

ცვლილებებს ითხოვენ ოპოზიცია, აქციების მონაწილეები, საერთაშორისო ორგანიზაციები... თუმცა ერთადერთი, ვისაც იმდენად გულწრფელად სჯერა პროპორციული სისტემის უპირატესობის, შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილია, რომელიც მზადაა, ხელისუფლებასთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს. ოპოზიციის ნაწილი კი სხვადასხვა მიზეზით აკრიტიკებს შემოთავაზებულ ვერსიას.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი საერთოდაც ეჭვობს, რომ არჩევნები ახალი სცენარით ჩატარდეს, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია და უმრავლესობა მაჟორიტარებსაც დაითანხმებს. ამის მიუხედავად მხოლოდ სახელისუფლებო ხმები მაინც არ იქნება საკმარისი საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის, რომელსაც, სულ ცოტა, 113 ხმა სჭირდება.

...და მაინც, რა შესთავაზა თალაკვაძემ საზოგადოებას და რა პოზიციები აქვს ოპოზიციას?

1. არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით გაიმართება

2. საარჩევნო კომისიებში უმრავლესობა ოპოზიციას ეყოლება. ეს დიდი მიღწევაა და ეხლა ოპოზიციამ თავად უნდა მოახერხოს ისეთი ადამიანების შერჩევა, ვინც არ გაიყიდება და მათ ხმებს დაიცავს

3. უქმდება საარჩევნო ბარიერი. ე. ი. პარლამენტში წარმომადგენელი ეყოლება ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჯერ ცესკოში 5000 ხელმოწერას წარადგენს, შემდეგ კი ამომრჩეველთა ხმების 0,67 პროცენტს ანუ 14 ათასამდე ხმას მიიღებს.

4. კონსტიტუციური კანონპროექტის ერთ-ერთ მიღწევად შეიძლება, ჩაითვალოს ის, რომ მასში ჩადებულია გენდერული ქვოტირება. ანუ პარტია, რომელსაც საარჩევნო სიაში ყოველი მესამე განსხვავებული სქესის ადამიანი იქნება, დაფინანსება მნიშვნელოვნად გაეზრდება. ამის აუცილებლობის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით, რადგან საქართველო მსოფლიო პარლამენტებს შორის ქალთა წარმომადგენლობის მხრივ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა.

ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია ნეგატიური საარჩევნო კამპანიის შეზღუდვამ. კერძოდ, პარტიებს აღარ ექნებათ ბლოკების შექმნისა და უფასო საეთერო დროის ერთობლივად გამოყენების უფლება. ასევე მათ არ ექნებათ უფლება, სარეკლამო დროის 25 პროცენტზე მეტი დაუთმონ ნეგატივს.

ამას კი არასამთავრობოთა ნაწილი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს.

ცვლილებები არ მოსწონს ახალი საქართველოს ლიდერ გიორგი ვაშაძეს. მისი თქმით, ბლოკების აკრძალვითა და ცენზურის დაწესებით ხელისუფლება ცდილობს, გაერთიანებული ოპოზიცია დაშალოს.

პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ გაერთიანების გარეშე ხელისუფლების შეცვლა გაუჭირდებათ და გეგმების ნაწილს საიდუმლოდ ტოვებენ.

მედიაში ვრცელდება ასევე ვერსიები იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი შემოდგომაზე ბახტაძის მთავრობის გადაყენებას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აპირებს, თუმცა ჩვენ კონსპირაციის თეორიებს არ მივდევთ.

უფრო სავარაუდოა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება და ხელისუფლება ეცდება, წვრილ-წვრილ პარტიებთან ერთად შექმნას სამთავრობო კოალიცია.

ყველა შემთხვევაში საქართველოს ზაფხულზე უფრო ცხელი შემოდგომა ელოდება. მთავარი კი ისაა, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს და მოსახლეობას ფინანსურად ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს.

258
სუს-ის შენობა

სუსი: პირთა ჯგუფები ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის განხეთქილების შეტანას ცდილობენ

95
(განახლებულია 19:30 30.05.2020)
სუს-ის ცნობით, ეს ადამიანები არასწორ და აგრესიულ მოწოდებებს ავრცელებენ, რასაც ორივე მხრიდან ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები მოჰყვება.

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო.

„აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ზემოხსენებული პირები ცდილობენ ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით.

