ნიკა გვარამია

რა ბერკეტი აქვს ნიკა გვარამიას და რა შემთხვევაში დატოვებს იგი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს

481
(განახლებულია 17:03 18.07.2019)
სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ქართული რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ მისი შრომითი კონტრაქტი ტელეკომპანიის დამოუკიდებლობის გარანტიაა.

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ გვარამია მომავალში ტელეკომპანიას ვეღარ უხელმძღვანელებს.

„რუსთავი 2"-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

„ვთვლი, ის ფაქტი, რომ ჩემ მოღვაწეობაში გარედან ჩარევა შეუძლებელია და წარმოადგენს კომპანიის დამოუკიდებლობისა და სიძლიერის მთავარ გარანტიას, არ ვაპირებ ამის დათმობას. ეს ჩემთვის სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა", – განაცხადა გვარამიამ.

როგორც მან აღნიშნა, მისი შრომითი კონტრაქტი 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს.

 „ამ კონტრაქტში წერია, რომ ჩემი გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარღვევის შემთხვევაში (კონტრაქტის - რედ.) ძალიან სერიოზული გარანტია იქნება გადახდილი. ჩემი გათავისუფლება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. რა დამოკიდებულება აქვს ქიბარ ხალვაშს ამ კონტრაქტთან ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ჩემი მუშაობის პერიოდში ხალვაში არ იყო დამფუძნებელი. ვინც იყო დამფუძნებელი, მათ მომცეს ეს გარანტია. ეს არის ლეგიტიმური კონტრაქტი. ამ კონტრაქტის ბათილობა მესაკუთრის შეცვლის გამო, ცხადია, ვერ დადგება“, – განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას განცხადებით, იგი თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ამას „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები მოისურვებენ.

„მნიშვნელობა არ აქვს, რას იზამს ხელისუფლება. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე უარს ვიტყვი ამ კონტრაქტზე და წავალ ამ კომპანიიდან ჩემი ნებით და არა ხალვაშის მოთხოვნით ან ხელისუფლების ზეწოლით, ეს არის ჩემი ჟურნალისტების, ჩემი თანამშრომლების ამგვარი დამოკიდებულება, რომ ჯობია წავიდე. თუ მათ ეს დამოკიდებულება ექნებათ, მე არ ვაპირებ ამ საკითხის განხილვას“, – განაცხადა გვარამიამ.

როგორც მან აღნიშნა, ამ კონტრაქტთან დაკავშირებით ქართულ სასამართლოებში დავები შეუძლებელია, დოკუმენტში არის დათქმა ლონდონის არბიტრაჟზე.

„ეს კონტრაქტი სწორედ იმიტომ დაიდო, რომ მე საერთოდ არ ვყოფილიყავი დამოკიდებული არც ერთ დამფუძნებელზე, მათ შორის არც მოქმედზე და არც ახალზე“, – აღნიშნა გვარამიამ.

 

481
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
ქართული მარში

„ქართული მარში“ პარტია გახდება - ქვეყნის სათავეში მოსვლა ულტრანაციონალისტებს სურთ

73
(განახლებულია 23:56 29.05.2020)
სანდრო ბრეგაძის სიტყვებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ახალი პარტიის მიზანი „თავისუფალი, ნაციონალური სახელმწიფოს აშენება“ იქნება

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარში“ ივნისში პოლიტიკური პარტია გახდება და მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებში, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მოძრაობის თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძემ.

თითქმის სამი წლის წინ დაფუძნებული მოძრაობა „ქართული მარში“ აერთიანებს სხვადასხვა ნაციონალისტურ ორგანიზაციას. მან სახელი გაითქვა ტრადიციული ფასეულობების დასაცავად გამართული ხმაურიანი აქციებით.

 „ჩვენ გვინდა საქართველოში „კონსერვატორული რევოლუციის“ მოწყობა. რადგანაც მთელ ქრისტიანულ სამყაროში საქართველო დარჩეს სახელმწიფოდ, სადაც არასდროს გაიმართება „გეი“ აღლუმები. პანდემიის დროს მხოლოდ საქართველოში წავიდა ხალხი ეკლესიაში, როდესაც ჩვენ აღდგომას აღვნიშნავდით. ამით მთელ მსოფლიოს ვუთხარით, რომ საქართველო სხვა ფასეულობებზე დგას და მართლმადიდებლობა - ის ფუნდამენტია, რომელზეც არა მხოლოდ საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკა უნდა აიგოს. ეს საქართველოს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლებთან თანაარსებობის პროცესში“, - განუცხადა ბრეგაძემ „Sputnik-საქართველოს“

Сандро Брегадзе беседует с журналистами
© Sputnik / Alexander Imedashvili
სანდრო ბრეგაძე

პოლიტიკური პარტიის სახით მოძრაობა ივნისში დარეგისტრირდება და ყრილობასაც გამართავს.

