ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი: გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი

99
(განახლებულია 19:25 17.07.2019)
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გახარიამ ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებისგან დაიცვა.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს, რადგანაც პოლიციამ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ ძალა ლეგიტიმურად გამოიყენა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში მმართველი პარტიის რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.

ივანიშვილი: „50%-იანი ბარიერის გადალახვა იქნება რთული, მაგრამ შესაძლებელი">>>

საქართველო 20 ივნისიდან საპროტესტო ტალღამ მოიცვა - მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. იმავე დღეს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი.

„ძალა ლეგიტიმურად იყო გამოყენებული. ამასთან დაკავშირებით კითხვები არავის აქვს. შესაბამისად, თუ იქნებოდა ძალის გამოყენების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი სიტყვებით, 20-21 ივნისის ვიდეოჩანაწერების ნახვის შემდეგ არც აშშ-დან და არც ევროპიდან პოლიციელთა მხრიდან ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვა არავის ჰქონია.

„არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის. შევხვდი ევროპელებს, ელჩებს, ვიცი ვაშინგტონის პოზიცია. ის კადრები, რაც ნახეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე არავის კითხვა არ უჩნდება. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არაა. თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. დღეს გიორგი გახარიას გადადგომა პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის ღალატი იქნებოდა", – აღნიშნა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის განმარტებით, პოლიციამ 20-21 ივნისს სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა.

„გახარიას გადადგომა ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ არსებობს. როდესაც ხდება ძალადობა, დარტყმის მიტანა ძირითად ინსტიტუტზე - პარლამენტზე და მას პოლიცია ვერ დაიცავს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს, მაგრამ მან ეს მოახერხა... მან სახელმწიფო ახალი სახელმწიფო გადატრიალებისგან დაიცვა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს – პოლიციის მიერ ძალის გადამეტება და აქციის მონაწილეთა მიმართ ორი მუხლით - „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“ და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“.

გახარიამ არ გამორიცხა, რომ მერაბიშვილის ბედი შეიძლება გაიზიაროს>>>

პირველ შემთხვევაში, ამ დროისთვის შსს-ს ორი თანამშრომელია დაკავებული, მეორე შემთხვევაში კი აქციის რვა მონაწილე.

გარდა ამისა, არეულობის ორგანიზების ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკანორ მელიას, რომელსაც პარლამენტმა 26 ივნისს სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. სასამართლომ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება. მომიტინგეების ერთადერთი მოთხოვნაა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა, როგორც 20-21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირის.

99
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
საარჩევნო ბიულეტენები

2020 წლის არჩევნების შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა: რა წერია დასკვნაში

17
საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლინდა ხარვეზები, მაგრამ ეს ხარვეზები კენჭისყრის საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა, დაასკვნა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, მაგრამ მათ არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე გავლენა არ მოუხდენია, განაცხადა საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

მიქანაძემ კომისიის დასკვნა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ორშაბათს წარადგინა.

დროებითი საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე წლის 17 თებერვალს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ინიციატივით შეიქმნა ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

„საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ძირითადი თავისუფლებებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა. ამასთანავე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას გამოიკვეთა რიგი ხარვეზები, რომლებსაც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელ ოქმში გამოქვეყნებული მონაცემები ამომრჩევლის გამოხატულ თავისუფალ ნებას სრულად ასახავს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისი ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიამ ჩაატარა 16 სამუშაო შეხვედრა, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული 38 ადამიანი გამოკითხა და სხვადასხვა უწყებას მიმართა 22 წერილით და მათგან მიიღო შესაბამისი პასუხები.

„საერთო ჯამში, დისბალანსიანი ბიულეტენების რაოდენობა იყო 0,16%. კომისიამ დაადგინა, რომ იყო იმდენად მიზერული განსხვავება, რომ არანაირი არსებითი გავლენა არ შეიძლებოდა მოეხდინა შედეგებზე. ეს განსხვავებები ფიქსირდებოდა მეასედებში - 0,01%- 0,02%, როგორც მეტობის, ისე ნაკლებობის თვალსაზრისით“, - განაცხადა მიქანაძემ.

ამასთან, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ წარმოუდგენია თუნდაც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა ან მოხდა რაიმე მანიპულაცია. მეტიც, ოპოზიციის წარმომადგენლებს არამხოლოდ არ მიუღიათ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში, არამედ ისინი სხდომებსაც არ დასწრებიან, აღნიშნა მიქანაძემ.

დროებითი საპარლამენტო დასკვნის განხილვა ამჯერადაც პრაქტიკულად ოპოზიციის გარეშე წარიმართა. ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა განხილვას არ ესწრებოდა.

„როდესაც ამ თემაზე კომისიამ მუშაობა დაასრულა და ეს თემა გამოდის განსახილველად, ოპოზიციის მხოლოდ სამი წარმომადგენელია დარბაზში, „ნაცმოძრაობიდან“ არცერთი. შემკამათებელი არ გყავთ იმ თემაზე, რომელი თემითაც უნდოდათ არეულობის მოწყობა, 6 თვე, ვიდრე შეთანხმებას ხელი არ მოეწერა, აჯანჯღარებდნენ ამ ქვეყანას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მმართველმა პარტიამ გასულ კვირაში ოპოზიციას მოუწოდა, მონაწილეობა მიიეღო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვასა და დამტკიცებაში. როგორც გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, თუ ოპოზიციის ლიდერებს კვლავ მიაჩნიათ, რომ პარლამენტის მრავალთვიან საბოტაჟს ლეგიტიმური საფუძველი გააჩნია, მათ თავიანთი სიმართლის დამტკიცება უნდა სცადონ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები ოპოზიციასაც გააჩნია.