სუს-ის მტკიცებით, ეს ადამიანები არასწორ და აგრესიულ მოწოდებებს ავრცელებენ, რასაც ორივე მხრიდან ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები მოჰყვება.

„პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა  ეთნიკურად ქართველი მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო >>

სუს-მა გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლით დაიწყო. მუხლი გულისხმობს პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილ ქმედებას, ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას, ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება.

 

95
ქართული მარში

„ქართული მარში“ პარტია გახდება - ქვეყნის სათავეში მოსვლა ულტრანაციონალისტებს სურთ

85
(განახლებულია 23:56 29.05.2020)
სანდრო ბრეგაძის სიტყვებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ახალი პარტიის მიზანი „თავისუფალი, ნაციონალური სახელმწიფოს აშენება“ იქნება

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარში“ ივნისში პოლიტიკური პარტია გახდება და მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებში, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მოძრაობის თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძემ.

თითქმის სამი წლის წინ დაფუძნებული მოძრაობა „ქართული მარში“ აერთიანებს სხვადასხვა ნაციონალისტურ ორგანიზაციას. მან სახელი გაითქვა ტრადიციული ფასეულობების დასაცავად გამართული ხმაურიანი აქციებით.

 „ჩვენ გვინდა საქართველოში „კონსერვატორული რევოლუციის“ მოწყობა. რადგანაც მთელ ქრისტიანულ სამყაროში საქართველო დარჩეს სახელმწიფოდ, სადაც არასდროს გაიმართება „გეი“ აღლუმები. პანდემიის დროს მხოლოდ საქართველოში წავიდა ხალხი ეკლესიაში, როდესაც ჩვენ აღდგომას აღვნიშნავდით. ამით მთელ მსოფლიოს ვუთხარით, რომ საქართველო სხვა ფასეულობებზე დგას და მართლმადიდებლობა - ის ფუნდამენტია, რომელზეც არა მხოლოდ საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკა უნდა აიგოს. ეს საქართველოს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლებთან თანაარსებობის პროცესში“, - განუცხადა ბრეგაძემ „Sputnik-საქართველოს“

Сандро Брегадзе беседует с журналистами
© Sputnik / Alexander Imedashvili
სანდრო ბრეგაძე

პოლიტიკური პარტიის სახით მოძრაობა ივნისში დარეგისტრირდება და ყრილობასაც გამართავს.

„ყრილობაზე ვისაუბრებთ პარტიაზეც, მის ხელმძღვანელობაზეც და ჩვენს სტრატეგიასა და ტაქტიკაზე. ამის შემდეგ ვგეგმავთ გრანდიოზულ მიტინგებსა და მანიფესტაციებს. და პირობას ვდებთ, რომ არჩევნებამდე მასშტაბურ ქართულ მარშს მოვაწყობთ, ორჯერ-სამჯერ დიდს, ვიდრე 2017 წელს. საქართველოს ყველა კონსერვატორულ ძალას, რომელიც პატივს  სცემს ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს მართლმადიდებლობას - მოვუწოდებთ, გაერთიანდეს და იბრძოლოს ყველა იმ ბნელი ძალის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ფასეულობების დანგრევა სურს“, - აღნიშნა ბრეგაძემ. 

მისი განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვებისთვის ბრძოლა მოძრაობის გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ ეს ნაბიჯი იძულებითი ზომა იყო. პარტიის მიზანი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში - თავისუფალი, ეროვნული სახელმწიფოს შენება იქნება.

ახლა ორგანიზაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რიგ პოლიტიკოსებთან და საზოგადოებაში ცნობილ პირებთანპირებთან. ბრეგაძე დარწმუნებულია, რომ ახალ პარტიას მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება, ვინაიდან საქართველოს მცხოვრებთა უმრავლესობა, მისი თქმით, კონსერვატორულ მართლმადიდებლურ იდეოლოგიას უჭერს მხარს.

ეს ბრეგაძის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი მცდელობა არ არის. 2018 წელს მან ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა.

 „ქართული მარშის“ სკანდალური ბეგრაუნდი

„ქართულ მარშს“ შექმნის დღიდან მრავალი მიტინგი გაუმართავს, რომლებიც ხშირად შეხლა-შემოხლითა და დაპატიმრებებით  მთავრდებოდა. ყველაზე გახმაურებულ აქციებს შორის არის არატრადიციული სიყვარულის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერის წინააღმდეგ შარშან გამართული პროტესტი.

