სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ამ ესკალაციას

235
(განახლებულია 16:54 09.07.2019)
პრეზიდენტმა მოუწოდა ყველას, მათი მოთხოვნები ხალხის წინაშე მშვიდობიანი არჩევნების გზით დააყენონ და საზოგადოების პასუხს დაელოდონ.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. მინდა ყველა ძალას, ქვეყნის შიგნით და გარეთ, მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ, პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციაზე არ გადის, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეაფასა და კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები მშვიდობიანი გზით მოაგვარონ და დიალოგი აწარმოონ.

პრეზიდენტმა მოუწოდა ყველას, მათი მოთხოვნები ხალხის წინაშე მშვიდობიანი არჩევნების გზით დააყენონ და საზოგადოების პასუხს დაელოდონ.

„ყველას შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო პლატფორმა დიალოგისა და შეთანხმების, თქვენივე მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი. პროპორციული სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს. ახალი საარჩევნო კოდექსი ამზადებს კიდევ უფრო სამართლიან არჩევნებს. ყველას მოგიწოდებთ, მშვიდობიანი არჩევნების გზით თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ. ჩემი მხრიდან არაერთხელ მოგიწოდეთ შერიგებისკენ. ცოტა ხნის წინ ასევე შევთავაზე ყველა ძალას საპრეზიდენტო დიალოგის პლატფორმა. ეს შეთავაზება ძალაშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის წინსვლა და სტაბილური მომავალი სურს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიმართა და განაცხადა, რომ არ აჰყვნენ ესკალაციას.

„პარადოქსი იქნება, თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით, რადიკალური ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს. აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება გააგრძელონ.

„და ბოლოს, მივმართავ ჩვენს სტუმრებს: საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს. ქვეყნისათვის ყველაზე დაძაბულ პერიოდებშიც კი არ მომხდარა არც ერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და სტუმრებს და ეს ასე გაგრძელდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ორი დღის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პროგრამა „პოსტ-სკრიპტუმის" კვირის გამოშვებამ პრაქტიკულად მთელი ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო და საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. საავტორო გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსულ ენაზე უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტს და მის გარდაცვლილ მშობლებს. ჟურნალისტის ამ მონოლოგის შემდეგ სოციალური ქსელი კომენტარებით აივსო. გაბუნიას გამოსვლა გააკრიტიკეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარი ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობად შეაფასა. ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა. რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უწყებამ ქართველი ჟურნალისტის საქციელი „უპრეცედენტო სიმდაბლედ“ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ქართული რადიკალური ძალების ღია პროვოკაციაა.

 

235