საქართველო=აზერბაიჯანის საზღვარი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთებზე მოლაპარაკებები მალე განახლდება

84
(განახლებულია 15:25 17.07.2019)
საქართველოს პრემიერმა ყველას ემოციების შეკავებისკენ მოუწოდა, რათა დემარკაციის კომისიას მშვიდ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა მიეცეს.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია მუშაობას რამდენიმე კვირაში განაახლებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.

ინციდენტი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან: საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს >>

მუშაობა საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე რვაწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა - მოლაპარაკებები ბაქოში 23-24 მაისს შედგა. მომდევნო სხდომა უნდა გაიმართოს თბილისში, მანამდე კი ორივე ქვეყნის ექსპერტები ადგილზე სადავო მონაკვეთებს სწავლობენ.

„კომისია უახლოეს კვირებში განაახლებს მუშაობას... მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ შესაბამისი უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში არიან კონტაქტზე თავის კოლეგებთან აზერბაიჯანში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ასევე კომენტარი გააკეთა კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც კვირას დავით-გარეჯის ტერიტორიაზე ქართულ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის მოხდა.

დავით-გარეჯი საზღვრის სადავო მონაკვეთის გასწვრივ მდებარეობს. კომპლექსის ნაწილს, კერძოდ, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობს აზერბაიჯანი აკონტროლებს.

როგორც ცოტა ხნის წინ დავით-გარეჯში მომუშავე გიდმა განაცხადა, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ერთ-ერთი ეკლესიიდან ხატების გამოტანა უნებართვოდ დაიწყეს.

მოგვიანებით შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ კვირას ადგილობრივები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე ავიდნენ, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებოდნენ და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა.

„პოლიტიკური მანიპულაციები დაუშვებელია" – ზურაბიშვილი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების შესახებ >>

„როგორც იცით, ორი დღის წინ იყო სამწუხარო ინცინდენტი, რომელიც ამოწურულია. ეს არის ფაქიზი საკითხი, ძალიან მგრძნობიარე თითოეული ჩვენგანისთვის და ყველას მინდა ვთხოვო, მისცენ კომისიას და შესაბამის უწყებებს საშუალება გააგრძელონ ფუნქციონირება ნორმალურ რეჟიმში“, - განაცხადა ბახტაძემ.

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა აპრილის ბოლოს გააქტიურდა, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ სიტუაცია მაინც დაძაბულია.

უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე ერთობლივი კომისიის მუშაობის აღდგენისთანავე აზერბაიჯანულმა მხარემ დავით-გარეჯისკენ მიმავალი გზის მშენებლობა დაიწყო. მოლაპარაკებების მეორე დღეს სპეცტექნიკა შეაჩერეს, მაგრამ გზა პრაქტიკულად უკვე გაყვანილი იყო.

ცოცხალი ჯაჭვი დავით-გარეჯის ირგვლივ: აზერბაიჯანის საზღვართან აქცია გაიმართა >>

ორი დღის შემდეგ მომხდარით აღშფოთებულმა სასულიერო პირებმა, მრევლმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კომპლექსის ტერიტორიაზე ჩაატარეს აქცია-მსვლელობა ლოზუნგით „დავით-გარეჯი - საქართველოა“. აქციის მონაწილეები დაგეგმილზე ადრე დაიშალნენ, მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოუწოდა, არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს.

ხელისუფლებამ, თავის მხრივ, მოსახლეობას ყოველგვარი ემოციების გვერდზე გადადებისკენ მოუწოდა, რათა ორი ქვეყნის ხელისუფლებას მოლაპარაკების მშვიდ ვითარებაში გამართვის შესაძლებლობა მიეცეს.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

ილია მეორემ დავით-გარეჯთან შექმნილი ვითარება ქვეყნის მუსლიმ სასულიერო პირებთან განიხილა >>

აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას ქეშიქჩიდაღს უწოდებენ. მათი მტკიცებით, კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა.

84
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (40)