 „ქართულმა მარშმა“ სცადა  თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8 ნოემბერს დაგეგმილი ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლა. აქციის მონაწილეებმა კინოთეატრების შესასვლელები და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. სკანდალური ფილმის პრემიერა შედგა –  მაყურებელი კინოთეატრებში პოლიციის თანხლებით შედიოდა და გამოდიოდა. 

2018 წლის მარტში „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც იესო ქრისტეზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ–სკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას ხუმრობამ გააღიზიანა, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის გაბუნიასთვის „ჭკუის სწავლა“ გადაწყტიტეს. . მათ დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც გაბუნია და ტელეკომპანიის იურისტი ისხდნენ, სპორტულ ჟურნალისტ დავით ერაძეს კი ცხვირი გაუტეხეს. მაშინ მოძრაობის შვიდი აქტივისტი პოლიციამ ხულიგნობისთვის დააკავა.

2017 წელს „ქართულმა მარშმა“ აქცია გამართა და გააპროტესტა ფეხბურთელ გურამ კაშიას მოქმედება, რომელმაც ერთ-ერთი მატჩის დროს ხელზე ლგბტ-საზოგადოების დროშის სამკლაური გაიკეთა. მოძრაობის მონაწილეებმა მაშინ ლგბტ-საზოგადოების დროშა დაწვეს და საქართველოს ნაკრების ვიცე–კაპიტანის გუნდიდან გარიცხვა მოითხოვეს.

85
გარდენიას შემოდგომა

არომატული ბოსტანი ჩვენს ბაღებსა და აივნებზე

0
(განახლებულია 14:57 31.05.2020)
საქართველოს სამზარეულო რომ მდიდარია საკმაზ-სანელებელი მწვანილეულით, ყველასათვის კარგად არის ცნობილი.

ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა არომატული კუთხეების მოწყობა ეზოებსა და აივნებზე. დაიწყეთ პრაქტიკული გამოყენების მცენარეების მოშენება, რომლებიც სილამაზით არ ჩამოუვარდება, ზოგიერთი ბევრად აღემატება კიდეც პოპულარულ დეკორატიულ მცენარეებს და მათი ჩამონათვალი არც თუ მცირეა.

ჯერ კიდევ დროა დათესოთ და საკუთარ ეზოსა თუ აივანზე მოიყვანოთ ეკოლოგიურად სუფთა მწვანილეული კულტურები: რეჰანი, ანისული, სუსამბარი, ქონდარი, იმერული ზაფრანი, როზმარინი და სხვები, რომლებიც სასიამოვნო არომატს მოფენს და სხვა დეკორატიულ მცენარეებთან ერთად, გაგილამაზებთ ინტერიერს და კერძებსაც.

ქვემოთ მოყვანილია მწვანილეული და სანელებელი მცენარეები, რომლებიც არ არიან მომთხოვნი ნიადაგების მიმართ და ხარობენ ნებისმიერი ტიპის მიწებზე. თუმცა, განოყიერებულ და ზომიერად ნოტიო ბაღის მიწებზე ავლენენ მაღალდეკორატიულობას და მოსავლიანობაც უკეთესი აქვთ. ნებისმიერი მათგანი თამამად შეგიძლიათ დათესოთ ხის ყუთებსა და ქოთნებში - აივნებზე და ფანჯრის რაფებზე.

იმერული ზაფრანა
Flickr
იმერული ზაფრანა

ხავერდულა, იმერული ზაფრანი (Tagetes spp., ქართლური – კაკია; გურული – ხაფრანა, ნარგიზი;
კახური – ნარგიზი, სუსამბარი, ზაფრანა; იმერული – ყვითელი სურნელი, ხარჩოს ყვავილი;
მეგრული – ქორთული პირი, ყვინთელი კოჭა, ყვინთელი პირი, ჭითა პირა) - ქართული სამზარეულოს შეუცვლელი სანელებელი, მაღალდეკორატიული იმერული ზაფრანი ულამაზესია სხვა მცენარეებთან კომპოზიციაშიც და სუფთა ნათესების სახითაც. ყვავილობას იწყებს ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, თითქმის დეკემბრამდე. მზისა და ნარინჯისფერი, სპეციფიური სურნელის ხავერდულა შესანიშნავია მიქსბორდერებში, კლუმბებში, რაბატებში, როკარიუმებსა და ბორდიურებში. არის როგორც ჯუჯა, ისე მაღალი ფორმები, კომპაქტური მჭიდრო ბუჩქებით. იოლად ხარობს და ადვილად ეგუება გადარგვას ყვავილობის ფაზაშიც კი. ლანდშაფტის დიზაინერებს ეს მცენარე უყვართ მისი გამძლეობის, იოლი ადაპტაციის, ხანგრძლივი და უხვი ყვავილობის, სისავსის შექმნის გამო.