„პოსტფაქტუმ, კრიზისის პერიოდში, საგამოძიებო კომისიის შექმნა, სადაც მხოლოდ თავად (მმართველი პარტია - რედ.) იღებენ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ვერ დადებს დასკვნას, რომელიც საზოგადოების აზრზე იმოქმედებს ან რაიმე სანდოობა ექნება. ეს არის ძალიან სამწუხარო”, – განაცხადა არლამენტის ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.

უფრო ადრე მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ კომისია ხმებს უბნების ნაწილზე გადაითვლის და თუ ეს შედეგები საქართველოს ცესკოს შედეგებთან 1%-ზე მეტით იქნება აცდენილი, ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 90 ადგილი მიიღო, დანარჩენი 60 ადგილი კი რვა ოპოზიციურ პარტიას შორის გადანაწილდა.

17
პარლამენტი

ცდა №3: პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი ჩავარდა

31
(განახლებულია 16:22 26.07.2021)
საკანონმდებლო ორგანოში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პირველი კენჭისყრა 18 ივლისს, მეორე კი 22 ივლისს გაიმართა.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება" და ოპოზიცია ვერ მივიდნენ კონსენსუსამდე საქართველოს ცესკოს თამჯდომარის არჩევის საკითხში – დღეს რიგით მესამე კენჭისყრაც ჩავარდა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კანდიდატმა გიორგი კალანდარიშვილმა 83 ხმა მიიღო 90-ის ნაცვლად, ხოლო გიორგი სანტურიანმა – სამი. გარდა ამისა, კენჭისყრის შედეგად ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვეს ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილმა კანდიდატებმაც.

ცესკოს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით არჩევის საკითხის ჩავარდნის შემდეგ უნდა გაიმართოს კენჭისყრა მისი ნახევარი წლით არჩევის საკითხზე.

საქართველოს საარჩევნო კოდექსში მიღებული შესწორებების თანახმად, ხუთი წლის ვადით თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100 ხმა და მეტი) - შემდეგ სამმა მესამედმა. თუ ეს არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.

ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით შესწორებები საარჩევნო კოდექსში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შედეგად მიიღეს, რომელიც ევროპული კავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით შედგა.

31
კვლევები საწურბლიაში

საწურბლიას მღვიმის ნიადაგში ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენი იპოვეს

0
Current Biology-ში გამოქვეყნებული სტატია აღწერს მღვიმის ნიადაგიდან აღებული დნმ-ის დეკოდირების შედეგებს და ძუძუმწოვართა სამი პოპულაციის ისტორიას აღწერს.

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საწურბლიას მღვიმის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) ნიადაგში აღმოჩენილია ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენი, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

სამეცნიერო ჟურნალში Current Biology გამოქვეყნდა სტატია, რომელიც საქართველოს, ავსტრიის, ბრიტანეთის, დანიის, ირლანდიის, ისრაელის სამეცნიერო ინსტიტუციების მიერ ჩატარებულ ერთობლივ კვლევებს ეყრდნობა. სტატიაში აღწერილია საწურბლიას მღვიმეში 25 ათასი წლის წინანდელი ადამიანისა და ძუძუმწოვრების ბირთვული და მიტოქონდრიალური დნმ-ი.

კვლევა ეყრდნობა 2012-2017 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მასალის ანალიზების შედეგებს, რომელიც  წყალტუბოს ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო ექსპედიციის მიერ არის მოპოვებული. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოიყენა ინოვაციური მეთოდი და შეძლო სეკვენირების შედეგად გამოეყო გარემოს დნმ-ით მდიდარი მასალა.

Current Biology-ში გამოქვეყნებული სტატია აღწერს მღვიმის ნიადაგიდან აღებული დნმ-ის დეკოდირების შედეგებს და ძუძუმწოვართა სამი პოპულაციის ისტორიას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ახალმა მეთოდმა დაამტკიცა, რომ ძვლოვანი მასალის არ არსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია გარემოს გენომის მიღება. ანალიზით დამტკიცდა, რომ SAT29 ნიმუში წარმოადგენს ადამიანის იმ გამქრალ გენს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დღევანდელი დასავლეთ ევროპის მოსახლეობის გენეტიკაში.

შედეგების გადასამოწმებლად მეცნიერებმა აღნიშნული მასალა შეადარეს ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილი ადამიანის ძვლოვან მასალას და დაასკვნეს, რომ ამ ორ ინდივიდს ერთნაირი გენეტიკური მახასიათებელი აქვს. აღნიშნული კვლევით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ევრაზიის კონტინენტზე, უკანასკნელი გამყინვარების შემდგომ პერიოდში, ძირითადი მოსახლეობა სამხრეთ კავკასიის გენის მატარებელია.

კვლევამ გამოავლინა გადაშენებული კავკასიური მგლის და ძაღლის მემკვიდრეობითი ხაზი, ასევე ევროპული ბიზონის გენი, რომლის მემკვიდრეა თანამედროვე სახეობა. მიღებული შედეგები ახალ მონაცემებს იძლევა გვიან პლეისტოცენის (ზედაპალეოლითური) ძუძუმწოვართა სამი სახეობის გენეტიკის ისტორიაში და აღწერს ნიადაგში დნმ-ის სეკვენირების shotgun მეთოდის გამოყენების შედეგებს, რომელიც იძლევა ჩვენი წინაპრის შესახებ უფრო ფართო ინფორმაციას და მის ფილოგენეტიკური კავშირების დადგენის შესაძლებლობას.

აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიამ, რომელიც კაცობრიობის კულტურათა გზაჯვარედინადაა მიჩნეული, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული გავლენა ძველი მსოფლიოს ისტორიაში.

 

0