ქიბარ ხალვაში

რას უწუნებს ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს

266
(განახლებულია 18:57 25.07.2019)
„რუსთავი 2-ის" ახალმა მფლობელმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ ტელევიზიის გაკოტრებას არ გეგმავს.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ქართული რეიტინგული ტელეკომპანია Rustavi2-ის ახალმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა დადებითად შეაფასა ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა, თუმცა აღნიშნა, რომ სურს არხი უფრო მაღალი სტანდარტების გახდეს.

ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2" 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების დღესვე გადაიფორმა. ბიზნესმენმა საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცა, რომ 2006 წელს მას ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს და ის კანონიერ მფლობელს, ანუ მას უნდა დაუბრუნდეს.

ხალვაში ოქრუაშვილზე: მისი ბავშვის ნათლია ვარ, მასზე საუბარი არ მინდა>>>

ამასთან, ტელევიზიის ახალმა მფლობელმა თავიდანვე განაცხადა, რომ არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გარდა სამსახურიდან არავის გაათავისუფლებდა და სარედაქციო პოლიტიკასაც შეინარჩუნებდა. თუმცა, წამყვანი ჟურნალისტები და ტელეარხის სახეები ხალვაშისთვის ნდობის გამოცხადებას არ ჩქარობენ. მეტიც, ისინი განაგრძობენ ბიზნესმენის კრიტიკას და აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის ახალი მფლობელი მმართველი პარტიის დაკვეთებს ასრულებს და სწორედ გვარამია წარმოადგენდა სიტყვის თავისუფლების გარანტს.

„მე მომწონს „კურიერი", არაფერს ვცვლი. შევეცდებით უფრო მაღალ სტანდარტს მივაღწიოთ. მაგალითად, ჩემზე ტყუილს თუ ამბობენ, თავიდან მე უნდა მკითხონ მართალია თუ არა, რომ ოლიგარქი ვარ და ვისთან ვარ შეკრული", – განაცხადა ხალვაშმა ჟურნალისტებთან.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არ აპირებს „რუსთავი 2"-ის არც ერთი კვალიფიციური თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას.

„ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, მაგრამ არც ერთ კვალიფიციურ ადამიანს სამსახურიდან არ გავათავისუფლებ, ვინც სარგებელს მოუტანს კომპანიას, რადგან ყველა კვალიფიციური ადამიანის დონე განსაზღვრავს კომპანიის დონეს", – განაცხადა მან.

ბიზნესმენის სიტყვებით, მისთვის მთავარია, ტელეარხს ჰქონდეს რეიტინგი და შემოსავალი რეკლამიდან.

თანამშრომლებთან შეხვედრას ის ჯერ არ აპირებს.

„დაწყნარდებიან ცოტა ხანში, დარწმუნდებიან, რომ არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. მედიამენეჯერს ვეძებ. თქვენ თუ არ გააკოტრებთ კომპანიას თქვენი შრომით, მე არ ვაპირებ გაკოტრებას", – განაცხადა ხალვაშმა.

ამ დღეებში „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებმა გაავრცელეს ახალი განცხადება და კვლავ ეჭვი გამოთქვეს სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

ტელეარხის ახალი დირექტორის პაატა სალიას იმ განცხადებაზე საუბრისას, რომლის თანახმადაც წინა მენეჯმენტმა „რუსთავი 2" უფულოდ დატოვა, ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ თანამშრომლების წინაშე ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა შეფასდება, როგორც მათზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ბერკეტი.

„არხის ახალი მფლობელის განცხადება არ გვიტოვებს ილუზიებს, რომ სიტყვის თავისუფლება და სარედაქციო დამოუკიდებლობა, რომელსაც პროდასავლური ორიენტაცია აქვს, კითხვის ნიშნის ქვეშ არ აღმოჩნდება. ამიტომ ჩვენ, არხის ჟურნალისტები, მივმართავთ ყველა ავტორიტეტულ და ადგილობრივ ორგანიზაციას, აკრედიტებულ საელჩოებს, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების გარანტებს წარმოადგენენ, არ დაკარგონ სიფხიზლე და დაეხმარონ „რუსთავი 2"-ს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში", – ნათქვამია განცხადებაში.

გარჩევების ახალი ტალღა

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ის გადაფორმებისთანავე ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელების მდგომარეობაში აღმოჩნდა. ახლა ტელეარხზე პრეტენზიები თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გამოთქვა. მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და პირველ ეტაპზე „რუსთავი 2"-ის წილების დაყადაღება მოითხოვა. სასამართლომ მისი სარჩელი არ მიიღო, რაც ოქრუაშვილის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ოქრუაშვილის მტკიცებით, ხალვაში ტელევიზიის მხოლოდ ნომინირებული მფლობელი იყო, სინამდვილეში კი არხი მას ეკუთვნოდა. ამგვარად, მოსამართლეებს ახალი ჩახლართული საქმის გარჩევა მოუწევთ.