ითესება 1,5-3 სმ. სიღრმეზე, გვიანი დათესვისას 5 სმ. სიღრმეზე. აუცილებელია მცენარეებს შორის 20-40 სმ. მანძილის დაცვა ჯიშის სიმაღლის მიხედვით. არ არის მომთხოვნი ნიადაგების მიმართ, ხარობს ნებისმიერი ტიპის ნიადაგებზე. მაგრამ მდიდრულად გამოიყურება და უხვად მოყვავილეა ნაყოფიერ მიწაზე.

გაითვალისწინეთ, იმერული ზაფრანი აფრთხობს აბეზარ და პარაზიტ მწერებს. მათ შორის დაავადებების გამომწვევებს.

რეჰანი - Ocimum basilicum „Red Ruby“
რეჰანი - Ocimum basilicum „Red Ruby“

რეჰანი (Ocimum basilicum L., კახური - რიანდი; იმერული - შაშკვლამი; გურული, აჭარული - შაშტამი, შეშტრამი, შაშტრამი, ჟაშკვლამი; სულხან-საბა-ორბელიანი - შაშპრა) - ზაფხულის ასოციაციას ქმნის საზაფხულო სალათების უცვლელი მწვანილი, ულამაზესი მუქი ბორდოსფერი, პრიალა, თითქოსდა ჩახუჭუჭებული, მონიკბულფოთლებიანი, მაღალდეკორატიული არომატული რეჰანი. სითბოსმოყვარული კულტურაა. ვეგეტაციის მანძილზე იჭრება 2-3-ჯერ. თესავენ მაისის შუა თვეში, მწკრივებად 15 °С და უფრო მაღალი ტემპერატურის დროს,  0,5-1,5 სმ. სიღრმეზე, მცენარეებს შორის 25 სმ. დაცილებით. ღია გრუნტში დათესვისას უკეთ ხარობს სამხრეთ ექსპოზიციის ნაკვეთებზე, ჩრდილოეთის ქარებისგან დაცულ ადგილზე, ნაყოფიერ, კარგად დრენირებულ ქვიშნარ და თიხნარ მიწებზე.

სოინჯი
© CC0 / Pixabay
სოინჯი

სოინჯი (Nigella sativa L., N. Damascena L. გურული – შავკაკალა; აჭარული – სისამი, ცისამი;
მეგრული – უჩა კაკალი; სულხან-საბა–ორბელიანი, დავით ჩუბინაშვილი – იკვლივი; რაფიელ ერისთავი – სურიჯა; დავით ჩუბინაშვილი – ჩორაქოთი; ივანე ჯავახიშვილი – ჩიტისთვალა, სონიჯი, სოლინჯი) - ულამაზესი ცისფერი ყვავილებით მოწინწკლული ნემსისებურ-ნაზფოთლებიანი მცენარე უჩვეულოდ მიმზიდველია ყვავილნარებში. ბორდიურებში, ჯგუფურ ნარგავებში, რაბატებში, კლუმბებში, მიქსბორდერებში. განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას ყვავილობისას. თესვის სიღრმეა 1,5-2,0 სმ. მცენარეებს შორის 20 სმ. დაცილებით. არ არის მომთხოვნი ნიადაგების მიმართ, იზრდება დამლაშებულ მიწებზეც.

სუნელს „შავი კვლიავის“ სახელით იცნობენ. მარწყვის არომატის მსგავსი მძაფრი  სანელებელი აკეთილშობილებს ბოსტნეულის სალათების, კონსერვების, მწნილეულების, მარინადების, ფუნთუშების, პურპროდუქტების, ყველის და ჩაის გემოს.

