თბილისი

ცესკომ და შსს-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

52
(განახლებულია 11:37 11.05.2019)
შსს-სა და ცესკოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2016 წელს გაფორმდა.

თბილისი, 11 მაისი - Sputnik.  რიგგარეშე და შუალედური  არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვინ იბრძოლებს ზურაბიშვილის სადეპუტატო სავარძლისთვის პარლამენტში>>>

საქართველოში  რიგგარეშე და შუალედური არჩევნები  მიმდინარე წლის 19 მაისს  გაიმართება.

„ცესკო და შინაგან საქმეთა სამინისტრო, უკვე მეოთხე წელია, რაც ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს აწერენ ხელს 2016, 2017 და 2018 წლებში გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე მხარეებმა როგორც პარლამენტის, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და პრეზიდენტის არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით როგორც ერთობლივი ღონისძიებები, ისე სასწავლო პროგრამები განახორციელეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-სა და ცესკოს ურთიერთგაგების მემორანდუმით განისაზღვრა თანამშრომლობის დამატებითი ფორმები და სამართლებრივი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც მხარეები ერთობლივ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ. მემორანდუმის მთავარი პირობა საარჩევნო კანონის მაქსიმალურად დაცვა, შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობა და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნაა. 

შსს-სა და ცესკოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2016 წელს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი IFES-ისა და USAID-ს ხელშეწყობით გაფორმდა.

საქართველოში შუალედური საპარლამენტო და საკრებულოს არჩევნები ჩატარდება საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ოზურგეთში, ჭიათურაში, ტყიბულსა და ზესტაფონში. ამასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ადგილისთვის მთაწმინდის რაიონში 20 კანდიდატი იბრძოლებს – 14 პარტიისა და ბლოკის წარმომადგენელი, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის. დეპუტატის სავარძელი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის დეკემბერში პრეზიდენტი გახდა. ზურაბიშვილი მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო 2016 წლის ოქტომბრიდან.

კანდიდატების რეგისტრაცია ოფიციალურად დასრულებულია.დეპუტატობის კანდიდატებს შორის ექვსი ქალია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ძირითადი ბრძოლა არჩევნებზე გაიმართება მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" კანდიდატს, ცნობილ ექიმ ვლადიმერ (ლადო) კახაძესა და ორი პარტიის - „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და „თავისუფალი დემოკრატების" ერთიან კანდიდატს, ადვოკატ შალვა შავგულიძეს შორის.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელიც „ქართული ოცნების" მთავარ კონკურენტად მიიჩნევა, გადაწყვიტა, რომ საკუთარი კანდიდატი ამ არჩევნებზე არ წარმოადგინოს და თავისი რესურსით მხარი დაუჭიროს „ევროპული საქართველოს" კანდიდატს.



 

52
თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (81)