საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საფრანგეთსა და ისრაელში ახალი ელჩები ჰყავს

91
(განახლებულია 19:45 02.08.2019)
უწყების ინფორმაციით, საფრანგეთში ახლად დანიშნულ ელჩს სორბონის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა აქვს დამთავრებული.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საფრანგეთის რესპუბლიკასა და ისრაელში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და UNESCO-ში მუდმივ წარმომადგენლად თეა კატუკია, ხოლო ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ლაშა ჟვანია დაინიშნენ. 

თეა კატუკია 2012 წლიდან დღემდე ერთ-ერთი უმთავრესი ფრანგული კვლევითი ცენტრის — საერთაშორისო საფრთხეების პრევენციისა და ანალიზის ფრანგული კვლევითი ცენტრის გენერალური მდივანი იყო. 

უწყების ინფორმაციით, საფრანგეთში ახლად დანიშნულ ელჩს სორბონის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა აქვს დამთავრებული, რის შემდეგაც თეა კატუკიამ მუშაობა იქვე განაგრძო სადოქტორო ნაშრომზე, რომელიც ევროპული კონსტიტუციის შექმნის თემატიკას ეძღვნებოდა.

რაც შეეხება ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დღეს დანიშნულ ლაშა ჟვანიას, მას წარსულში, 2005-2008 წლებში უკვე ეკავა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ისრაელსა და კვიპროსის რესპუბლიკაში. 

ლაშა ჟვანია 2010 წლიდან დღემდე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კულტურის, მეცნიერებისა და სულიერების აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ფონდის მთავარი მენეჯერი.

91
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (97)