წიწმატის სახეობა Garden cress
© CC BY-SA 3.0 / Wikipedia / Garden cress
წიწმატის სახეობა Garden cress

წიწმატი (Lepidium sativum L. გურული – წიწმარიტა; მეგრული – წიწმარტე) - უკეთ ხარობს ცალკე კვალში დათესვისას. ითესება 1,0-1,5 სმ. სიღრმეზე, მობნევით, 20 სმ. დაცილებით. უპრეტენზიო  წიწმატი ხარობს ნებისმიერი ტიპის ნიადაგებზე.  ამოსვლას იწყებს დათესვიდან 3-4 დღეში.

წიწმატის ქორფა ფოთლები და ყლორტები გაზაფხულის საჭმელი მწვანილია, ოდნავ მწარე, სპეციფიკური გემოს და არომატის მწვანილი იკრიფება 5-6 ფოთლის ფაზაში, ყუნწების გაუხეშებამდე.

თავშავა (Origanum vulgare L. ქართლური – შავბალახა; მოხევური – ოსური ჩაი; ლეჩხუმური – თავყვავილა; მესხური – ლეილაღა, მარნიჭი, მარმიჭი; ზემორაჭული – ჩაის პიტნა; აჭარული – ისხანი, ჩაიოთი) - ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ორეგანო. ერთ ადგილზე ხარობს 4-5 წელი, შემდეგ სასურველია გადარგვა. ყვავილობისას ქმნის ნაზ ვარდისფერ ფონს. ირგვება 40-60 სმ დაცილებით, თესვის სიღრმე 1,0-1,5 სმ. უპრეტენზიოა ნიადაგების მიმართ.

სანელებლად გამოიყენება ნორჩი ფოთლები, ნედლი, ან მშრალი სახით. ორწლიანი და მეტი ასაკის მცენარეებს მასობრივი ყვავილობისას ჭრიან მიწიდან  15-20 სმ. სიმაღლეზე. 

პიტნა
© CC0 / Pixabay
პიტნა

პიტნა (Mentha, ივანე ჯავახიშვილი – პიტნაკი; მეგრული – პიტინე; სვანური – მინთოორ, მინთუ) - ულამაზესი არომატული პიტნა ყველა ბაღის მშვენებაა. იმის მიუხედავად, რომ უყვარს წყალი, იოლად ხარობს ნაკლებად ნოტიო ნიადაგებზეც, როგორც ცალკეული დაჯგუფებების სახით, ისე სხვა კულტურებთან ერთად. ცხელ მშრალ ზაფხულში ყვავილობის გახანგრძლივებას ხელს უწყობს მორწყვა. იჭრება ვეგეტაციის დროს 2-3-ჯერ მიწიდან 10-12 სმ. სიმაღლზეზე. ერთ ადგილზე ხარობს 5 და მეტი წელი. სასურველია დარგვა 30 სმ. დაცილებით. ფესურების დარგვის სიღრმე 6-8 სმ. უკეთ გრძნობს თავს მსუბუქ, ნოტიო, ნაყოფიერ ნიადაგებზე.

როზმარინი
როზმარინი

როზმარინი (Rosmarinus officinalis) -  მარადმწვანე ბუჩქოვანი, მაღალდეკორატიული, არომატული სანელებელი მცენარე კარგად გრძნობს თავს ჩვენს პირობებში ღია გრუნტში ზამთრის შეფუთვის გარეშე. სასურველია მცენარეებს შორის 60 სმ. მანძილის დაცვა. უპირატესობას ანიჭებს მშრალ, კირქვიან, წყალგამტარ. კარგად დრენირებულ ნიადაგებს.

სანელებლად გამოიყენება ფოთლები, რომელსაც მძაფრი, მოტკბო არომატი და სასიამოვნო მწარე გემო აქვს.

კვლიავი (Carum carvi L., ქართლური, ზემორაჭული – ზირა; მოხევური, მთიულური – მკვლიავი;
ფშავური, ხევსურული – კვლია; სულხან-საბა–ორბელიანი – ზირაკი; სვანური – გიცრულ) – ითესება მცენარეებს შორის 30 სმ. დაცილებით,  2,0-2,5 სმ (თიხნარზე), ან 3,5 სმ (ქვიშნარზე) სიღრმეზე. უპრეტენზიო კვლიავი უკეთ გრძნობს თავს ნაყოფიერ, ქვიშნარ და მსუბუქ თიხნარ ნიადაგებზე.

სანელებლად გამოიყენება  ახალგაზრდა ნორჩი ფოთლები და თესლები.


 

 

 

0