სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში

„სამი მოთხოვნადი პროფესია" რა უთხრა ზურაბიშვილმა ქართველ სტუდენტებს ლატვიაში

184
(განახლებულია 11:56 15.05.2019)
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ცხოვრებაში ქართული დიასპორისა და ახალგაზრდობის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლატვიაში პირველი ოფიციალური ვიზიტი ქართველ სტუდენტებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო, ნათქვამია პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დიასპორის საუკეთესო პროექტებს საქართველოს ხელისუფლება დააფინანსებს>>>

სტუდენტებმა ზურაბიშვილს თავიანთი სამომავლო გეგმები გააცნეს და აღნიშნეს, რომ ქართველ ახალგაზრდობას, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ, სამშობლოში დასაბრუნებლად მოტივაცია სჭირდება.

პრეზიდენტმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს სტრატეგია, მაგალითად, დაასახელოს პროფესიები, რაზეც ქვეყანაში სამი წლის შემდეგ ყველაზე მეტი მოთხოვნა იქნება. ამ შემთხვევაში ახალგაზრდობა შეძლებს მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით უფრო პრაგმატული არჩევანი გააკეთოს.

მოგვიანებით ზურაბიშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. მისი სიტყვებით, უცხოეთში მცხოვრები ქართველები საქართველოს ელჩები არიან და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილს სწორედ ისინი წარმოადგენენ.

ზურაბიშვილმა დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლების ინიციატივები გააცნო, რომელთა მიზანიც არის სამშობლოში დაბრუნების მსურველი თანამემამულეების მაქსიმალური ინფორმირება ბიზნესის წარმოების წესების, სოფლის მეურნეობის პროგრამებისა და რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის თაობაზე.

საქართველოს განათლების სამინისტროში დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველო შეიქმნა>>>

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ქართული დიასპორის წარმომადგენლების ინფორმირების მნიშვნელობას. განახლებული კონსტიტუციის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები პასპორტს არ დაკარგავენ.

ზურაბიშვილის ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის პირველ პირებთან – პრეზიდენტ რაიმონდ ვეიონისთან, სეიმის სპიკერ ირანა მურნიეცესთან და პრემიერ-მინისტრ კრიშიანის კარინიშთან.

საქართველომ და ლატვიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 11 მარტს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში.

184
თემები:
ქართული დიასპორა (17)