გია მეფარიშვილი: დაპირებულ „სამართლიანობის აღდგენას" საუკუნეები დასჭირდება

© Sputnik / Levan Avlabreliსამართლის დოქტორი გია მეფარიშვილი
სამართლის დოქტორი გია მეფარიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი სამართალმცოდნე, პროფესორი გია მეფარიშვილი „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის „სამართლიანობის აღდგენის“ პროცესზე საუბრობს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო. ამ მიზნით უკვე არჩევნების შემდეგ იუსტიციის სამინისტრო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. იურისტებთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების შედეგად შესაბამისი კანონპროექტიც მომზადდა. თუმცა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მაშინ განაცხადა, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო კომისიის შექმნა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

აღნიშნულ თემაზე „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას ცნობილი სამართალმცოდნე, პროფესორი გია მეფარიშვილი აცხადებს, რომ როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ახალი ხელისუფლებისგან დაპირებული სამართლიანობის აღდგენა გულისხმობდა იმ დაუსაბუთებელი განაჩენების გადახედვას, რომლებიც 2004-2012 წლებში დადგა. ასევე იმ ფაქტების აღმოფხვრას, რომლებზე დაყრდნობითაც მოხდა მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევა, უსაფუძვლო დაკავება-დაპატიმრებები, არაადამიანური მოპყრობები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები.

ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
ნონა გაფრინდაშვილი: მოსახლეობამ სერიოზულად უნდა მოითხოვოს სამართლიანობის აღდგენა

ვითარება დღეს...

მართალია, დღევანდელმა ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენის პროცესის ადგილიდან დაძვრა შეძლო, მაგრამ ვეღარ განავითარა. დაზარალებულთა ძალიან მცირე ნაწილს დაუბრუნდა უკანონოდ ჩამორთმეული ქონება. 2004-2012 წლებში მოქალაქეებისთვის და იურიდიული პირებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დიდი ნაწილი ამჟამად შესაბამის გადაწყვეტილებას ისევ ელოდება.

ყველა ეს ქონება არის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშზე და პატრონს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ მიღებული იქნება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. საუბარია ჩამორთმეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია და ეს ავტომანქანები უკვე შვიდ წელზე მეტია იჟანგება ე.წ. მოდულის შენობის ეზოში. გადაწყვეტილება კი არ ჩანს! გადის დრო და სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ჩამორთმეული ქონების კანონიერ მფლობელებზე დაბრუნების პერსპექტივა სათუო ხდება, რადგან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სარჩელებზე ულმობლად გავიდა. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, სადაც კონკრეტული ფიგურანტები არიან, რომლებიც იმხილებიან სამოხელეო დანაშაულის ჩადენისათვის (თანამდებობის ბოროტად გამოყენება; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ა.შ.), კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები ჯერ კიდევ არ არის გასული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახდინა ხანდაზმულობის ვადების გაზრდა 15 წლამდე და ახლა მათ მიერ შექმნილი დამოკლეს მახვილი ჯერ კიდევ მოქნევას ელოდება...

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე - Sputnik საქართველო
საყვარელიძე: „ ქართული ოცნებისგან" ამომრჩეველი მეტს ელოდა

ამგვარად, 2004-2012 წლებში ქონების ჩამორთმევაზე და მსგავს საკითხებზე საქმეების გახილვა უკვე ვეღარ მოხდება, რადგან ხანდაზმულობის ვადები ამოწურულია. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, მათ გადახედვას მოქმედი კანონმდებლობა ჯერ კიდევ ითვალისწინებს და ამის განხილვა დროულად უნდა მოხდეს, რადგან ამ ვითარებაში დრო ყველაზე მნიშვნელოვანია.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შექმნილმა სპეციალიზებულმა დეპარტამენტმა (ათკაციანმა!) გარკვეული სამუშაოები ნამდვილად ჩაატარა. ქართველმა საზოგადოებამ უკვე იცის, რომ რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე უკვე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები: შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნები, გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩენები, დაუბრუნდა რეაბილიტირებულებს ჩამორთმეული ქონება და ა.შ., მაგრამ ამ ათკაციანმა კოლექტივმა როგორ უნდა განიხილოს 30 ათასზე მეტი (!) საჩივარი – ეს გაკვირვებას იწვევს...

მე ვიცი, რა მდგომარეობაშია ეს სტრუქტურა და რაოდენ ჯოჯოხეთურ დატვირთვას უძლებენ იქ დასაქმებული ადამიანები. იფიქრა ვინმემ, 30 ათასზე მეტ საჩივარს რამდენი ხანი უნდა ელოდოს პირი, რომელიც მიიჩნევს, რომ გახდა პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი? ალბათ მას მოუწევს 20-30 წელი ლოდინი... აი, ასეთია სამწუხარო რეალობა.

სამართლიანობის აღდგენა 90 -იანი წლებიდან უნდა დაიწყოს - Sputnik საქართველო
სამართლიანობის აღდგენა 90 -იანი წლებიდან უნდა დაიწყოს

პოლიტიკური ნება და ისევ პოლიტიკური ნება...

ვერ ვიტყვი, რომ ახალ ხელისუფლებას ამ მოქალაქეთა დასახმარებლად არაფერი გაუკეთებია. შეიქმნა პროექტები, სადაც გამოყენებული იყო სამართლიანობის აღდგენის საკითხებში ესპანეთის და ჩილეს მაგალითები. პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტი. არსებობდა პროგრამა და მხოლოდ მონდომება უნდა ყოფილიყო. მაგრამ პოლიტიკური არ არსებობს ნება და სწორედ ესაა პრობლემა.

52 ათასი საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები რამდენიმე ადამიანი ვერ იქნება. ასე რომ, ამ გზით პერსპექტივა არ არსებობს. კანონმა რომ იკანონოს, პოლიტიკური ნებაა საჭირო, რასაც სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება. წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები არ განხორციელდება კიდევ რამდენიმე საუკუნე.

სადაა გამოსავალი...

ხალხი ელოდება სამართლიანობის აღდგენას. მე და ჩემს კოლეგებს თავის დროზე გვქონდა იდეა, მაქსიმალური გამჭირვალობით შექმნილიყო სპეციალიზებული პროკურატურა, რომელიც ჩაატარებდა გამოძიებას 2004-2012 წლებში ჩადენილ დანაშაულთა საქმეებზე და მოამზადებდა მათზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადახედვის საფუძვლებს. შევთანხმდეთ, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, სანამ კანონიერ ძალაშია, ის ითვლება კანონად. ერთადერთი, ვისაც შეუძლია კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება ან შეცვლა, შეუძლია მხოლოდ ზემდგომ სასამართლოს, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ რეალისტები. ის მოსამართლეები, რომლებიც 2004-2012 წლებში გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენების ავტორები არიან, ვერ გამოდგებოდნენ პირუთვნელ მოსამართლეებად როგორც კი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყებოდა. რატომ? ამას კანონი ითვალისწინებს! ამიტომ ვთავაზობდით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სააპელაციო სასამართლოებში შექმნილიყო რეაბილიტაციის საქმეთა სასამართლო პალატები, რომლებშიც გამწესდებოდნენ ის მოსამართლეები, რომლებსაც მონაწილეობა არ ჰქონდათ მიღებული 2004-2012 წლებში ჩატარებულ სასამართლო პროცესებში. ჩვენ ამის გამოცდილება უკვე გვქონდა, როდესაც 1956 წელს სკკპ-ის მეოცე ყრილობის შემდეგ დაიწყო სტალინის პერიოდში რეპრესირებულთა რეაბილიტაციის საქმეები. თავის დროზე სპეციალიზებულმა სტრუქტურებმა (სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკის პროკურატურებში, სსრ კავშირის უმაღლეს სასამართლო სამხედრო კოლეგიაში და ა.შ.) წარმატებით გაართვეს თავი უზარმაზარი რაოდენობის საქმეთა განხილვას. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ასიათასობით უკანონო მსჯავრდებულ პირთა რეაბილიტაცია, მათ შორის ქართველი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლების, რომლებიც ზვარაკად შეეწირნენ გასული საუკუნის 37-38 წლებში დაწყებულ სისხლიან ბაკქანალიას.

საზოგადოების მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენა იყო

სპეციალიზებული სტრუქტურები პროკურატურასა და სასამართლოებში უნდა შექმნილიყვნენ გარკვეული პერიოდით (3-5 წელი) და ისინი ფუნქციონირებას შეწყვეტდნენ, როდესაც მიღწეული იქნებოდა შესაბამისი შედეგი. ვინ უნდა ყოფილიყო სტრუქტურებში მოსამართლეებად, გამომძიებლებად? – რა თქმა უნდა, ხალხი, რომლებსაც ჰქონდათ შესაბამისი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება და ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო მაქსიმალურად გამჭირვალე პირობებში. აღნიშნული არ არის მარტივი საკითხი, მაგრამ შესაძლებელია.

პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე: უნდა მოხდეს თუ არა 2004-2012 წლებში არსებული პოლიტიკური ხელისუფლების სამართლებრივი შეფასება. რაც დრო გადის, გამოძიება ძნელდება, მტკიცებულებები ნადგურდება.

ხალხმა ძალიან უნდა მოინდომოს...

ზოგი ფიქრობს, რომ სამართლიანობის აღდგენისათვის ხელისუფლების დამხობაა საჭირო და ეს რევოლუციური გზით შეიძლება მოხდეს... არავითარ შემთხვევაში! ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ლეგიტიმური გზა არის არჩევნები. სხვა გზას სამართალი არ ცნობს. თუ ვინმეს ხელები და გონება ექავება რევოლუციური დამხობებისთვის, მან უნდა იცოდეს, რომ რევოლუცია და დამხობა ძალადობასთანაა დაკავშირებული და იგი ისჯება მკაცრად მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლა სამართლებრივად ცალსახად ფასდება როგორც დანაშაული, თუმცა პოლიტოლოგიასა და ისტორიაში რევოლუციების შეფასების სხვა მიდგომებიც არსებობს. რაც შეეხება ზოგიერთი პოლიტიკოსის მოსაზრებას, რომ 1948 წლის 28 დეკემბრის გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის მესამე აბზაცი თითქოს ითვალისწინებს აჯანყების უფლებას, თუ მთავრობა ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ხალხს თითქოს აქვს მისი შეცვლის უფლება, ეს სრული აბსურდია. ხალხს, რა თქმა უნდა, შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს ხელისუფლებას და მათ შორის მთავრობას, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს კონსტიტუციური გზით. სხვა ალტერნატივას სამართალი არ ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0