გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერდა

205
(განახლებულია 19:40 08.07.2019)
ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგს დაუყოვნებლივ მოჰყვა ქვეყნის პირველი პირების განცხადებები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა კრიტიკული შეფასებები.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

„რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანომ საკუთარი ინიციტივით განიხილა 7 ივლისს გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმში“ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ მომზადებული საავტორო ტექსტი, რომელიც მან გადაცემის შესავალ ნაწილში წარმოთქვა. თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სრულად შეუჩერდა უფლებამოსილება ორი თვით. ეს შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყავს. გადაწყვეტილების დასაბუთებული ტექსტი გამოქვეყნდება მოგვიანებით „რუსთავი 2“-ის ვებ-გვერდზე“, – ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგს დაუყოვნებლივ მოჰყვა ქვეყნის პირველი პირების განცხადებები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა კრიტიკული შეფასებები. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის გამოსვლას საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა უწოდა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“. ქარტიის განმარტებით, „რუსთავი 2“-ის არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს სხვა ქართულ მედიას და მათდამი ნდობას ამცირებს.

 

205