სანდრა რულოფსი

ზუგდიდის მერის არჩევნები: გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება

199
(განახლებულია 10:25 23.03.2019)
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოფსი საცხოვრებლად ზუგდიდში გაემგზავრება, რათა მერის არჩევნებისთვის მოემზადოს

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატად, საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს წარადგენს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გაერთანებული ოპოზიციის ლიდერების შეკრება გუშინ გაიმართა,  რის შემდეგაც მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროეს.

როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, „ძალა ერთობაშია“ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ყველგან აპირებს.

„ორი დღეა, გაერთიანებული ოპოზიცია კონსულტაციებს ატარებს იმაზე, რა ფორმით და როგორ ვღებულობთ მონაწილეობას შუალედურ არჩევნებში, რომელიც ყველა მოქალაქისთვის არის მომავალი საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია. ერთი გადაწყვეტილება საკმაოდ სწრაფად მივიღეთ. ეს გადაწყვეტილებაა იმის შესახებ, რომ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, სანდრა ელისაბედ რულოვსი იქნება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის ინფორმაციით, დანარჩენ კანდიდატებზე გადაწყვეტილება 24 მარტს დაგეგმილ ყრილობაზე გახდება ცნობილი.

ზუგდიდის, ასევე ჭიათურის, ხულოს, ზესტაფონისა და მარნეულის მერების არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ამ დღეს აირჩევენ პარლამენტის დეპუტატს, ასევე საკრებულოს ცალკეულ დეპუტატებს - საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ოზურგეთში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ზესტაფონში.

როგორც სანდრა რულოვსამა აღნიშნა, მზად არის ბრძოლისთვის და როცა  ყრილობაზე დელეგატების მიერ მისი კანდიდატურა დადასტურდება ის ზუგდიდში გადავა საცხოვრებლად.

„ბრძოლაში შესვლისთვის მზად ვარ. ძალიან მიხარია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის 12 პარტია შევდივართ ამ ბრძოლაში და მათი მანდატი მექნება. ეს ბევრად ძლიერია, ვიდრე ერთი პარტია. ყრილობაზე დელეგატების მიერ ჩემი კანდიდატურა დადასტურდება და მე ზუგდიდში გადავალ საცხოვრებლად“,  განაცხადა რულოვსმა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სანდრა რულოვსი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მეორე ნომერი იყო. არჩევნების შედეგებით, რულოვსი პარლამენტში პარტიული სიით შევიდა. ის სამეგრელოს რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც იყო, მაგრამ არჩევნების პირველ ტურში მმართველი პარტიის კანდიდატთან დამარცხების შემდეგ უარი განაცხადა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ზუგდიდის მერის პოსტი 2018 წლის სექტემბერში გახდა ვაკანტური, მას შემდეგ, რაც ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. 1 ნოემბერს ექს-მერი გოგია და მისი პირველი მოადგილე გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

199
თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (101)