თავის მოთხოვნებს ოქრუაშვილი ასაბუთებს 2010 წელს ბერლინში ხელმოწერილი დოკუმენტით, რომლის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ამავე ხელშეკრულების პირობების თანახმად, ხალვაშმა ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.

ხალვაშის ადვოკატებმა დოკუმენტს ყალბი უწოდეს. უფრო მეტიც, მათ საქართველოს პროკურატურას მიმართეს მოთხოვნით, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ოქრუაშვილის წინააღმდეგ ყალბი დოკუმენტების სასამართლოში გამოყენების გამო.

ამასობაში „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელები და ყოფილი გენერალური დირექტორი ამზადებენ სარჩელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდ პალატაში წარსადგენად, სადაც გაასაჩივრებენ საქმის ერთ-ერთ ნაწილს – მოსამართლეთა მიუკერძოებლობის შესახებ.

266
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
პრემიერი გიორგი გახარია

გახარია ბრიუსელს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

7
(განახლებულია 17:41 28.09.2020)
ქვეყნის პრემიერ–მინისტრი ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს ნატოს შტაბ–ბინაში, ევროპის საბჭოში, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია 29–30 სექტემბერს, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს ნატოს შტაბ–ბინაში, ევროპის საბჭოში, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

ეს გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტია ბრიუსელში მთავრობის მეთაურის რანგში.

29 სექტემბერს დაგეგმილია პრემიერის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას ჩაატარებენ.

ვიზიტის ფარგლებში გახარია შეხვდება ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტ მარგარიტის სხინასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ-მარია სასოლისთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელთან, ასევე ევროკომისრებსა და ევროპარლამენტის წევრებთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი.

7
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
გიორგი ვაშაძე

ოპოზიციური პარტიები ეკონომიკისა და განათლების სფეროებში რეფორმების პრინციპებზე შეთანხმდნენ

13
(განახლებულია 17:34 28.09.2020)
ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ  საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის განვითარებისა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ საკუთარი ხედვები წარმოადგინა

 

თბილისი, 28 სექტემბერი  — Sputnik.  საქრთველოს ოპოზიციურმა პარტიებმა „გირჩი“ „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი საქართველო“ ეკონომიკისა და განათლების სფეროებში რეფორმების  პრინციპების თაობაზე მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

დოკუმენტის თანახმად,  „ქართული ოცნების“ გარეშე კოალიციურმა მთავრობამ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს.  პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“  თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის თქმით, დოკუმენტის ერთ–ერთი პუნქტი განათლების სისტემის დეცენტრალიზაციას ეხება.

 „როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, ჩვენ არ დავიწყებთ ძებნას თუ რა უნდა გაკეთდეს, რადგანაც დღეს უკვე ვიცით, რომ უნდა მოხდეს განათლების სფეროს დეცენტრალიზაცია. საჭიროა პედაგოგების დაფასება და მათი პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლება“, – განაცხადა ვაშაძემ.

თავის მხრივ,  პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის ერთ–ერთი პუნქტი სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ქონების ხალხისთვის კერძო საკუთრებაში დაბრუნებაა. 

 „აღნიშნული პაკეტი ეკონომიკას და განათლებას ეხება. ეკონომიკურ სფეროში ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის, რაც სახელმწიფომ მიითვისა.  განათლების სისტემაში მთავარია, რაშიც ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტები გათავისუფლდნენ სახელმწიფო რეგულაციებისგან, საჯარო დაწესებულებებს კი უნდა ჰქონდეთ მაქსიმალური ავტონომია, მათ შორის ფინანსური“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ოპოზიციური პარტია  „ნაცმოძრაობის“ წევრის თინათინ ბოკუჩავას თქმით, შეთანხმება ასევე ეხება ეროვნული ვალუტის გამყარების გზებს.

 „დოკუმენტში მოცემულია ჩვენი შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავამყაროთ ეროვნული ვალუტა, რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო უფასურდება. თუ როგორ უნდა შევამციროთ ბიუროკრატიული ხარჯები ქვეყანაში, რომელიც ბოლო წლებში კატასტროფულად გაიზარდა, რამდენადაც ივანიშვილის რეჟიმი მხოლოდ თავის ნომენკლატურას კვებავს, დანარჩენი მოსახლეობა შიმშილისთვისაა განწირული“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ადრე აღნიშნულმა პარტიებმა ხელი მოაწერეს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემაში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ მემორანდუმს.

 


13
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება