დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

დავით-გარეჯი მთავარი თემაა: კობახიძე ბაქოში მიემგზავრება

104
(განახლებულია 19:52 06.07.2019)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანში ივნისში გაემგზავრება

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დემარკაციის და დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხები გახდება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბაქოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს, იუწყება პირველი არხი.

VI საუკუნის დავით-გარეჯის ქართული სამონასტრო კომპლექსი ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის ერთ-ერთ შეუთანხმებელ მონაკვეთზე მდებარეობს. ამ სიწმინდის ირგვლივ ძალიან დაძაბული სიტუაციაა, მიუხედავად იმისა, რომ რვაწლიანი პაუზის შემდეგ, 23-24 მაისს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ერთობლივმა კომისიამ მუშაობა განაახლა.

„ივნისის მესამე კვირაში მაქვს ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში და იქაც ბუნებრივია, განიხილება ეს საკითხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გასულ კვირას, 28 მაისს, სამღვდელოების წარმომადგენლებმა, მრევლმა და სამოქალაქო აქტივისტებმა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გამართეს აქცია-მსვლელობა ლოზუნგით „დავით-გარეჯი - საქართველოა“. ხოლო ავტორიტეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების დაცვის უუნარობაში დაადანაშაულეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ საბოლოო ჯამში ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად საუკეთესო გამოსავლის ნახვას, არაფერი არ არის ისეთი, რაზეც არ შეიძლება დალაპარაკება და მოლაპარაკება, მთავარია რომ სრული ძალისხმევა ჩავდოთ ამ პროცესში“, - აღნიშნა კობახიძემ.

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ ქვეყანაში აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით არ შეწყვეტილა. ამას ისიც დაემატა, რომ, მიუხედავად საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე ერთობლივი კომისიის მუშაობის აღდგენისა, აზერბაიჯანულმა მხარემ დავით-გარეჯისკენ მიმავალი გზის მშენებლობა დაიწყო. სპეცტექნიკა მაშინ შეაჩერეს, როდესაც ქართულ სიწმინდემდე რამდენიმე მეტრი იყო დარჩენილი.

აქცია დავით-გარეჯში და ხელისუფლების ოპტიმიზმი: აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები გრძელდება >>

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას ქეშიქჩიდაღს უწოდებენ. მათი მტკიცებით, კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა.

104
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (40)