ზოგრაბ მნაცაკანიანი და მამუკა ბახტაძე

ერევანი შეშფოთებულია ქართულ-რუსულ ურთიერთობებში დაძაბულობის გამო

148
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში გამართულ შეხვედრებზე ქართულ-რუსული ურთიერთობების საკითხს შეეხო

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცაკანიანმა საქართველოში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

როგორ ჩაიარა სომხეთის მთავარი დიპლომატის პირველმა შეხვედრამ თბილისში >>

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ოთხშაბათს დაიწყო. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართა ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და ასევე თბილისის სომხური თემის წარმომადგენლებთან.

რუსეთის ფაქტორები

სომხეთი დაინტერესებულია რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის შემცირებით და ურთიერთობების ნორმალიზებით, განაცხადა მნაცაკანიანმა სომხური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

„ურთიერთობების გაუმჯობესება ჩვენ ორ მეგობარ ქვეყანას შორის სომხეთის ინტერესებს პასუხობს“, - აღნიშნა მნაცაკანიანმა.

მისი თქმით, ერევანი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და მჭიდრო დიალოგის რეჟიმში იმყოფება როგორც მოსკოვთან, ისე თბილისთან.

მოსკოვისა და თბილისის შერიგებაში ერევნის როლის შესახებ საუბრისას, მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე არ აკეთებს და არც აპირებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც დააბრკოლებს ან ნეგატიურ გავლენას იქონიებს შექმნილ რთულ სიტუაციაზე.

„ერთ ქვეყანასთან თანამშრომლობას არ ვაგებთ მეორის ხარჯზე და ყველა პარტნიორთან ურთიერთობებში თანმიმდევრობას ვიცავთ. არსებობს დიალოგი, სხვადასხვა მოედნები კონსულტაციებისთვის როგორც რუსეთთან, ისე საქართველოსთან, სადაც დაძაბულობის შესამცირებლად მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა არსებობს“, - აღნიშნა მნაცაკანიანმა.

საქართველოს ხელისუფლება რუსეთიდან სატრანზიტო ავიარეისებს დააფინანსებს >>

საქართველოში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების გამო რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვები შეაჩერეს. ახლა მგზავრები ერევნის გავლით სატრანზიტო რეისებით  სარგებლობენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალი რეგიონული პროგრამების რეალიზაცია სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთმომგებიანი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დინამიურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მაღალი დონე და აღნიშნეს, რომ ამ კავშირების განვითარებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა არსებული პოტენციალის გამოყენების გზით.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს პრემიერმა ორ მეგობარ ხალხს შორის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში სომხური დიასპორის დამაკავშირებელ როლს მაღალი შეფასება მისცეს.

მნაცაკანიანმა საქართველოს ხელისუფლების მიმართ სომხური თემისადმი მზრუნველი დამოკიდებულების გამო მადლიერება გამოხატა.

საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნების მრავალი მიმართულებით თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიური ურთიერთობა ვაჭრობის სფეროშია. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და სომხეთი საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ათეულშია.

148
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (97)