ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ლიგო

ხალვაში vs ოქრუაშვილი: „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ დავა გრძელდება

203
ხალვაშის ადვოკატის მტკიცებით, ხელმოწერები ყოფილი მინისტრის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე გაყალბებულია

თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა ნინო ბარაჩაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განაცხადი შეიტანა და საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებზე რეაგირება მოითხოვა. 

საქმე ეხება ოქრუაშვილის მოთხოვნას ტელეარხ „რუსთავი 2-ში“ ხალვაშისა და კომპანია „პანორამას“ წილების დაყადაღების თაობაზე.

ოქრუაშვილის სარჩელს ხალვაშის წილების შესახებ უარი ეთქვა: რა არჩევანის წინაშეა ექს-მინისტრი >>

ოქრუაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს გასულ კვირას მიმართეს. მოსარჩელის მტკიცებით, მოთხოვნას საფუძვლად დაედო 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, „რუსთავი 2-ის“ ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში წარმოადგენდა ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს, ხოლო ტელეკომპანიის საკუთრების უფლებას სინამდვილეში ოქრუაშვილი ფლობდა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მისი დარღვევის შემთხვევაში, ხალვაშს ოქრუაშვილისთვის უნდა გადაეხადა 7 მილიონი დოლარი. ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დოკუმენტს ყალბს უწოდებს.

ორშაბათს ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„დღეს ჩვენ განცხადებით მივმართეთ გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ვინაიდან ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონების მიღების მცდელობას. ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით სამხარაულის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია ექსპერტიზა, შესაბამისად, დაველოდებით ექსპერტიზის პასუხებს“, - განაცხადა ბარაჩაშვილმა. 

ოქრუაშვილი კი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ შეიტანეს ხალვაშის ადვოკატებმა განცხადება პროკურატურაში ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით.

„სიმართლე გითხრათ, პროკურატურაში სარჩელი რატომ შეაქვთ, იურიდიულად ვერ ვხვდები ერთი მარტივი მიზეზის გამო. სასამართლოში მე უკვე სამი წელია ფინანსურ ნაწილზე ვდაობ, რომ მას ჩემი ვალი აქვს. მან ეჭვქვეშ დააყენა ამ ხელმოწერის ნამდვილობა და სასამართლომ, იმის მიუხედავად, რომ სამი ექსპერტიზის დასკვნა წარვუდგინეთ, ეს ხელშეკრულება ექსპერტიზაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადააგზავნა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ამასთან, ოქრუაშვილის მტკიცებით, ხელშეკრულებაზე ნამდვილად ხალვაშის ხელმოწერაა.

„უკვე რვა თვე ხალვაში ხელმოწერის ნიმუშების დატოვების მიზნით არ ცხადდება ექსპერტიზაში და პროკურატურაში, რა მოტივით შეიძლება იდავოს, ჩემთვის წარმოუდგენელია“,- განაცხადა ოქრუაშვილმა.

„რუსთავი 2-ის“ ირგვლივ შექმნილი ვითარება

ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით გამორჩეული ტელეარხი „რუსთავი 2“ ახალ რეალობაში ხუთშაბათს, მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. ტელეკომპანიამ სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მალევე არხის ახალმა მფლობელმა აღნიშნა, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა შენარჩუნდება და ერთადერთი ცვლილება შეეხება გენერალურ დირექტორს.

იმავე დღეს საჯარო რეესტრის სააგენტომ დააკმაყოფილა ბიზნესმენის ადვოკატის განაცხადი და „რუსთავი 2“ ხალვაშსა (60%) და კომპანია „პანორამაზე“ (40%) გადააფორმა. მოგვიანებით დარეგისტრირდა არხის ახალი გენერალური დირექტორი - პაატა სალია.

ტელეარხის ჟურნალისტებმა, თავის მხრივ, მოითხოვეს ხელშეუხებლობის გარანტიები და პირობები წამოაყენეს.

მათი ინიციატივის თანახმად, უნდა შეიქმნას „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ. საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალი მენეჯმენტი ვერ მიიღებს და ვერ დაითხოვს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ტელეარხის პოლიტიკურ გადაცემებს ქმნიან. ამისათვის თანამშრომლები ტელეარხზე საკადრო ცვლილებებზე მორატორიუმის შემოღების ინიციატივით გამოდიან.

„რუსთავი 2" და ახალი სასამართლო: არენაზე ირაკლი ოქრუაშვილი გამოდის >>

ჟურნალისტების კიდევ ერთი მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში: არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის გადაცემების მომზადებას და ეთერში გაშვებას, არ შეცვალოს გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი.

ქიბარ ხალვაშმა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. მეტიც, მან აღნიშნა, რომ ეძებს ახალ მედიამენეჯერს დასავლური გამოცდილებით, რომელიც ტელეარხს მაღალი დონის ხარისხიანი პროდუქტის შექმნაში დაეხმარება.

ოქრუაშვილის პერსონა

თავის დროზე ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი იყო. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დეკემბერში, გახდა პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი შიდა ქართლის რეგიონში, 2004 წლიდან - გენერალური პროკურორი. იმავე წლის ივნისში შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, დეკემბერში კი - თავდაცვის მინისტრად.

