დავით–გარეჯი

ვნებათაღელვა დავით-გარეჯის ირგვლივ: აზერბაიჯანის ელჩი საპატრიარქოში მივიდა

180
(განახლებულია 22:17 07.05.2019)
საქართველოს საპატრიარქოს პრეს–ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ მდგომარეობის გამწვავება დაუშვებელია.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი ალი ალიევი გასულ უქმეებზე საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდნენ, სადაც დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ შექმნილი ვითარება განიხილეს, დაწერა საკუთარ Facebook–გვერდზე საპატრიარქოს პრეს–ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯღამაძემ.

პრემიერი: აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის თემაზე მოლაპარაკება რთული იქნება>>>

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღით უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მონასტერი დავით-გარეჯის უძველესი სამონასტრო კომპლექსის ნაწილია და საზღვრის სადავო მონაკვეთის გასწვრივ მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე გამართული მოლაპარაკებების შედეგად გზა გაიხსნა, თუმცა აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოებაში ვნებათაღელვა არ დამცხრალა.

„საკითხი ეხებოდა დავით–გარეჯთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას. საუბარში ხაზგასმით ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას ესაჭიროება მოფრთხილება და დაუშვებელია დაძაბულობის გაღვივება, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი უმნიშვნელოვანესი ქართული სიწმინდეა და შექმნილი პრობლემების გადაწყვეტა უნდა მოხდეს სასწრაფოდ“, – დაწერა ჯღამაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საპატრიარქო ინტენსიურად ჩაერთვება სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული საკითხის გადაჭრის პროცესში. 

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახულია ისტორიული პიროვნებები, მათ შორის თამარ მეფე.

დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილი, მათ შორის უდაბნოს მონასტერი, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს. დავით-გარეჯის კომპლექსის ტერიტორიას აზერბაიჯანელი ისტორიკოსები კეშიკჩიდაღს უწოდებენ და ის „აზერბაიჯანის ქვის ხსოვნად“ მიაჩნიათ. მათი მტკიცებით, კომპლექსი კავკასიური ალბანეთის ისტორიას განეკუთვნება.

 

180
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (12)