ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილისთვის რუსული ბაზრის დაკეტვის მომხრეები საქართველოს მოღალატეები არიან

136
(განახლებულია 15:00 17.07.2019)
ივანიშვილის განცხადებით, რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას ევროპის განვითარებული ქვეყნებიც ცდილობენ

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik.  რუსული ბაზრის შემცვლელის პოვნა, მით უმეტეს, საქართველოსთვის, ადვილი არაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და  თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის შედეგად ატეხილმა აჟიოტაჟმა, შემდგომ საპროტესტო ტალღამ და ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წარმომადგენლების სკანდალურმა განცხადებებმა საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავა. აქციებზე ანტირუსული ლოზუნგებისა და საქართველოს პირველი პირების მიერ გაკეთებული მკვეთრი განცხადებების საპასუხოდ, მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მთავრობას საქართველოს მიმართ შესაძლო დამატებითი სპეციალური ეკონომიკური სანქციების დაწესების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა შესთავაზა. ვლადიმირ პუტინმა კი განაცხადა, რომ „ქართველი ხალხის პატივისცემის გამო" მხარს არ დაუჭერს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას.

„რუსული ბაზრის ჩანაცვლება არავისთვის იოლი არ არის - არც ევროპელებისთვის და მით უმეტეს, ადვილი არ არის ჩვენთვის. პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა მარტივი პროცესი არ არის. ამას წლები სჭირდება. ჩვენი პროდუქცია რუსეთში ცნობილია და ძალიან კარგად იციან. მას მომხმარებელი ჰყავს. როდესაც რუსული ბაზარი დაკეტილი იყო, დივერსიფიკაცია მოხდა და ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი უნდა დაიკეტოს და ვაჭრობა შეწყდეს, ქვეყნის მტრები არიან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს ხელისუფლების ვარაუდით, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტით გამოწვეულმა ზარალმა, შესაძლოა, 750 მილიონ დოლარს მიაღწიოს. ტურიზმის სფეროს სპეციალისტები უკვე საუბრობენ სასტუმროებში დიდი რაოდენობით ჯავშნის გაუქმებაზე.  2018 წელს უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

 

 

136
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო უწყება: სააკაშვილის განცხადებები საქართველო–უკრაინის ურთიერთობებს ვნებს

33
(განახლებულია 17:53 10.07.2020)
საქართველოს ექს–პრეზიდენტის განცხადებამ კიდევ ერთხელ შეიტანა დაძაბულობა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებში

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. მორიგი მტრული დამოკიდებულება საქართველოს მთავრობის მიმართ ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად უკრაინელი ჩინოვნიკის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩთან შეხვედრის საბაბი გახდა.

სააკაშვილმა ამ დღეებში თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ არ აღიარებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას. მან ასევე განაცხადა, რომ ის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 31 ოქტომბერს ჩატარდება, „მოწინავე ხაზზე“ იქნება.

საქართველოს საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი განცხადებები ხელს არ უწყობს ქართულ–უკრაინული ურთიერთობების გამტკიცებას და მას არსებით ზიანს აყენებს.

უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, შეშფოთება გამოთქვა უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ მიუღებელი განცხადებების თაობაზე.

გამოითქვა იმედი, რომ უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს ამ ფაქტს და ორივე მხარე გამოიჩენს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

ყველანი ერთის წინააღმდეგ: საქართველოში სააკაშვილით უკმაყოფილონი არიან>>

უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ ის კიევს ოფიციალური თბილისის პოზიციას გადასცემს.

გარდა ამისა, სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრი თავის უკრაინელ კოლეგას ესაუბრა, რომლის დროსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა წუხილი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და ვითარებაში გაარკვევის პირობა დადო.

ეს სააკაშვილის პირველი „ხმამაღალი“ განცხადება არაა, რომლის გამოც ქვეყნებს შორის გარკვეული დაძაბულობა ჩნდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ივნისში უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. საქართველოში ეს განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში ჩარევად შეფასდა. მაშინ უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ სააკაშვილი უკრაინის ოფიციალური პირი არაა და შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა.

უფრო ადრე, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა და არ გაითვალისწინა ოფიციალური თბილისის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, საქართველომ საქართველომ კიევიდან კონსულტაციებისთვის თავისი ელჩი გამოიწვია.

მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლებში იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისა და მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და უცხოეთში ცხოვრობდა, ვიდრე 2015 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა არ მისცა და ოდესის ოლქის გუბერნატორობა არ შესთავაზა.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობისა და თანამდებობის მიღების შემდეგ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამასთან, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში თავად სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების საქმიანობა საქართველოში არაერთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა.

რაც შეეხება უკრაინაში მის პოლიტიკურ კარიერას, იგი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მმართველობისას ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. თანამდებობაზე მან ერთი წელიც ვერ გაძლო. მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. უკრაინაში დაბრუნება და მოქალაქეობის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკი აირჩიეს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. სასამართლოში მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე იხილება.

33
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პრემიერი გიორგი გახარია

„ამორალურია“ პრემიერი შაქარაშვილის დაღუპვის საქმის ირგვლივ სპეკულაციების შესახებ

61
(განახლებულია 15:49 10.07.2020)
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყველას მოუწოდა, დაელოდონ გამოძიების დასრულებასა და სასამართლო პროცესებს

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომენტარისას.

რა ხდებოდა შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს – ვრცელდება იაკობ ბრეგვაძის გადაღებული ფოტოები>>

ახალგაზრდა სპორტსმენის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ის უგზო–უკვლოდ გაუჩინარდა წვეულებიდან, რომელზეც სტუმრებს შორის მასობრივი კონფლიქტი მოხდა. ეს თემა ქართულ მასმედიაში ძალზე აქტუალური გახდა, ხოლო ბევრმა ოპოზიციურად განწყობილმა ექსპერტმა საგამოძიებო ორგანოების მუშაობას უნდობლობა გამოუცხადა.

„გამოძიება რომ დასრულდება, შემდგომ შეიძლება უკვე ამ გამოძიებების გარკვეული მხრიდან შეფასება, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება – სპეკულირება და ტრაგედიის გამოყენება რაღაც პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არასამართლიანი კი არა, ამორალურია და ყველანაირ ფასეულობებს მიღმაა“, – განაცხადა გახარიამ.

შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ ბრალად თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება. წინასწარი სასამართლო მოსმენები 31 ივლისს არის დაგეგმილი.

პარასკევს ცნობილი გახდა დაღუპულის ცხედრის ექსპერტიზის შედეგები. გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა – ახალგაზრდა წყალში დაიხრჩო. ამასთან, შაქარაშვილის სხეულზე და თავზე აღინიშნება ბლაგვი საგნით სიკვდილამდე მიყენებული მრავლობითი ტრავმები.

ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, პროკურატურამ საქმის კვალიფიკაციის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო. სსკ–ის არსებულ მუხლს დაემატა 109–ე მუხლის მეორე ნაწილი („ე“ ქვეპუნქტი) – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება გაიმართა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ დასახმარებლად თბილისიდან მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეში პორნოგრაფიული ვიდეო დევს? – ადვოკატის სკანდალური განცხადება>>

მოწმეები აცხადებენ, რომ გიორგიმ კონფლიქტის ადგილი დატოვა და მდინარისკენ გაიქცა. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება.

61
აია სოფიას ტაძარი

თურქეთმა აია სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა: ტაძარი მეჩეთად გადაკეთდება?

0
(განახლებულია 18:51 10.07.2020)
ადრე საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ „ბრძნული ნაბიჯი“ იქნება, თუ აია-სოფიას ტაძარი სტამბოლში კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება,

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. თურქეთის სახელმწიფო საბჭომ წმინდა სოფიას ტაძრის მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება გააუქმა, იუწყება „Sputnik თურქეთი"

ამიერიდან, აია–სოფიას ტაძარს მეჩეთის ფუნქცია ექნება. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ადრე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება და შესაბამისად იმოქმედებს.

მომხდარმა ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. უკმაყოფილება გამოთქვეს იუნესკოში, საბერძნეთში, რუსეთში, სხვადასხვა ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებში. თუმცა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, მისი ქვეყანა უფლებამოსილია შეცვალოს ტაძრის სტატუსი და ის მეჩეთად აქციოს სხვა სახელმწიფოების დაუკითხავად.
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს წმინდა სოფიას ტაძარი 3,7 მლნ–ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა.

აია-სოფიას ტაძარი 537 წლის 27 დეკემბერს აკურთხეს. დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში ის იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი ტაძარი, მაგრამ შემდეგ ოსმალეთის იმპერიის მთავარ მეჩეთად იქცა. 1935 წლიდან მას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1985 წელს იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს.

0