ბახტაძემ ყაზახეთის ახალ პრეზიდენტს მიულოცა

70
(განახლებულია 17:37 22.03.2019)
საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ყაზახეთის ახალმა პრეზიდენტმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარების საკითხები გაიხილეს

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ყახაზეთის პრეზიდენტობა მიულოცა.

ნურსულთან ნაზარბაევმა ყახაზეთის პრეზიდენტის პოსტი დატოვა>>>

ყაზახეთის პრეზიდენტის უფლებამოსილება ყაზახეთის სენატის თავმჯდომარის ხელში მას შემდეგ გადავიდა, რაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა.

„სატელეფონო საუბრისას მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს და აღნიშნა, რომ საქართველო ყაზახეთს მეგობარ სახელმწიფოდ და ძლიერ პარტნიორად მიიჩნევს, რომელთან ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს", - ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერმა და ყაზახეთის ახალმა პრეზიდენტმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოტენციალს გაუსვეს ხაზი.

„მხარეები მიესალმნენ სავაჭრო ბრუნვის ზრდას, რომელმაც 2018 წელს 149 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ასევე აღნიშნეს ტურიზმის კუთხით არსებული დადებითი დინამიკა", - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ბახტაძემ ტოკაევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი 1990 წლის აპრილიდან იყო, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ სამშაბათს განაცხადა. ტოკაევმა ფიცი დადო და ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულებას ოთხშაბათს შეუდგა.

 

70
თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (52)