ვახტანგ ბერიძის წარდგენა

მმართველმა პარტიამ ხულოს მერობის კანდიდატი წარადგინა

48
(განახლებულია 11:43 11.04.2019)
მერის თანამდებობისთვის ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე იბრძოლებს.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" მაღალმთიანი ხულოს მოსახლეობას რაიონის მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე წარუდგინა.

„ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის საკუთარი კანდიდატი წარადგინა>>>

ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება. არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 2017 წელს არჩეულმა მერმა გოჩა მელაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. პოსტი ვაკანტური 2018 წლის ოქტომბერში გახდა.

რაც შეეხება ბერიძეს, მას კარგად იცნობს რაიონის მოსახლეობა. 2018 წელს იყო პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი, მოგვიანებით კი მერის პირველი მოადგილე გახდა. მელაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სწორედ იგი ასრულებდა მერის მოვალეობებს.

„წარმოგიდგენთ საკმაოდ ღირსეულ კანდიდატს – ვახტანგ ბერიძეს. ზემო აჭარა ჩვენი სიამაყეა, თქვენ კი გმირი ხალხი. სხვა არაფერია, თუ არა გმირობა ის, რომ აქ, ზემო აჭარაში ხართ ასე ძლიერად და ინარჩუნებთ ამ ულამაზეს მხარეს. მხარეს, რომელიც გამორჩეულია თავისი უნიკალურობით და, რაც მთავარია, თავისი განსაკუთრებული ხალხით", – განაცხადა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რაიონის ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.

„ყველაზე მთავარია, რომ მერი ყველაზე კარგად, საფუძვლიანად იცნობდეს რაიონის პრობლემებს, რათა ყველაზე კარგად შეძლოს თქვენი ხმის როგორც აჭარის მთავრობამდე, ისე ცენტრალურ ხელისუფლებამდე მიტანა და დაგვეხმაროს ჩვენ უკეთ დავინახოთ თქვენი საჭიროებები, რათა პასუხის გაცემა შევძლოთ", – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ხულოს მერობისთვის, ბერიძის გარდა, საარჩევნო მარათონში ჩაერთო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" რაიონის საკრებულოს წევრი ირაკლი ჯორბენაძე.

საქართველოში 19 მაისს გაიმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ რაიონში – ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის ოლქებში.

 

48
თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (17)