„ყრილობაზე ვისაუბრებთ პარტიაზეც, მის ხელმძღვანელობაზეც და ჩვენს სტრატეგიასა და ტაქტიკაზე. ამის შემდეგ ვგეგმავთ გრანდიოზულ მიტინგებსა და მანიფესტაციებს. და პირობას ვდებთ, რომ არჩევნებამდე მასშტაბურ ქართულ მარშს მოვაწყობთ, ორჯერ-სამჯერ დიდს, ვიდრე 2017 წელს. საქართველოს ყველა კონსერვატორულ ძალას, რომელიც პატივს  სცემს ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს მართლმადიდებლობას - მოვუწოდებთ, გაერთიანდეს და იბრძოლოს ყველა იმ ბნელი ძალის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ფასეულობების დანგრევა სურს“, - აღნიშნა ბრეგაძემ. 

მისი განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვებისთვის ბრძოლა მოძრაობის გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ ეს ნაბიჯი იძულებითი ზომა იყო. პარტიის მიზანი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში - თავისუფალი, ეროვნული სახელმწიფოს შენება იქნება.

ახლა ორგანიზაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რიგ პოლიტიკოსებთან და საზოგადოებაში ცნობილ პირებთანპირებთან. ბრეგაძე დარწმუნებულია, რომ ახალ პარტიას მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება, ვინაიდან საქართველოს მცხოვრებთა უმრავლესობა, მისი თქმით, კონსერვატორულ მართლმადიდებლურ იდეოლოგიას უჭერს მხარს.

ეს ბრეგაძის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი მცდელობა არ არის. 2018 წელს მან ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა.

 „ქართული მარშის“ სკანდალური ბეგრაუნდი

„ქართულ მარშს“ შექმნის დღიდან მრავალი მიტინგი გაუმართავს, რომლებიც ხშირად შეხლა-შემოხლითა და დაპატიმრებებით  მთავრდებოდა. ყველაზე გახმაურებულ აქციებს შორის არის არატრადიციული სიყვარულის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერის წინააღმდეგ შარშან გამართული პროტესტი.

 „ქართულმა მარშმა“ სცადა  თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8 ნოემბერს დაგეგმილი ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლა. აქციის მონაწილეებმა კინოთეატრების შესასვლელები და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. სკანდალური ფილმის პრემიერა შედგა –  მაყურებელი კინოთეატრებში პოლიციის თანხლებით შედიოდა და გამოდიოდა. 

2018 წლის მარტში „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც იესო ქრისტეზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ–სკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას ხუმრობამ გააღიზიანა, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის გაბუნიასთვის „ჭკუის სწავლა“ გადაწყტიტეს. . მათ დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც გაბუნია და ტელეკომპანიის იურისტი ისხდნენ, სპორტულ ჟურნალისტ დავით ერაძეს კი ცხვირი გაუტეხეს. მაშინ მოძრაობის შვიდი აქტივისტი პოლიციამ ხულიგნობისთვის დააკავა.

2017 წელს „ქართულმა მარშმა“ აქცია გამართა და გააპროტესტა ფეხბურთელ გურამ კაშიას მოქმედება, რომელმაც ერთ-ერთი მატჩის დროს ხელზე ლგბტ-საზოგადოების დროშის სამკლაური გაიკეთა. მოძრაობის მონაწილეებმა მაშინ ლგბტ-საზოგადოების დროშა დაწვეს და საქართველოს ნაკრების ვიცე–კაპიტანის გუნდიდან გარიცხვა მოითხოვეს.

73
პარლამენტი

პრემიერი: საქართველოს მოქალაქეები უფრო კომპეტენტურ პარლამენტს აირჩევენ

71
(განახლებულია 06:37 30.05.2020)
გიორგი გახარიას განმარტებით, საქართველომ უნდა ჩაატაროს შესანიშნავი, იდეალური და საუკეთესო საპარლამენტო არჩევნები.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik.  საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებით, მომავალი პარლამენტი იქნება უფრო ხარისხიანი, უფრო შინაარსიანი და კომპეტენტური, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი სიტყვებით, ოპოზიციის წარმომადგენლები შინაარსობრივი ოპონირების ნაცვლად, იქცეოდნენ ემოციურად, ყვიროდნენ, ხელებს იქნევდნენ და ყოველივე ამას ევროპულ ოპონირებას ეძახდნენ. 

