სათამაშო აპარატები

პარლამენტმა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა

140
(განახლებულია 18:36 05.04.2019)
ერთ–ერთი სადავო საკითხი აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის განთავსების ადგილი გახდა.

თბილისი,  5 აპრილი — Sputnik.  საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ.

კაზინო თუ პური? – რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ ფულს ქართველები>>>

შესწორებების ინიციატორი და ავტორი პარლამენტის ექვსი დეპუტატია მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". მათგან ერთ–ერთი ლევან გოგიჩაიშვილია, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა თებერვალში დატოვა.  თავიანთი წინადადება დეპუტატებმა  ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონითა და საზოგადოების რისკებისგან დაცვის სურვილით დაასაბუთეს.  


კენჭისყრაზე გატანამდე თანაპარტიელებმა გოგიჩაიშვილს კანონპროექტის  სხვა დღეს გადატანა შესთავაზეს, რამდენადაც კანონპროექტის ზოგიერთი ფორმულირება შეთანხმებას საჭიროებდა.

ერთ–ერთი სადავო საკითხი აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის განთავსების ადგილი გახდა. შესწორებების თანახმად, აზარტული ან მომგებიანი თამაშების რეკლამის განთავსება აიკრძალება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო ან სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებში, ასევე მათგან 200 მეტრის რადიუსში.
„ამ საკითხის ისტორია უბრალოა. აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ იხილებოდა... მაშინ ბატონ ლევანს შევთავაზეთ რადიუსის შეცვლა და მისი 100 მეტრით განსაზღვრა. ბატონი ლევანი კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ამის გამო კენჭისყრა შეჩერდა. მაშინ იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ახლა კი აღმოჩნდა, რომ იგი წინააღმდეგი არაა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მიუხედავად ამისა, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანის საკითხს დათანხმდა.

კაზინოს დამსგავსებული ქვეყანა ანუ აზარტული თამაშების გამო აღებული კრედიტები>>>

„თუ ყველა თანახმაა კენჭისყრის გამართვის, მაშინ გავმართავთ. პროექტი ჩავარდა და არის მზაობა მოხდეს ანალოგიური კანონპროექტის ინიცირება, მხოლოდ მცირე კორექტივებით. ეს პოლიტიკური პროცესია და პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – აღნიშნა კობახიძემ. 

საბოლოოდ კანონპროექტს მხარი 42–მა დეპუტატმა დაუჭირა.

ძირითადი შესწორებები უნდა შევიდეს კანონში „რეკლამის შესახებ“. სხვა საკითხებთან ერთად, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს აზარტული ან მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების აკრძალვას ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, ბეჭდური მედიის და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით. გამონაკლისი იქნება მხოლოდ ამ დაწესებულებების, როგორც სპონსორების მითითება და მათი ლოგოტიპის ჩვენება.
კანონპროექტის თანახმად, უნდა აიკრძალოს თამაშის დემონსტრირება ან მასთან დაკავშირებული მოქმედებების ჩვენება

შესწორებები ასევე იგეგმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. აღნიშნული ნორმების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 10 ათასი ლარია შემოთავაზებული.

ამჟამად სამორინეში არ უშვებენ 21 წლამდე ადამიანს, ხოლო სათამაშო აპარატების სალონებში - 18 წლამდე. 18 წლამდე ადამიანებს ასევე ეკრძალებათ ლატარიის თამაში.

140
თემები:
საქართველოს პარლამენტი (70)