მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: „ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია"

80
(განახლებულია 16:43 26.07.2019)
პრემიერმა ოქრუაშვილის დაკავებაზე ოპოზიციის რეაქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე ოპოზიციონერების რეაქციას იაფფასიანი სპეკულაცია უწოდა, „რადგან გუშინ გამოქვეყნებული 20-21 ივნისის მოვლენების ამსახველი ვიდეო ყველაფერზე მეტყველებს“.

ოქრუაშვილის თანამოაზრეებმა მას პოლიტპატიმარი უწოდეს>>

ოქრუაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზეა დაკავებული. არეულობისა და აქციის შემდგომი დაშლის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოქრუაშვილს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„სამწუხაროდ, ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მუდმივად ცდილობს, რომ გააჩინოს კითხვის ნიშნები ყველაფრის გარშემო. არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის იყო ნათელი, ელემენტარულად, კადრებში ჩანს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია. მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, ამიტომ მე თავს შევიკავებ შინაარსობრივი შეფასებისგან", – განუცხადა ბახტაძემ ჟურნალისტებს.

ოქრუაშვილის დაკავებას მისმა თანამოაზრეებმა პარტიიდან „გამარჯვებული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მათმა პარტნიორებმა ოპოზიციონერის პოლიტიკური დევნა უწოდეს. მათი განცხადებით, ყოფილ მინისტრს კანონი არ დაურღვევია.

ირაკლი ოქრუაშვილი თავად ირაკლი ოქრუაშვილმა დაიჭირა?>>

„ფაქტი არის შემდეგი, რომ საქართველოში არსებობს სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულება და ნდობის ხარისხი არის ძალიან მაღალი ამ პროცესების მისამართით. საქართველოში, სამწუხაროდ, არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც ყველა პროცესისგან ცდილობენ დაიწერონ პოლიტიკური ქულები, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვყავს ძლიერი საზოგადოება, რომელიც ობიექტურად აფასებს ყველაფერს", – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, „კანონის წინაშე ყველა ვართ თანაბარი. ეს არის პრინციპი, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოება და ამ პრინციპიდან გადახვევა არ შეიძლება".

ბოლო დროს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა (2004-2006), ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. პირველად ეს მოხდა 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე, მეორედ – როდესაც განაცხადა თავისი უფლებების შესახებ ტელეარხ „რუსთავი2"-ზე, რომელსაც ახლახან მფლობელები შეეცვალა.

რაც შეეხება არეულობებს, ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში მხოლოდ მონაწილეობისთვის ამ დროისთვის აქციის 15 მონაწილეა დაკავებული. აქედან ცხრა სასამართლო გარჩევის პერიოდში პატიმრობაშია, დანარჩენები გირაოთი არიან გათავისუფლებული.

80
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
ლევან კობერიძე

„ლელოში“ მატებაა: პარლამენტის დეპუტატმა პარტია გამოიცვალა

187
მმართველი პარტიის ყოფილი თანამოაზრე გადავიდა ოპოზიციურ პარტიაში, რომელიც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე არჩევნებამდე თითქმის სამი თვით ადრე შეუერთდა პარტიას „ლელო საქართველოსთვის“, რომელიც ბანკირმა მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. დღეისათვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 40-ზე მეტმა პარტიამ გაიარა.

„ჩვენ გვაქვს ღირებულებითი ერთობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი მომავლისთვის. ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, ეს ჩვენი მოვალეობაა“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ლელო საქართველოსთვის“ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პარტიაა და შემოსავლების მიხედვით მილიონერი პარტიების სამეულში შედის.

ეს პარტია ბანკირებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2019 წლის ბოლოს შექმნეს და ახლა წარმოადგენს სამი ძალის გაერთიანებას: თავად „ლელო“, პარლამენტის ყოფილი სპიკერის, დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობა“ და ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი პარტია „ახალი მემარჯვენეები“.

„ლელო საქართველოთვის“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას >>

რაც შეეხება ლევან კობერიძეს, ის იყო მმართველი პარტიის ერთგული მომხრე, მაგრამ გასულ წელს მან დატოვა „ქართული ოცნების“ რიგები. ამის შემდეგ მან შექმნა ოპოზიციური ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“, ხოლო არჩევნების წინ ყველასათვის მოულოდნელად ანა დოლიძესა და ალეკო ელისაშვილთან ერთად ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ განაცხადა. თუმცა ეს პარტია დღემდე არ შექმნილა.

187
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
გიორგი ვაშაძე

საქართველო, ტურიზმი და კორონავირუსი: ოპოზიციური პარტიის ლიდერი მთავრობას აკრიტიკებს

96
ვაშაძემ გააკრიტიკა ტენდერი, რომლის მთავარი პირობა იყო უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც სტუმრების, ისე სასტუმროების თანამშრომლებისთვის

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კორონავირუსის გამო საერთაშორისო ტურისტული სეზონის ჩავარდნის ფონზე ხელისუფლება ტურისტული სექტორისთვის შერჩევითი დახმარების გამო გააკრიტიკა.

