„პოლიციამ იმოქმედა ისე, როგორც უნდა ემოქმედა“ - პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადება

© Sputnik / Vladimir Umikashviliხატია მოისწრაფიშვილი
ხატია მოისწრაფიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე, რისთვისაც პროკურატურამ უკვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზრით, 20-21 ივნისის ღამით საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიციამ იმოქმედა ისე, როგორც უნდა ემოქმედა, განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

​მისი თქმით, ძალის გადამეტების თემა გამოძიების საკითხია და თუ დამნაშავე გამოვლინდება, ის უნდა დაისაჯოს. აღნიშნული კომენტარი მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ დასმული კითხვის პასუხად გააკეთა. 

„სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ, თუ ამ ქმედებების დროს ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ეს არის გამოძიების თემა. თუ გამოვლინდება დამნაშავე, ვინც გადაამეტა ძალას, უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მოისწრაფიშვილის თქმით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე, რისთვისაც პროკურატურამ უკვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები.

ამასთან, მან მასმედიის წარმომადგენლებს შეახსენა პროკურატურის განცხადება, რომელმაც საზოგადოებას მოუწოდა, გადასცენ ყველა სახის მტკიცებულება, რომლებსაც ფლობენ.

თბილისში დაწყებული საპროტესტო აქციების ხელისუფლებისადმი მოთხოვნებიდან პროპორციული არჩევნების ნაწილი უკვე შესრულდა, ნაწილი კი, მათ შორის, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე, ჯერ არ დაკმაყოფილებულა და, შესაბამისად, ეს საკითხი კვლავ დგას მომიტინგეების მოთხოვნათა დღის წესრიგში.

ყველა ახალი ამბავი
0