საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია

რატომ არ გადადგება გიორგი გახარია

496
(განახლებულია 20:21 10.07.2019)
20 ივნისის ღამით მომხდარი მოვლენების გამოძიება კიდევ დიდხანს გაგრძელდება და ამ ეტაპზე ექსპერტები სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას არ ელოდებიან.

ტრაგედიაა ის, რომ დაშავდნენ სრულიად უდანაშაულო და ზოგჯერ იქ შემთხვევით მოხვედრილი ახალგაზრდები. თვალის ჩინს ვერც ბოდიშით დაუბრუნებს ვინმე მაკო გომურს და ვერც სახელმწიფო დაფინანსება უშველის ამ ამბავს. მნიშვნელოვანია, რომ აქციის დაშლისას ძალის გადამეტების გამო აუცილებლად დაისაჯონ როგორც ძალის გადამმეტებლები, ასევე ბრძანების გამცემი პირები, თუ ბრძანება არასწორად იყო ფორმულირებული.

სხვა მხრივ კი არც ხელისუფლების წარმომადგენლები და არც აქციის მონაწილეები უკან დახევას არ აპირებენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ არ დაიღლებიან და რომ რუსთაველის N8 უნდა გახდეს თანამედროვე ხელოვნების ცოცხალი მუზეუმი – აქ მუდმივად უნდა ხდებოდეს პერფორმანსირება როგორც მუსიკის, ასევე ლიტერატურისა და აკადემიური საუბრების. ის სექტემბრიდან აქციების ახალი ძალით განახლებას გვპირდება.

უკან დახევას, თავის მხრივ, არც სახელმწიფო აპირებს. მსხვერპლი უკვე გაღებულია – პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. თუმცა, რომ არა 24-საათიანი დაგვიანება, იქნებ აღარც ყოფილიყო ისტორიაში ეს ქართული ბართლომეს ღამე, ისევე, როგორც 7 ნოემბერი, 26 მაისი – ქართველის ხელითვე ნაგვემი ქართველი.

რამდენიც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ საქართველო საპარლამენტო ქვეყანაა და მინისტრები პარლამენტის წინაშე წარდგებიან შიშითა და მოკრძალებით, ამაში დარწმუნება ყველას გაუჭირდება, სანამ პარლამენტი მინისტრების ნება-სურვილით შეცვლის საკუთარ დღის წესრიგს. ამავე დროს აღმოჩნდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას და, ზოგადად, ქართულ სახელმწიფოს, პოლიციაში ჩატარებული რეფორმებისა და არაერთი ტრენინგის მიუხედავად, უზარმაზარი პრობლემები აქვს პოლიციელის მიერ ადამიანებთან ქცევის თვალსაზრისით. წარმოიდგინეთ, სადაც აქციის დაშლისას სპეცრაზმს შეუძლია იყოს ასეთი სასტიკი და დაარღვიოს კანონი და ინსტრუქცია, რას იზამს იმავე მენტალობის ადამიანი ერთი ერთზე დარჩენილ მოქალაქესთან, მით უმეტეს, დაკავებულთან. გახარიას მოუწევს ამ ვითარებაზე სერიოზულად იფიქროს, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს და რეფორმები დაგეგმოს შსს-ში.

გუშინ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება გაირკვა. შინაგან საქმეთა მინისტრი ექსპერტებს და არასამთავრობო სექტორს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულების ინფორმაციით, გახარია 20 ივნისის ღამის მოვლენებზე მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას და ამავე დროს რჩება თანამდებობაზე. მან ასევე მიანიშნა, რომ გამოძიებას ექნება სათქმელი საზოგადოებისთვის და ეს ძალიან მალე მოხდება.

თუმცა ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ გახარია თავის თავზე იღებს როგორც საკუთარ, ასევე სხვების პასუხისმგებლობასაც და ეს ნათლად ჩანს. მისივე თქმით, ფაქტია, რომ 20 ივნისის ღამეს შსს-ს გარდა რუსთაველზე სახელმწიფო დაცვისა და სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებიც მოქმედებდნენ და ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანის წვლილი ძალიან დეტალურად იყოს გამოძიებული.

ქართულ მასმედიაში ისიც კი დაიწერა, რომ 20 ივნისის ღამე გახარიას მოუწყვეს, რადგან მას მთავრობაში არანაკლებ ბევრი მტერი ჰყავს, ვიდრე ოპოზიციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპერტები ვერ ხსნიან, რატომ ჩაიშალა მოლაპარაკებები, რაზეც ორივე მხარე თანახმა იყო და რატომ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დარბევამდე 20 წუთით ადრე, რომ რეზინის ტყვიები არ იქნებოდა გამოყენებული.

დღევანდელი მოცემულობით, გახარიას წასვლა ბევრს აძლევს ხელს, მაგრამ ამ მომენტმა მინიმუმ შემოდგომამდე და გამოძიების დასრულებამდე გადაინაცვლა. სხვათა შორის, დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც განაცხადეს, რომ მათი გამოძიების შედეგებს საზოგადოება ნოემბერში გაეცნობა.

რკინის კაცად წოდებული კახა თარგამაძე 6 წელი მართავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, დღეს მატროსოვის ციხეში მყოფი ვანო მერაბიშვილი – 8 წელი. „ოცნების“ მინისტრებიდან ყველაზე დიდი შანსი, ყოფილიყო ძლიერი მინისტრი და, შესაძლოა, პრემიერიც, გიორგი გახარიას ჰქონდა. როგორც ჩანს, ეს შანსი რეზინის ტყვიებთან ერთად აფეთქდა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოძიების შედეგების დადება და დამნაშავეების დასჯაა.

მეორე თემაა ის, რომ პოლიტიკოსები ახალგაზრდების გულწრფელ პროტესტს იყენებენ და აქციების დეესკალაციის ნაცვლად ცეცხლზე ნავთის დასხმას ცდილობენ. სავარაუდოდ, ამომრჩეველი ამ ქცევაზეც გასცემს მათ პასუხს. მანამ კი წინ ცხელი ზაფხული და პოლიტიკურად უფრო ცხელი შემოდგომაა, რომელიც გახარიამ, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა და მთლიანად ხელისუფლებამ მშვიდობიანად და გონივრულად უნდა მართოს. გამოსავალის პოვნა და მისკენ სვლაა მთავარი სახელმწიფოსთვის, თორემ გასაპროტესტებელი კიდევ ბევრი რამაა...

496
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვს ოლქს თმობს

0
საქართველოში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში – ისანსა და გლდანში დაიწყებს.

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, თმობს თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვს მაჟორიტარულ ოლქს. ამის შესახებ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყება.

ოპოზიციური პარტია წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში – ისანსა და გლდანში დაიწყებს.

„ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოდის პარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის. ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. ხვალიდან საარჩევნო კამპანიას ვიწყებთ ორ რაიონში, ეს არის ისანი და გლდანი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიზანშია ამოღებული, როგორც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია.

როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა,  რამდენიმე სუბიექტმა ჩათვალა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხელშემშლელი ფაქტორი შეთანხმების მისაღწევად მაჟორიტარულ ოლქებზე და განსაკუთრებით თბილისში საერთო კანდიდატებზე. ამის საფუძველი არ არსებობდა პირველივე დღიდანვე.

„ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და გზას უხსნის ყველა მომსვლელ ოპოზიციურ პარტიას, რომ მოხდეს სრული შეთანხმება და წარმოდგენილები ვიყოთ ყველა ოლქში ძლიერი კანდიდატებით და ყველა სხვადასხვაგვარი ოპოზიცური განწყობის მქონე ამომრჩეველი იქნეს დაკმაყოფილებული არჩევნების დღეს. ვფიქრობ, ამით ბევრი რამაა ნათქვამი. ამას ბევრი არ მოელოდა, მაგრამ ძალიან საწყენი იყო, რომ არ მოელოდა“, - განაცხადა მელიამ.
2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით გამართვა საქართველოს მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა. 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის არჩევნების შედეგებით პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 დეპუტატისგან დაკომპლექტდება

საკონსტიტუციო შესწორებების მისაღებად აუცილებელია 112 ხმა, მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობას მხოლოდ 93 დეპუტატი ჰყავს, ამიტომ მას ოპოზიციის ერთი ნაწილის მხარდაჭერა მაინც სჭირდება.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 11 მარტს დარეგისტრირდა. შესწორებების თანახმად, ახალ საარჩევნო სისტემაში იცვლება ოლქების რაოდენობა, პარტიების გამსვლელი ბარიერი და ადგილების გადანაწილების სისტემა პარლამენტში.

რატომ შეიძლება თქვას უარი „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო აგიტაციაზე >>

წარმოდგენილ ვარიანტში 30 მაჟორიტარული ოლქია, პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი – მხოლოდ 1%. საარჩევნოდ შექმნილმა ბლოკმა კი პარლამენტში მოსახვედრად მინიმუმ იმდენი პროცენტი უნდა მიიღოს, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. ამას გარდა, ხმების დათვლის დროს იმოქმედებს ე.წ. 40%-იანი შეზღუდვა – ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი პარტია ან ბლოკი იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას შეძლებს, ვიდრე მათ პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ერგებათ.

0
მეტროს მგზავრები პირბადეებით

როგორ ემზადება საქართველოს მთავრობა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის

114
(განახლებულია 19:56 04.06.2020)
საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე კორონავირუსის ეპიდემიის გავლენის შესახებ ფართომასშტაბიან კვლევას ჩაატარებს.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. აუცილებელია დეტალური კვლევის ჩატარება კორნავირუსის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე გავლენის კუთხით, რათა მოვემზადოთ პანდემიის მეორე ტალღისთვის, რომელზეც ყველა ლაპარაკობს, განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მუშაობამ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშზე მთავრობის მიერ კრონავირუსთან ბრძოლაში გადადგმული ნაბიჯების შესახებ ნათლად აჩვენა, რომ ეს ძალზე კარგი შესაძლებლობაა სუსტი ადგილების გამოსავლენად.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ანგარიში საფუძვლად დაედება კვლევას, რათა პანდემიასთან ბრძოლა უფრო ეფექტური იყოს.

„იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად ვიყოთ მომზადებული შესაძლო მეორე ტალღისთვის... გვინდა გამოვიყენოთ ეს ანგარიში, როგორც, ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფართო კვლევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად COVID-19-ის ვირუსის, ეპიდემიის ზეგავლენის შესახებ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე – სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება, ადამიანის უფლებები, ბავშვების უფლებები, სამართლებრივი პროცესები და ა.შ. თუ ვამბობთ, რომ ეს არის გლობალური პანდემია, ჩვენ მას ვპასუხობთ ეფექტურად, რამეთუ ვმართავთ რისკებს, შესაბამისად, უნდა გადავაზღვიოთ ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფერო, რათა ადაპტაცია მოხდეს არა მხოლოდ ეკონომიკასთან, არამედ ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთან. ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და დონორები მოგვეხმარებიან მსგავსი კვლევების ჩატარებაში მაქსიმალურად სწრაფ დროში“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს კვლევა შესანიშნავი შესაძლებლობა გახდება იმისთვის, რომ არა მხოლოდ უკეთ მოვემზადოთ მეორე ტალღისთვის, არამედ საქართველოს გამოცდილება გავუზიაროთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.

114
თემები:
COVID-19 საქართველოში