ეკა ბესელია

შეძლებს თუ არა ეკა ბესელიას ახალი პარტია ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" ჩანაცვლებას

334
(განახლებულია 10:57 28.05.2019)
ლანა ჩეჩელაშვილი
არის თუ არა სამართლიანი სასამართლოს იდეა ის გასაღები, რომელიც ქართველი ამომრჩევლის გულის კარს მონახავს, ძალიან მალე გამოჩნდება.

ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატები, რომლებმაც ძირითადად პარლამენტში წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მუდმივი მოსამართლეების სავარაუდო სიის გამო დატოვეს უმრავლესობა, ახალი პარტიის შექმნას აანონსებენ.

ეკა ბესელიას თქმით, დეტალებზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა მათი პარტია არა მესამე ძალა, არამედ ხელისუფლების რეალური ალტერნატივა იქნება და ძალიან მალე შეცვლიან „ქართულ ოცნებას“. პარტიის პრეზენტაცია ივნისში გაიმართება. როგორც ბესელია ამბობს, მასში ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ და რაც მთავარია, პარტია უკომპრომისოდ იბრძოლებს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის.

ექსპერტები ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძის, დავით ჭიჭინაძისა და ლევან გოგიჩაიშვილის სახელთან ასოცირებული პარტიის შექმნას სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა თუ საქართველოში არსებულ ტენდენციებს გავითვალისწინებთ, სულაც არ ჩანს შეუძლებელი, პარტიამ 3-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს და პარლამენტში მოხვდეს.

ეკა ბესელია საკმაოდ ცნობილი სახეა. გია ხუხაშვილი კი თვლის, რომ მას საკმარისი მორალური ავტორიტეტი არ გააჩნია პარტიის შესაქმენლად, თუმცა, ვინ იცის... მთავარია, როგორი დაფინანსება და გაშუქება ექნება ახალ პოლიტიკურ ძალას.

არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის მორიგი პროექტია, თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებს ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც ამბობს, რომ ბესელია ბიძინამ გამოაგდო და ის ასეთ თამაშებში მონაწილეობას არ აპირებს.

ვინ იქნებიან პარტიის ახალი სახეები? სწორედ ის ახალგაზრდები, რომლებიც 2007 წლის შემდეგ სააკაშვილის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ბევრი სხვადასხვა კონფიგურაციით ჰქონდათ შეხება გაერთიანებულ ოპოზიციასთან. რაც ყველაზე მთავარია - უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა იციან, რომ პოეტ დავით მაღრაძესთან ერთად მათ გვერდით დგომის სურვილი აქვს ბევრ ისეთ ადამიანს, რომელიც 2012 წელს ქართული ოცნების აქტივისტი იყო, 7 წლის განმავლობაში მათი არსებობა არავის გახსენებია და, ბუნებრივია, განაწყენებულნი არიან. ასეთი კი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია. 

რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობები მთავრობის მიმართ უკმაყოფილოების ტალღას ზრდის. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა მოსახლეობის 37 პროცენტი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არც ერთი პარტია არ გამოხატავს, ხელისუფლება ქუჩაში გდია და არავინაა მისი ამღები. აიღებს თუ არა ახალი პოლიტიკური გაერთიანება იმედგაცრუებული 37 პროცენტის თუნდაც ნაწილის ხმებს, ამის მიმანიშნებელი მთაწმინდის არჩევნებიც იქნება, სადაც შალვა შავგულიძე სწორედ სამართლიანი სასამართლოს იდეით აპელირებს.

...საბოლოო შედეგები კი 2020 წლის შემოდგომაზე შეგვიძლია, დავთვალოთ...

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

334