დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ექსპერტები შეისწავლიან

91
ქართული მხარე აზერბაიჯანთან საერთო საზღვრის 14 შეუთანხმებელი მონაკვეთის თემაზე გასამართი მოლაპარაკებებისგან პროგრესს ელოდება

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები უახლოეს მომავალში დაათვალიერებენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს, შემდეგ კი მოლაპარაკებები გაგრძელდება, განუცხადა პირველ არხს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.

„პოლიტიკური მანიპულაციები დაუშვებელია" – ზურაბიშვილი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების შესახებ >>

ექსპერტების ჩართვის შესახებ შეთანხმება მიღწეულია ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის სხდომაზე 23-24 მაისს. მოლაპარაკებები 8-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა.

„ჩვენ კონტაქტი გვაქვს აზერბაიჯანელ კოლეგებთან, მიმდინარეობს დაზუსტება მონაკვეთების. უახლოეს მომავალში ექსპერტული ჯგუფები უნდა გავიდნენ და ჩაატარონ საველე სამუშაოები. შემდეგი შეხვედრისას ყველა იმ 14 შეუთანხმებელ მონაკვეთზე გავაგრძელებთ მსჯელობას, სადაც არის შესაძლებელი პროგრესის მიღწევა“, – განაცხადა დარსალიამ.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ.

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა აპრილის ბოლოს გააქტიურდა, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ სიტუაცია მაინც დაძაბულია.

საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე ერთობლივი კომისიის მუშაობის აღდგენისთანავე, აზერბაიჯანულმა მხარემ დავით-გარეჯისკენ მიმავალი გზის მშენებლობა დაიწყო. მოლაპარაკებების მეორე დღეს სპეცტექნიკა შეაჩერეს, მაგრამ გზა პრაქტიკულად უკვე გაყვანილი იყო.

„საქართველო არ დათმობს დავით-გარეჯს“ – „პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში აქცია გამართა >>

ორი დღის შემდეგ, მომხდარით აღშფოთებულმა სასულიერო პირებმა, მრევლმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კომპლექსის ტერიტორიაზე ჩაატარეს აქცია-მსვლელობა ლოზუნგით „დავით-გარეჯი - საქართველოა“. აქციის მონაწილეები დაგეგმილზე ადრე დაიშალნენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოწოდების შემდეგ, პროვოკაციებს არ აჰყოლოდნენ.

ხელისუფლებამ მოსახლეობას ყოველგვარი ემოციების გვერდზე გადადებისკენ მოუწოდა, რათა ორი ქვეყნის ხელისუფლებას მოლაპარაკების მშვიდ ვითარებაში გამართვის შესაძლებლობა მიეცეს.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.

აქცია დავით-გარეჯში და ხელისუფლების ოპტიმიზმი: აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები გრძელდება >>

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

დავით-გარეჯის კომპლექსის აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებადი ნაწილი, მათ შორის უდაბნოს მონასტერი, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს.

აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას ქეშიქჩიდაღს უწოდებენ. მათი მტკიცებით, კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა.

91
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (40)