 „სამწუხაროდ, ეს ის პირობებია, რომელში მუშაობაც უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში მოგვიწევს.  იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეების სიბრძნეში, მათ თანადგომაში და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხარდაჭერით და  გადაწყვეტილებით შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და კომპეტენტური“, - განაცხადა გახარიამ.

გახარიას სიტყვებით, ადამიანები დღეს ელოდებოდნენ, რომ პარლამენტში იქნებოდა საუბარი ეპიდემიის, ეკონომიკის შესახებ, თუმცა, ყველაფერი  პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში გადავიდა.

 „არამარტო ჩემთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებენ,  დარწმუნებული ვარ, რომ მძიმე საყურებელია კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს გაჭირვება, ბავშვების გაჭირვება, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს,“- განაცხადა გახარიამ.

გახარიას განმარტებით, საქართველომ უნდა ჩაატაროს შესანიშნავი, იდეალური და საუკეთესო არჩევნები.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია ქვეყანაში აგვისტოს ბოლოს - არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაიწყება. პარლამენტში შერეული სისტემით ირჩევა 150 დეპუტატი - ნაწილი პარტიული სიებით, ნაწილი - ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვების შედეგად.

71
ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე: ჩამოყალიბდა ე.წ. საბურთალოს კლასტერი

27
(განახლებულია 14:40 30.05.2020)
ცხრა ინფიცირებული პირი ნუცუბიძის პლატოს ერთ კორპუსში ცხოვრობს. ისინი ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაზე იყვნენ და კორონავირუსზე ტესტი მე-14 დღეს ჩაუტარდათ.

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა და დიდი ალბათობით, შესაძლოა, ინფიცირების პირველწყარო მედიკოსი იყოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან ცხრა ორი დღის წინ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. გამყრელიძის განმარტებით, ისინი ერთი ოჯახის წევრები და ოჯახის ახლო კონტაქტები არიან.

მისი თქმით, თბილისში დადასტურებული კორონავირუსის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს და ხდება მათი გადაყვანა საკარანტინო სივრცეებში.

„ამ კონტაქტების კვლევა გუშინ და დღეს მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად. უკვე გამოკვლეულია დაახლოებით 50-მდე კონტაქტი.  ამ კონტაქტებიდან,  გარდა გუშინწინ დადგენილი ორისა ანუ პირველწყაროსი,  ცხრას დაუდგინდა კოვიდინფექცია. კონტაქტების კვლევა ამ წუთშიც გრძელდება. კოვიდინფიცირებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში,  ხოლო კონტაქტების გადაყვანა ხდება თანდათან საკარანტინო სივრცეებში თბილისში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის  ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ინფიცირების პირველადი წყარო, შესაძლებელია, იყოს მედიკოსი. 

„მე პერსონალურ ინფორმაციას არასოდეს გავცემ. შემიძლია, გითხრათ, რომ ესენი არიან ერთი ოჯახის და ოჯახთან ძალიან ახლო კონტაქტები. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი გახლავთ საბურთალოზე და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის ყველა კონტაქტის კვლევა. ესენი არიან დევნილები თუ ადგილობრივი მცხოვრებლები, მე ამას ვერ დავაზუსტებ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ მოსახლეობას სიმშვიდისკენ და წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხრა ინფიცირებული პირი ნუცუბიძის პლატოს ერთ კორპუსში ცხოვრობს. ისინი ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაზე იყვნენ და კორონავირუსზე ტესტი მე-14 დღეს ჩაუტარდათ.

ბოლო  მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 757–მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 600 ადამიანი, გარდაიცვალა – 12.

კარანტინში იმყოფება 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში – 250. საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში უცხოეთიდან გადმოიყვანეს სამკურნალოდ.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. 

ამ კვირის პირველ დღეებში კორონავირუსის სულ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა - 1-3 ერთ დღეში. გუშინ 8 ახალი შემთხვევა დაემატა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ნახტომისებური ზრდა მკაცრი შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

27
თემები:
COVID-19 საქართველოში