საპროტესტო აქციები თბილისში: რა ხდება რუსთაველის გამზირზე

„რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია დასრულებულია

196
(განახლებულია 23:01 08.07.2019)
დაუდასტურებული ინფორმაციით, ტელეკომპანიის შენობის წინ შეკრებილებმა ახლახან რუსთაველის გამზირზე გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - თან საპროტესტო აქცია დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ხვალ ისევ შეიკრიბებიან. აქციებს პერმანენტული სახე ექნება იქამდე, ვიდრე ნიკა გვარამია ტელეკომპანიას არ დატოვებს.

დაუდასტურებული ინფორმაციით, ტელეკომპანიის შენობის წინ შეკრებილებმა ახლახან რუსთაველის გამზირზე გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს. უცნობია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რომელ აქციას შეუერთდებიან ისინი.

7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგს დაუყოვნებლივ მოჰყვა ქვეყნის პირველი პირების განცხადებები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა კრიტიკული შეფასებები. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის გამოსვლას საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა უწოდა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“. ქარტიის განმარტებით, „რუსთავი 2“-ის არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს სხვა ქართულ მედიას და მათდამი ნდობას ამცირებს.

რუსთაველის გამზირზე კი ამჟამად ორი აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტის წინ ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა მიტინგი იმართება. ისინი ღირსების მარშის ჩატარებას აპროტესტებენ.

რამდენიმე ასეულ მეტრში, თავისუფლების მოედანზე მეორე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თავი მოიყარეს შს მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. ისინი სამი კვირის განმავლობაში მართავდნენ მიტინგებს პარლამენტთან, თუმცა დილიდან ეს ადგილი „ტრადიციებისათვის მებრძოლებმა“ დაიკავეს.

196
თემები:
გინება პირდაპირ ეთერში - სკანდალი Rustavi 2-ის ირგვლივ (49)