2006 წლის ნოემბერში ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მოხსნეს და ეკონომიკური განვითარების მინისტრად დანიშნეს, მაგრამ რამდენიმე კვირაში იგი სამსახურიდან წავიდა. 2007 წელს ოქრუაშვილი სააკაშვილის მისამართით გაკეთებული არაერთი ბრალდების შემდეგ დააკავეს. მას კორუფციაში წაუყენეს ბრალი, თუმცა იგი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევდა.

ამჟამად ოქრუაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოპოზიციაშია.

203
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
საქართველოს ცესკო

ცესკო მასმედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს დროული რეგისტრაციისკენ მოუწოდებს

18
(განახლებულია 21:05 04.08.2021)
საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნები, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობა მერებს და საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს.

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მასმედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს მოუწოდებს, დროულად გაიარონ საარჩევნო ადმინისტრაციაში (ცესკო-სა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში) რეგისტრაცია/აკრედიტაცია.

უწყების განმარტებით, გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები.

„მოგიწოდებთ, დროულად გაიაროთ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები  რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად. იმისათვის, რომ გქონდეთ სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, შეუფერხებლად შეძლოთ საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება, სხდომებზე დასწრება და გაშუქება“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო: ცესკომ ღონიძიებების სრული სია გამოაქვეყნა>>

საქართველოში არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 2 აგვისტოს დაიწყო.

18
თემები:
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ბელგიას AstraZeneca-ს ვაქცინის საჩუქრად გადმოცემისთვის მადლობას უხდის 

21
(განახლებულია 20:52 04.08.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, ბელგია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს 2021 წლის ბოლომდე საერთო ჯამში 4 მლნ დოზა ვაქცინას გადასცემს. 

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი ბელგიის სამეფოს საქართველოსთვის AstraZeneca-ს ვაქცინის საჩუქრად გამოცემისთვის მადლობას უხდის.

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის მორიგი პარტია შემოვიდა>>

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბელგია საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის 86.400 დოზას საჩუქრად გადმოსცემს.

„მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა სოფი ვილმესს და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი AstraZeneca-ს ვაქცინის 86.400 დოზისთვის. თქვენი მხარდაჭერა პანდემიის რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

პირველ ტაპზე  AstraZeneca-ს ვაქცინების 168 ათასი დოზა უკრაინაში გაიგზავნება, შემდეგ კი საქართველო, სომხეთი და კოსოვო 225.600 დოზა ვაქცინას  მიიღებენ.

ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელგია ვაქცინებით დაეხმარება ასევე აფრიკის, დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ სამეზობლოსა და სამხრეთ ევროპის ქვეყნებს.

4 მლნ ვაქცინის დოზა ბელგიას ფარმაცევტული კომპანიების რეზერვებიდან აქვს შეძენილი. დოზები სხვადასხვა პლატფორმის, მათ შორის COVAX-ის , გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და GAVI-ის დახმარებიით გადანაწილდება.

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანამ 1 მლნ დოზა Sinopharm-ისა და Sinovac-ის  ვაქცინა მიიღო.

ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და იმუნიზაციის პროცესში 18 წელს ზემოთ პირები ჩაერთვნენ.  ამჟამად საქართველოში 16 წელს ზემოთ პირების აცრა დასაშვებია Pfizer-ის ვაქცინით. 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ აირჩიონ  Pfizer, AstraZeneca, Sinopharm ან Sinovac.

აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება გასამმაგდეს – იმნაძე>>

ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 542.639 აცრა. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 171.908 ადამიანი.

21
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
რუსთავის ციხე

საქართველოს 2022 წელს ევროპული სტანდარტების საპატიმრო ექნება

0
ციხის მშენებლობის დროს გათვალისწინებულია როგორც ევროპული სტანდარტები, ისე საპატიმროებისადმი წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ ევროპული კომიტეტის მოთხოვნები

თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ოზურგეთის რაიონში 2022 წლისთვის დასრულდება ციხის მშენებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

„პირველად საქართველოში ევროპული სტრანდარტების, 700-მდე მსჯავრდებულზე გათვლილი საპატიმრო დაბა ლაითურში უკვე მომდევნო წლის დასაწყისში გაიხსნება“, – განაცხადა ბრეგაძემ და დასძინა, რომ ეს დაწესებულება სრულად შეესატყვისება მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნებს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საპატიმროს მშენებლობის მიმდინარეობისას გათვალისწინებულია როგორც ევროპული სტანდარტები, ისე ციხეებისადმი წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ ევროპული კომიტეტის მოთხოვნები.

1 ივლისის მონაცემებით, საქართველოში 9,1 ათასი პატიმარია, რაც მოსახლეობის 0,25 პროცენტს შეადგენს. პატიმრები სასჯელს ქვეყნის 13 საპატიმროში იხდიან.

ამჟამად საქართველოში საპატიმროები პატიმართა რისკის ხარისხისა და პატიმრობის სახის მიხედვით სამ ტიპად იყოფა – ღია, ნახევრად ღია და დახურული დაწესებულებები. ამ უკანასკნელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან მოთავსებული.

0