სალომე ზურაბიშვილი სოფელ გოგოლათში

სალომე ზურაბიშვილი რაჭულ ოდაზე ოცნებობს

86
(განახლებულია 16:00 08.06.2019)
საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რაჭული ოდა „იუნესკოს“ მატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდეს.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რაჭის კუთხეში პატარა ოდის შეძენაზე ოცნებობს.

„ეს მხოლოდ დასაწყისია“: პრემიერ–მინისტრმა რაჭის რეგიონი მოიარა >>

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ისაუბრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.  ზურაბიშვილი ამბროლაურში დაესწრო „მდგრადი განვითარების მიზნების ფესტივალს“, რომელიც გაეროს ეგიდით ჩატარდა. ღონისძიება ეძღვნება რეგიონების შესაძლებლობებს, ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ოდა - ეთნიკურ სტილში აშენებული ხის უნიკალური სახლია, რომელსაც ჩუქურთმები ამშვენებს. ოდას ტიპის სახლები გავრცელებულია მესხეთ-ჯავახეთში, თრიალეთსა და დასავლეთ საქართველოში. სოფელ გოგოლათში სახლების უმრავლესობა არის ოდა, რომელიც 100 წლის წინ არის აშენებული.

„მაინტერესებს და ახლა ვკითხულობდი, ერთი პატარა ოდა ხომ არ იყიდება. ეს არის ჩემი დიდი ხნის ოცნება და უთუოდ განვახორციელებ, რადგან ესეც არის თქვენი ერთ-ერთი ძალა, რომ აქ არის ის ტრადიციული საცხოვრებელი სახლები შენარჩუნებული, რომელიც ხვალ მოიზიდავს არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ მთელ საქართველოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რაჭული ოდა „იუნესკოს“ მატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდეს.

„ერთ-ერთ სოფელში მიმდინარეობს ოდა სახლების კონსერვაცია - შენარჩუნება და მოხდა მისი სტატუსის დამკვიდრება. ინიციატივით გამოვედი, რომ „იუნესკოს“ მატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიტანოთ ოდა სახლები, რადგან ეს საქართველოსათვის ძალიან დამახასიათებელი და განსაკუთრებულია. მთელს მსოფლიოში ტურისტები სწორედ იმას ეძებენ, რაც რაჭაშია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

რაჭა-ლეჩხუმს მეორე შვეიცარიას ეძახიან. რეგიონში კრისტალურად სუფთა ჰაერი, ალპური მდელოები და უამრავი მინერალური წყაროა. მხოლოდ რაჭაში, სოფელ ხვანჭკარაში, გაშენებულია ყურძნის ჯიში, რომლითაც განთქმულ ღვინოს აყენებენ.

მუცოს რესტავრაციის პროექტმა „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო დაიმსახურა >>

ონის რაიონში მდებარეობს სოფელი შოვი, რომელიც საქართველოს ყველაზე მაღალმთიან ბალნეოლოგიურ კურორტად მიიჩნევა. მდებარეობს ზღვის დონიდან 1600 მეტრის სიმაღლეზე. მდიდარია სამკურნალო მინერალური წყაროებით.

კიდევ ერთი კურორტი - უწერა - ქალაქ ონთან 10 კილომეტრში მდებარეობს. უწერა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი მთის ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მდებარეობს.

86
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (65)