წელს კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმის სფერო სერიოზულად დააზარალა. ამ სფეროსთვის დასახმარებლად სახელმწიფომ ბიზნესი გაათავისუფლა გადასახადებისგან, ოფიციალური შემოსვლის გარეშე დარჩენილებს კომპენსაცია გადაუხადა და სასტუმროებს კარანტინის ზონების მოწყობაში თანხები ჩაურიცხა.

მიუხედავად ამისა, ვაშაძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლების დახმარება შერჩევითი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ათასობით სასტუმრო, საწოლი და საუზმე იყო გამოყოფილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბევრ მათგანს დახურვა მოუწია და ათასობით სამუშაო დაიკარგა, ზოგიერთისთვის კი ეს მაინც კარგი ბიზნესი აღმოჩნდა. მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვინც ახლოსაა „ქართულ ოცნებასთან“. მთავრობამ კრიზისის დროს მხოლოდ 21 კომპანიისთვის, 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. მათ შორის ბევრია ისეთი სასტუმრო, რომელთა მფლობელებმაც დიდი შემოწირულობები გააკეთეს პარტიისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ ბრიფინგზე.

ამავე დროს ვაშაძემ, როგორც ლიდერმა ოპოზიციური პარტიისა, რომელიც დამდეგ არჩევნებზე გავა პარტიასთან „კანონი და სამართალი“, პირობა დადო, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლისთანავე ტურისტული სფერო აღორძინდება და შეიქმნება 55 ათასი სამუშაო ადგილი.

ამასთან, იმ ტენდერის პირობების თანახმად, რომლითაც ასე უკმაყოფილოა ვაშაძე, სასტუმროებს უნდა დაეცვათ უსაფრთხო განთავსება კარანტინის ზონებში როგორც იქ მყოფი პირების, ისე თანამშრომლების. ყველა ოთახი უნდა ყოფილიყო იზოლირებული, კარანტინში მყოფებს უნდა ჰქონოდათ სამჯერადი კვება და რაც ყველაზე მთავარია - ყველა უნდა ყოფილიყო დაცული დაინფიცირებისგან.

ყველაზე კარგად ამ პირობებს პასუხობდნენ დიდი სასტუმროები, რომლებმაც მოიგეს ტენდერი და დღემდე იღებენ მათ, ვისაც კარანტინის გავლა უწევს.

რაც შეეხება ტურიზმის სფეროს, პანდემიისა და უცხოელი ტურისტების არარსებობის მიუხედავად, წელს განსაკუთრებით აქტუალური გახდა შიდა ტურიზმი და საქართველოს მოქალაქეებმა აქტიურად გამოიყენეს ეს შესაძლებლობა.

თუმცა კორონავირუსმა აქაც ჩაშალა მათი გეგმები. მესტიაში კორონავირუსის აფეთქების გამო კარანტინში აღმოჩნდა ასობით ტურისტი, რომლებიც მთის პეიზაჟების ნაცვლად 14 დღის განმავლობაში ადგილობრივი სასტუმროების ხედებით დატკბებიან.

96
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
მესტია

სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანი საკარანტინო სივრცეებშია დაბინავებული

0
(განახლებულია 15:03 12.08.2020)
ადამიანებისთვის, რომლებსაც არ ჰყავთ საკუთარი ავტომანქანა, მათ საკარანტინო სივრცეებში გადასაყვანად ადგილზე ტრანსპორტია მობილიზებული

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ტურიზმის ადმინისტრაციამ სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანა და საკარანტინო სივრცეებში დააბინავა, განაცხადა ბრიფინგზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ადმინისტრაცია, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, აქტიურად მუშაობს სვანეთში და ყველა დამსვენებელთან აქვს კონტაქტი, აღნიშნა მან.

„სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი და ისინი საკარანტინო სივრცეებში დავაბინავეთ. თავის მხრივ, საკარანტინო სივრცეები მოეწყო სვანეთშიც, ადგილზე შევაფასეთ არსებული განთავსების ინფრასტრუქტურა. შევეცადეთ, რომ ეს დამსვენებლებისთვის კომფორტული პროცესი ყოფილიყო“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ვისაც არ ჰყავს საკუთარი ავტომანქანა, მათ საკარანტინო სივრცეებში გადასაყვანად ადგილზე მობილიზებულია ტრანსპორტი, აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მან სვანეთში მყოფ ყველა ადამიანს ცხელი ხაზით სარგებლობისკენ მოუწოდა.

კორონავირუსი სვანეთში: ტურისტები კარანტინში გადაჰყავთ>>

„ყველა ადამიანს, რომელიც სვანეთში იმყოფება, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ისარგებლოს ცხელი ხაზით – 144... თითოეული ადამიანი ,რომელმაც დარეკა და განაცხადა, რომ ის იმყოფება სვანეთში, ყველასთან შედგა კომუნიკაცია და დღის ბოლომდე ყველა იქნება გადაყვანილი საკარანტინო სივრცეში. პროცესი საკმაოდ რთულად სამართავია, თუმცა წარმატებით მიმდინარეობს“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 14-ით გაიზარდა და 1278-ს მიაღწია.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7718, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 245 პაციენტია.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში