ირმა ინაშვილი

ქართველი „პატრიოტები" მოსკოვში გამგზავრებას გეგმავენ

272
(განახლებულია 16:06 10.07.2019)
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა ქვეყნებს შორის დაძაბული ვითარების ფონზე რუსეთში გამგზავრება გადაწყვიტეს.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსიდან" მოსკოვში ვიზიტს გეგმავენ, დაწერა პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

ოპოზიციონერებმა რუსეთში გამგზავრება ქვეყნებს შორის დაძაბული ვითარების ფონზე გადაწყვიტეს, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრ სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლა დაედო საფუძვლად. ამ ფაქტის გამო დაწყებული აქციის მონაწილეები ანტირუსულ განცხადებებს აკეთებენ და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

„არ დავმალავ, ეს დღეები უკიდურესად დაძაბული შრომის დღეები იყო. ჩვენ ჩვენი წილი ვიშრომეთ, რომ ვითარება განმუხტულიყო და უდაოდ კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენმა შრომამ პირველი ნაყოფი გამოიღო. ჩვენი გუნდის წევრები უახლოეს დღეებში ჩავლენ მოსკოვში", – დაწერა ინაშვილმა.

პარლამენტის წევრები საკუთარი ინიციატივით არაერთხელ იმყოფებოდნენ მოსკოვში. მათი მოთხოვნა მოსკოვში ვიზიტებისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭების თაობაზე პარლამენტმა არ დააკმაყოფილა. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია, თუმცა ქვეყნები მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობენ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები მოსკოვში 2017 წლის ივლისიდან დადიან. ბოლო, მეოთხე ვიზიტი 2018 წლის ნოემბერში შედგა. მოსკოვში სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადა მარშანია, ემზარ კვიციანი, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" ამჟამად პარლამენტში შვიდი ადგილი უკავია.

„თქვენ იცით, რომ ვიზების გაუქმებაზეც ვიყავით შეთანხმებული, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ბევრი სხვა სასიკეთო ინიციატივაც ძალზედ პოზიტიურად განიხილებოდა", – დაწერა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებაზე საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე უარის თქმის შესახებ.

„რუსეთის პრეზიდენტმა ძალზედ ღირსეული და დროული კომენტარი გააკეთა. პირადად მე გამახარა ამ დამოკიდებულებამ. ნამდვილად, ქართულ-რუსულ ურთიერთობებს სიღრმისეულად უნდა მივუდგეთ და ასეთი მიდგომა ორივე მხარისთვის სასიკეთო და ქრისტიანულ ნაყოფს გამოიღებს", – განაცხადა ინაშვილმა.

თბილისში პარლამენტთან საპროტესტო აქციები 20 ივნისს რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და საქართველოს პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დაშლის მიზნით ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. თბილისის ცენტრში მიტინგი დღემდე გრძელდება. ერთადერთი შეუსრულებელი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა.

ანტირუსული რიტორიკის პასუხად რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა – აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 8 ივლისიდან შევიდა.

საქართველოში დაძაბულობის ახალი ტალღა ტელეკომპანია Rustavi2-ზე გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის" წამყვანის გიორგი გაბუნიას სკანდალური მონოლოგის შემდეგ დაიწყო. გაბუნიამ უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მის გარდაცვლილ მშობლებს.

 

272
თემები:
გინება პირდაპირ ეთერში - სკანდალი Rustavi 2-ის ირგვლივ (49)
ირაკლი კობახიძე

კობახიძე: 24 საარჩევნო უბნის მონაცემით ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები იმარჯვებენ

12
(განახლებულია 23:05 31.10.2020)
წინასწარი მონაცემებით, ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტში შვიდიდან ათ პარტიამდე შედის.

 

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik.  მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ რიგ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში თავიანთი კანდიდატების გამარჯვების შესახებ განაცხადა. 

მისი თქმით, ამ დროისთვის 24 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმების  მონაცემებია ცნობილი, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატები პირველივე ტურში იმარჯვებენ. კერძოდ:

– ბოლნისი–დმანისი–წალკა–თეთრიწყაროს მაჟორიტარულ ოლქში 17 უბნის მონაცემებით იმარჯვებს გოგი მეშველიანი – 51,02%

– ახალციხე–ნინოწმინდის ოლქში ორი უბნის მონაცემებით სამველ მანუკიანი – 69,92%

– რაჭა–ლეჩხუმ-სვანეთის ოლქში დათვლილია ერთი უბანი - გოჩა ენუქიძე 86,21%

– ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში ერთი უბნის მონაცემებით - ბეჟან წაქაძე 68,84%

– გურიის საარჩევნო ოლქში – ვასილ ჩიგოგიძე – 62,61%.

ბაქრაძე: „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია ხალხის ნდობის საკმარისი მანდატი>>>

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერის,  გლდანის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ  ნიკა მელიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე.

მელიამ  ეგზიტპოლების შედეგების გავრცელების შემდეგ,  განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძეს პირადად დაურეკავდა. 

ამით ის გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ  თუ „ქართული ოცნების“ სამი მაჟორიტარობის კანდიდატიდან – ლევან კობიაშვილი, სოზარ სუბარი, ირაკლი ქადაგიშვილი – თუნდაც ერთი დამარცხდებოდა ოპონენტთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“,  პოლიტიკიდან წავიდოდა.

„რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა“, – განაცხადა  ირაკლი კობახიძემ.

ქართულმა ტელეკომპანიებმა შაბათს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ეგზიტპოლების შედეგები გაავრცელეს. 

ყველა გამოკითხვაში ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

წინასწარი მონაცემებით, ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტში შვიდიდან ათ პარტიამდე შედის.

12
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
მარნეული, სპეცრაზმი არჩევნებზე

მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული

15
ოპოზიციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ამ უბანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს.

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. მარნეულის მე-3 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

საარჩევნო უბანთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. საარჩევნო უბანზე მივიდა პოლიციის სამმართველოს უფროსი რუსლან იოსელიანიც, რომელმაც მედიის წარმომადგენლების კითხვებს არ უპასუხა და განაცხადა, რომ ჟურნალისტები ყველაფერს პრეს-სამსახურისგან შეიტყობენ.

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების  განცხადებით კი „ქართული ოცნების" წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე შევიდნენ, შუქი ჩააქრეს და ყუთში ბიულეტინები ჩაყარეს.

დღეს მარნეულში მთელი დღის განმავლობაში პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმი იყო მობილიზებული.

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები ორ ავტობუსში და რამდენიმე პიკაპის ტიპის ავტომობილებში არიან განლაგებულები. თუ რას უკავშირდება სპეციალური რაზმის ადგილზე გამოჩენა, ჯერ უცნობია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

15
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020