პარლამენტი

„ქართულ ოცნებას“ ოთხი დეპუტატი ტოვებს?!

549
(განახლებულია 22:09 26.06.2019)
დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობას, სავარაუდოდ, ოთხი დეპუტატი, მათ შორის, რომან კაკულია დატოვებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

რომან კაკულია ერთ–ერთი დეპუტატია, რომელმაც დღეს გამართულ სხდომაზე ხმა არ მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს. 

"ვერაფერს ვერ გეტყვით, ყველა დეპუტატი ინდივიდუალურად წყვეტს. ამ საკითხზე ინფორმაცია არ მაქვს", – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.

დადგენილებას, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას, შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, სესიაზე კენჭი დაახლოებით ერთი საათის წინ უყარეს. პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა (ნიკანორ) მელია საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალის წასაყენებლად დღეს დაიბარა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, მელიას მიმართ 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 25 ივნისს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

 

549
თემები:
საქართველოს პარლამენტი (82)